Tuesday, March 23, 2010

დავით ჩალათაშვილი - 2009 წელი

კიდევ რა შეიძლება მოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება მოიგონოს ნატვრისთვალი. რასაც ინატრებს, შეუსრულდება. რომ თქვას, ყველაზე ბევრი ფული მქონდესო, აუსრულდება, ოღონდ ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს და არ თქვას: აი, ამას მეხი დაეცესო, ეს ადამიანი მოკვდესო, ასეთი სურვილები არ აუსრულდეს. იმ ადამიანის მაგივრად მე ვისურვებდი ჭკუასა და გონებას, - სიბრძნეს. ნატვრისთვალი კეთილ ადამიანს უნდა ჰქონდეს და გონივრულად გამოიყენოს.
ჩემს მეგობარს
ჩემო მეგობარო, მე ძალიან მიყვარხარ, ჩემთვის კარგი და ძვირფასი ხარ. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომივიდა შეცდომა და გაწყენინე.
ერთხელ, როდესაც ეზოში სათამაშოდ ჩავედი და თან ბურთი ჩავიტანე, შენც იქ იყავი, მეგობარო, მე ჩემთვის გავაგრძელე თამაში, შენ ბურთი მთხოვე, მე კი არ გათხოვე. მაგრამ რომ დავფიქრდი, ვინანე. გთხოვ, მაპატიო, ამას აღარ გავიმეორებ.
ჩემმა მეგობარმა კი მითხრა: მე გაპატიებ, ვიცი, რომ კეთილი და კარგი ბიჭი ხარ, ამას აღარასოდეს გაიმეორებ მე შენი მჯერაო.
შემთხვევა ტყეში
მე ტყეში დავიკარგე მაშინ, როცა სოკოს დასაკრეფად წავედი. სოკოს რომ ვკრეფდი, თან სიმღერასაც ვმღეროდი. აქა-იქა იყო სოკო, ხეების ძირში. ბუჩქებთან მივედი, უცბად რაღაცამ გაიფრთხიალა. მე ძალიან შემეშინდა და გავიქეცი. იმდენი ვირბინე, რომ უღრან ტყეში დავიკარგე, გულმა ბაგაბუგი დამიწყო, გველი არ იყოს მეთქი, - ვთქვი გულში. იმდენი ვირბინე, რომ ძალიან დავიღალე. წყალი მომინდა. იქნებ აქვე ვინმე შემხვდეს, წყალი ჰქონდეს და დამალევინოს-მეთქი. მაგრამ არავინ შემხვედრია. ბევრი ვიარე, არავისი ხმა არ გამიგონია, ვინც შინისაკენ მიმავალ გზას მიმასწავლიდა და ძალიან შეშინებული ვიყავი. შიშმა შემიპყრო. გული კინაღამ გადმომივარდა. ალბათ ამნაირ შეცდომას აღარ დავუშვებ და მარტო აღარ წავალ ტყეში. ანდაზაც ხომ გვეუბნება: “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.” ჯერ უნდა დაფიქრდე და მერე უნდა გააკეთო. ასე რომ მოვქცეულიყავი, არ დავიკარგებოდი.
კიდევ კარგი, მოვახერხე ტყიდან გამოსვლა.

უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი ვერაფერს მიაღწევს. ყველაფერი თუ დაეზარა, ვერაფერს გახდება თავის ცხოვრებაში. არც იმუშაოს, არც არაფერი გააკეთოს და უქმად იჯდეს, მას არაფერი გამოასწორებს. რასაც ეტყვი, ერთ ყურში შეუშვებს, მეორე ყურიდან გამოუშვებს. ასეთ ადამიანს “უქნარას” ეძახიან. მაგნაირ კაცს არაფერი არ ენაღვლება, გინდაც შენი იყოს და გინდაც სხვისი. ასეთ კაცს კაცი არ ჰქვია, იმიტომ რომ ყველაფერი ეზარება. მას ღმერთი არ წყალობს. ხომ გაგიგონიათ ანდაზა: “უქნარა კაცისთვის ყოველი დღე უქმეაო.”
მე არასოდეს ვიქნები ზარმაცი, მინდა, რომ კარგი ცხოვრება მქონდეს.
