Saturday, March 27, 2010

რომა გიორგაძე - 2009 წელი

მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებს ვასწავლიდი მათემატიკას, ქართულს, რელიგიასა და ბუნებას. ვასწავლიდი კულტურასა და ჭკვიანად მოქცევას. საშინაო დავალებას მივცემდი, რომ სახლში გაეკეთებინათ. ბევრ მაგალითს ამოვახსნევინებდი, რომ ჩემი მოსწავლეები ჭკვიანები ყოფილიყვნენ. მათ კი ძალიან ვეყვარებოდი და ყველანი ერთად ბედნიერები ვიქნებოდით.
იქნებ მართლა მასწავლებელი გამოვიდე? რა ვიცი . . .
ტყეში
მე რომ ტყეში დავკარგულიყავი, დავფიქრდებოდი, საით წავსულიყავი, მაგალითად, სულ პირდაპირ ვივლიდი. მე იმის იმედი მაქვს, რომ თუ სულ პირდაპირ ვივლი, ტყიდან გამოვალ. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე ცხოველების მეშინია. თითქოს მართლა დავიკარგე: მივდივარ და თან ვფიქრობ: რა გავაკეთო, იქნებ ქოხი ავაშენო-მეთქი. ასეც მოვიქეცი. იქ კი უსაფრთხოდ ვიყავი, ცოტა ხანიც გავიდა, გამოვედი ქოხიდან და გზას გავუდექი და რომ მივდიოდი, ხეებზე ჯვარედინებს ვტოვებდი, რომ წრეზე არ მევლო და გასასვლელი მეპოვა.
როგორც იქნა, ტყიდან გამოვაღწიე. მეორედ მარტო აღარ წავალ!
ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან ჭკვიანი, გულთბილი, კეთილი. მათემატიკაში კარგად გვიხსნის და ამიტომაც კარგად ვიგებთ. მასწავლებელი არის კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გვეჩხუბება, ის მხოლოდ ცდილობს, რომ გაგვაგებინოს. ჩვენ მასწავლებელს აქვს თერთმეტ დეკემბერს დაბადების დღე. ჩვენ ბავშვები ხანდახან მასწავლებელს მისალოც კონვერტებს ვუკეთებთ. ჩვენი მასწავლებელი ახალ მასალას კარგად რომ გვიხსნის, მერე უკვე ადვილად შეგვიძლია ჩავაბაროთ გაკვეთილი. მე მასწავლებელი ძალიან მიყვარს.
პეპელა
მე ვარ პეპელა და ძალიან მიყვარს ფრენა. მე მაქვს სამი დღის სიცოცხლე და ამით ძალიან ვამაყობ. მიხარია, პეპელა რომ ვარ, ყველგან აფრენა შემიძლია, ისეთ სიმაღლეზე ავალ, რომ ვერავინ აფრინდება ამხელა სიმაღლეზე. მე ვიკვებები ყვავილების ნექტრით. ჩემს თავს ვუვლი, ვიჩეკები ჭუპრიდან. მე ძალიან მიყვარს და-ძმა და მშობლები. კიდევ მაქვს ერთი დღე. კარგად!
დაკარგული ნივთი
ერთხელ, როცა ვიყავი ექვსი წლისა, ეზოში ჩავედი და მანქანა გავიყოლე. იმიტომ ამოვარჩიე ის მანქანა, რომ ჩემი მეგობარივით იყო. ჯიბეში ჩავიდე და წავედი. ეზოში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და მეც მომინდა მათთან თამაში. უცბად მანქანა ჯიბიდან გადმომივარდა, მე ვერ ვიგრძენი, ის თითქოს მიწაში ჩავარდა. დავამთავრე ფეხბურთის თამაში და სადღაა მანქანა! ძალიან დამწყდა გული. ავედი სახლში აქვითინებული და დედაჩემმა მითხრა: რა მოგივიდაო? ჩემი საყვარელი მანქანა დავკარგე-მეთქი, - ვუპასუხე. გავიდა კიდევ ორი დღე, ჩემი მანქანა არსად ჩანდა. ვიყავი დაღონებული.
ერთხელ აივანზე გავედი და იქ ჩემი მეგობრები იყვნენ შეკრებილნი. მე გამიკვირდა, რას აკეთებენ-მეთქი. ისინი ყვიროდნენ: “დაკარგულია მანქანა, წითელი ფერის, გონჩი!” რომ დავინახე, ჩემი მანქანა ეჭირათ, სიხარულისაგან კინაღამ მოვკვდი. კიბეებზე ჩავირბინე და გამოვართვი. სიმართლე გითხრათ, მე ის მანქანა ძალიან მიყვარდა და ამის შემდეგ არაფერი დამიკარგავს.
