Monday, May 3, 2010

ნინო მეტრეველი - 2010

„სჯობს სახელისა მოხვეჭა“

ადამიანი უნდა ცხოვრობდეს მშვიდად და ბედნიერად, ფიქრობდეს სახელის მოხვეჭაზე. ეს ნიშნავს: წესიერად მოიქცეს საზოგადოებაში, იყოს კეთილი. ხოლო თუ ცუდად მოიქცევა, ზარმაცი, უქნარა, ბოროტი და ამპარტავანი იქნება. ჩათვალე, რომ შენგან ადამიანი არ დადგება, არავინ შეგიყვარებს. ამიტომ გვირჩევნია, კარგად ვისწავლოთ, დამჯერნი და ჭკვიანები ვიყოთ და ბავშვობიდანვე ვიფიქროთ სახელის მოხვეჭაზე.

რა არის ბავშვობა

ბავშვობა არის ბედნიერება დიდობასთან შედარებით. როცა დიდი გაიზრდები, შენს ბავშვობას გაიხსენებ და გული სიხარულით გევსება. მე ჯერ პატარა ვარ. თითქმის ყველა ჩემს თანატოლს სურვილი უჩნდება, იყოს დიდი, ჰყავდეს შვილები და ბედნიერად ცხოვრობდეს. ახლა დიდებს ჰკითხეთ, თუ ისევ წარსულში დაბრუნება არ უნდოდეთ!
წარსულის დაბრუნება მხოლოდ მოგონებებით შეიძლება. რომ გავიზრდებით, გავიხსენებთ ტკბილზე ტკბილ ბავშვობას და გაგვეღიმება.

ჩემი ძილისპირული

ჩემი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ერთხელ, შუადღისას, როცა მამა მაძინებდა, წამიკითხა ზღაპარი წითელქუდაზე. მე მაშინ ბევრი ვიტირე, როცა მგელმა შეჭამა წითელქუდა. მამაჩემი მამშვიდებდა და თან იცინოდა. სულ მაინტერესებდა, როგორ ამოიყვანეს მგლის მუცლიდან წითელქუდა და მისი ბებია.
ახლა, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს ზღაპარი იყო და არა რეალობა. ტყუილად ვნერვიულობდი და ვტიროდი.
ამ ამბავს რომ ვიხსენებ, გული სიყვარულით მევსება და სიცილით ვკვდები.

ოცი წლის შემდეგ

გავიზარდე, დავოჯახდი, დამოუკიდებელი ადამიანი გავხდი და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მაგალითად, პატარაობაში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და სულ ვეშმაკობდი. დედა მეუბნებოდა: გაჩერდი, ნუ ატყუებ შენს მამიდაშვილებსო, მაგრამ მაინც ვეშმაკობდი და დედას არ ვუჯერებდი. ახლა კი ძალიან წყნარი და ალერსიანი ვარ. ხანდახან, როცა ჩემი პატარაობა მახსენდება, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ის ეშმაკუნა და ცელქი გოგო ვარ, როგორიც ვიყავი.
ახლა ჩემს ცხოვრებაზეც ვილაპარაკოთ: მე იურისტი ვარ. ამ სპეციალობაზე ჩაბარება ადვილი არ იყო. პირველ გამოცდაზე ერთ-ერთმა იურისტმა მკითხა: ჩემო ლამაზთვალება გოგონავ, ვისი ხარ? გეტყობა, ისეთი ადამიანის შვილი ხარ, ვინც უჭკვიანესი და უფლის მიერ შექმნილი ანგელოზიაო.
როცა ეს სიტყვები მითხრეს, თვალებიდან ოქროს ცრემლები წამომივიდა. აი, ასე ჩავაბარე იურიდიულზე და დღესაც კარგად მახსოვს ეს სიტყვები.

ჩიტები ზამთარში

ჩიტები პატარა და საყვარელი არსებანი არიან, ამიტომ ფრთხილად, ალერსიანად უნდა მოვექცეთ, მოვეფეროთ. ისინი ზაფხულობით ჭიკჭიკით გვაღვიძებენ და ლამაზ დილას გვითენებენ. ზამთარში კი ჩიტები აღარავის ახსოვს. ვინ იცის, სად დაფრინავენ და სად პოულობენ საჭმელს. ასეთ გამყინვარებაში ძაღლსაც არ გააგდებენ გარეთ.
ბავშვებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: თუ ზამთარში თქვენს ფანჯარასთან ჩიტები მოფრინდებიან, აუცილებლად დაუყარეთ საკენკი!

ცისარტყელა

გამარჯობათ, მე ლამაზი და მხიარული ცისარტყელა გახლავართ. ხანდახან, როცა წვიმა გადაიღებს, მაშინ ვჩნდები და ჩემს საყვარელ ბავშვებს თავს ვაწონებ არა მარტო ფერებით, არამედ ჩემი სიყვარულით. ალბათ, ყველამ იცით, რამდენი რამ მიკავშირდება მე. მაგალითად, ბავშვების გახარება და გამხიარულება, სიყვარული, სიკეთე და სხვა. ვაი! ყველაზე მთავარი დამავიწყდა! მე ხომ მშვიდობისა და იმედის სიმბოლო ვარ! ყველა მწერალი იმაზე წერს, რომ ცისარტყელა იმედის სიმბოლოა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველას გიხდით მადლობას, ასე რომ გიყვარვართ და მაფასებათ. მე კი გპირდებით, რომ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, გაგამხიარულებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
აბა, კარგად, მეჩქარება, შოტლანდიაში უნდა წავიდე. გკოცნით!

შავ კორტოხზე შავი მუხა

ზაფხულის თბილი დღე იყო. იმ დროს არდადეგები მქონდა და სოფელში ვიყავი. ბიძაჩემმა ტყეში სოკოს დასაკრეფად წამიყვანა. უეცრად შავ კორტოხზე მდგარი მუხა დახინახე და მივუახლოვდი. მან მკითხა:
- გინდა ჩემთან მეგობრობა?
- კი, მაგრამ როგორ ლაპარაკობ? შენ ხომ სხვა ხეებს ჰგავხარ! - გამიკვირდა მე.
- ამ ქვეყნად, ჩემო ლამაზო, ბევრი სასწაული ხდება, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, თუ გესაუბრები, - მიპასუხა მუხამ.
მე დავთანხმდი მეგობრობაზე და სახელიც შევურჩიე: „ბელა გაბელაია“ დავარქვი, ჭკვიანი და ლამაზი გოგონას სახელი. ამიერიდან მას მეგობრად მივიჩნევ და სამუდამოდ ჩემთან იქნება.
ჩემო მშვიდო, გონიერო, ლამაზო ბელა, მე შენ ძალიან მიყვარხარ!

No comments:

Post a Comment