ღიმილის ფასი
ღიმილს იმიტომ აქვს ფასი, რომ ვინც იღიმის, უფრო მხიარული და გულკეთილია. ასეთი ადამიანი მინახავს. როცა მაღაზიაში ან აფთიაქში მგზავნიან ხოლმე, მხვდება. ის, ვინც სულ არ იღიმის, არ იცინის და სულ იბღვირება, - შუბლს არ ხსნის. ჩვენი მასწავლებელი სულ იღიმის და ხანდახან გვაცინებს ხოლმე. ხან ჩემი კლასელები მაცინებენ, ისინი მხიარულები არიან. მეც მხიარული ვარ. ზოგჯერ მინახავს ადამიანი, რომელიც იბღვირება, წუწუნებს, სულ ამბობს, ის მინდა, ეს არ მინდა! ის, ვინც ბუზღუნებს და ამბობს, დედა, ეს მიყიდეო, დედამისი ზოგჯერ ეუბნება: ფული არ მაქვს და ვერ გიყიდიო, მერე გაიბუტება და ბუზღუნებს, შუბლს არ გახსნის. ბევრჯერ შევსწრებივარ ამ ამბავს. არ სჯობს, იყო გაღიმებული? ზოგჯერ დედაჩემისთვის მითქვამს: რამე მინდა-მეთქი. ამასაც ყოყმანით ამოვღერღავ ხოლმე. იმიტომ, რომ არ მინდა, დედაჩემი ცუდ გუნებაზე დავაყენო.
ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან კარგი. რასაც ვერ გავიგებთ, გვიხსნის კარგად, ათჯერ აგვიხსნის, რომ ჩვენ კარგად ჩავწვდეთ. მანანა მასწავლებელი ყველას სჯობია. ის ძალზე ჭკვიანია და ყველას გვიყვარს.
ერთხელ მანანა მასწავლებელი ცუდად გახდა და ამის გამო ყველა ცუდად იყო. მანანა მასწავლებლის გარეშე, ჩემი კლასელები და მეც კარგ ხასიათზე არ ვიყავით. იგი მეორე დღეს მოვიდა და ასე გვითხრა: ძალიან მოვიწყინე, სკოლაში რომ არ ვიყავიო, თქვენთან ყოფნას არაფერი სჯობსო.
მანანა მასწავლებელი ჩემს კლასელებს და მეც გვიყვარს. თერთმეტ დეკემბერს მისი დაბადების დღეა და დიდი სიყვარულით ვულოცავთ ხოლმე.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ბავშვებო და უფროსებო, გთხოვთ, ქართულად ილაპარაკოთ. პირადად მე და დანარჩენებსაც არ მოგვწონს, რომ ქართულად არ ლაპარაკობთ. რადგანაც ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო. აქ ქართველები ქართულად საუბრობენ. რუსულად და სხვა ენაზე რუსეთში და სხვა ქვეყნებში ისაუბრეთ. ამით ქართულს ამახინჯებთ! ქართულ ენაზე უნდა ისაუბროთ. ჩვენი მასწავლებელი სულ გვაფრთხილებს, რომ ქართულად ვისაუბროთ. ცუდია, რომ ვერა და ვერ გადავეჩვიეთ სხვა ენაზე საუბარს. მაგრამ, ვეცადოთ, რომ მეტი წილი ქართულად ვისაუბროთ. როცა ვკითხულობთ წიგნებს, ზოგჯერ შეცდომით ვკითხულობთ. ამას რომ ხედავდნენ მწერლები, ასე იტყოდნენ: “ეს რა ადამიანები არიანო! ქართულად ლაპარაკი არ იციან, არადა ქართველები ჰქვიათო.” სირცხვილით როგორ უნდა გამოჩნდე ეზოში, ყველა გაიგებს და დაგვცინებს. ამიტომ ქართულად უნდა ვისაუბროთ. წარმოიდგინე, რომ ვიღაცა მოვიდეს უცნობი და გითხრას ინგლისურად: შენ რა გქვია და სადაური ხარო? შენ კი ინგლისური არ იცოდე, რას იზამ? ხომ გული დაგწყდება და ეტყვი, ეს ინგლისი არ არისო. ეტყვი, მაგრამ იგი ვერაფერს გაიგებს და ინგლისურად რაღაცას გეტყვის. შენ მოგბეზრდება, იმ ადამიანს იქვე მიატოვებ.
თქვენ შვილებსა და შვილიშვილებსაც ასწავლეთ, რომ საქართველო უნდა უყვარდეთ, ქართული უნდა უყვარდეთ. თავიანთი ქვეყანა უნდა დაიცვან.