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
კაცმა თუ წიგნი არ წაიკითხა, არაფერი არ ეცოდინება. უსწავლელი კაცი თუ ვინმე არის, ესე იგი, მას წიგნი არ უყვარს. ადამიანი პატარაობაში თუ სკოლაში არ ივლის, არაფერი არ ეცოდინება: არც მათემატიკა, არც ქართული და ასე შემდეგ. ადამიანს თუ წერა-კითხვა არ უყვარს, მაშინ მას ზარმაცს უწოდებენ. ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, რომ მომავალში რამეს მიაღწიოს. უსწავლელი კაცი თავის ცოლ-შვილს როგორღა გადაარჩენს? თუ არ იმუშავებს და ხელფასს არ აიღებს, დაიღუპება. უსწავლელი კაცი ცხოვრებაში არ გამოდგება, ღმერთიც არ დაეხმარება და ყოველთვის მარტო იქნება.
ღიმილის ფასი
ვინც იღიმის, მასთან ურთიერთობა შეიძლება. მე მგონია, ვისაც ღიმილი არ შეუძლია, შეხედავ და შეგზიზღდება, სულ შუბლშეკრულმა არ უნდა იარო. თუ სტუმრად წახვალ და შუბლშეკრული იქნები, ხალხს ეს არ ესიამოვნება. ბრაზიანი არ უნდა იყო, სწორედ ეგ გიშლის ღიმილში. უნდა იყო მხიარული. არასოდეს არ უნდა გააკეთო ისეთი რამე, რომ მერე შეგრცხვეს. მე ვარ ძალიან მხიარული, სულ ვიღიმი, ვარ სასაცილო. შეიძლება შენ ძალიან ლამაზი კბილები გქონდეს და ადამიანი მოხიბლო შენი ღიმილით. მე მგონია, ვინც იცინის, ის ბედნიერია.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ქართველმა ქართულად უნდა ილაპარაკოს. ამისათვის საჭიროა ბევრი წიგნის წაკითხვა. თუ ბევრ წიგნს წაიკითხავ, ენაც მიეჩვევა სწორ ლაპარაკს. ეს ყველა ადამიანისთვისაა საჭირო. მართალია, ქართველი ხარ და ქართულად უნდა ილაპარაკო, მაგრამ უცხო ენებიც უნდა იცოდე. თუ ქართული იცით და სიტყვებს ვერ ალაგებთ, სირცხვილია. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველამ ქართულად ილაპარაკოთ. ქართველებმა ზოგიერთი ხალხის ენა არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის სირცხვილი. ჩვენ არ გვესმის მათი ენა, ისინიც ვერ იგებენ ჩვენს ენას. საქართველოში უნდა ვილაპარაკოთ გამოთქმით და ქართულად.
გზა
გზა არის ყველანაირი: ზოგი ვიწრო, ზოგიც ფართო, ზოგი ორმოებიანი, ზოგი კი - ძალიან, ძალიან გრძელი. გზა ყველა ადამიანისთვისაა შექმნილი. ის იმისთვისაა, რომ ყველამ იაროს თავის საქმეზე. გზა აუარებელია. თუ იცი, საით უნდა წახვიდე, გზა აუცილებლად მოგეხმარება მისვლაში. ძალიან ვიწრო გზას ჰქვია ბილიკი, ბილიკი კი უამრავია ტყეში.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ჩვენ პატარა ადამიანები ვართ და ჩვენი საქმე სწავლაა. სკოლაში, ოჯახში გვასწავლიან ერთმანეთის სიყვარულსაც, რადგან ეს ერთადერთი გზაა უფლისაკენ. თუ პატივისცემას პატარაობიდანვე მივეჩვევით, დიდობაშიც მოსიყვარულენი და მზრუნველნი ვიქნებით.
მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლობლები, კლასელები, მასწავლებლები. მოწიწებით ვეპყრობი მათ და ისინიც ყოველთვის გულში მიკრავენ. ამიტომ სჯობს, რომ ერთმანეთს გულები გავუთბოთ და ქვეყანაზეც მშვიდობა იქნება.

No comments:

Post a Comment