დაკარგული ნივთი
ერთხელ სათამაშო დამეკარგა. ის სათამაშო ძალიან მიყვარდა. ჩემი სათამაშოს გამო დავიწყე ტირილი. ვიფიქრე წავალ, ბავშვებთან ვითამაშებ და იქნება დამავიწყდეს ეს ამბავი-მეთქი. მაგრამ მაინც მასზე ვფიქრობდი. გავიდა ერთი კვირა. მაინც არ დამავიწყდა. გული მკარნახობდა, რომ უნდა მომეძებნა. ღამეც ვეძებდი. ვერ ვიპოვნე. მეორე კვირას როგორც იქნა, ვიპოვნე და სიხარულისგან ავტირდი.
ეს ამბავი მოხდა ჩემს სოფელში. მაშინ არდადეგები იყო. ერთხელ კი ჯვარი დამეკარგა. დავიწყე ფშლუკუნი ანუ ტირილი. სამი კვირა ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვნე. ჩემი მეგობრებიც დამეხმარნენ მოძებნაში. როგორც იქნა, ძლივს ვიპოვნე და ავტირდი. ალბათ ეს სიხარულის ცრემლები იყო. ვინმე რომ რამეს ჰკარგავს, ის ადამიანი ძალზე მეცოდება. გუშინ რომას კალამი დაეკარგა. ის კალამი ძალიან უყვარდა. მაგრამ ისევ იპოვნა. ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ ვპოულობდით. როცა სახლში უნდა წასულიყო, დანიელმა თორნიკეს მერხში იპოვნა. რომას ძალიან გაუხარდა.
ერთხელ კი დედას ორმოცდაათი ლარი დაეკარგა, მოკვდა ტირილით. მაგრამ მეორე დღეს თმების შესაჭრელად წამიყვანა და გზაში ორმოცდააათლარიანი ვიპოვნე. დედა, გუშინ რომ ფული დაგეკარგა, აი, ვიპოვნე-მეთქი, - ვუთხარი. მას ძალიან გაუხარდა. მეც ასევე გამეხარდა. შინ რომ მივედით, ეს ამბავი მამას მოვუყევი. მთელი ოჯახი გახარებული ვიყავით.
მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებს განსაკუთრებით კარგად ვასწავლიდი მათემატიკას. მგონია, რომ კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი, ისეთი, როგორიც მანანა მასწავლებელია. თუ კარგად ისწავლიდნენ, სანიმუშო ყოფაქცევისა და სწავლისათვის მადლობას გამოვუცხადებდი და სიგელსაც გადავცემდი. მე კი კარგი მასწავლებლობისათვის მადლობას მეტყოდნენ.
პეპელა
მე პეპელა ვარ. სამი დღე ვცოცხლობ. ამიტომ, ბავშვებო, გთხოვთ, ნუ დამიჭერთ და ნუ მომკლავთ. სამი დღე დამრჩა სიკვდილამდე, იქნებ სამ დღეში ტკბილად ვიცხოვრო? მე ნელ-ნელა დავფარფატებ და ჭრელი ფერებით ვარ მორთული. გთხოვთ, ნუ მიჭერთ და სიცოცხლეს ნუ გამომასალმებთ. ყვავილის ნექტრით ვიკვებები. ჭუპრიდან ვიბადები. გაზაფხულობით და ზაფხულობით დავფრინავ. მინდა, რომ უფრო მეტი ხანი ვიცოცხლო. მაგრამ რას ვიზამ? ღმერთმა ასე ინება. მე სიწყნარე მიყვარს. გაზაფხულზე ნაკადული მიედინება და ყვავილები სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ. მე დავფარაფატებ. მიყვარს სასიამოვნო სურნელი. ასე ვცხოვრობ, მალე შევხვდებით ერთმანეთს! მომენატრებით ძალიან. ძალზე მიჭირს თქვენთან დამშვიდობება. ჩემო საყვარელო ბავშვებო, მიყვარხართ. როცა ბავშვები ჩემს დაჭერას არ ეშვებიან, მე იძულებული ვხდები, ჩემი ოინებით ვაჯობო, სწორედ ჩემზეა ქართული ხალხური ანდაზა: “ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.” მიყვარხარ, ჩემო საყვარელო მხარევ! მინდა, მეტი სიკეთე ჩაიდინოთ ჩემო პატარებო. კარგად ისწავლეთ!

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .