Monday, May 3, 2010
თორნიკე ომიაძე - 2010
რომა გიორგაძე - 2010
ასე გადის ზამთარი. ის ფრინველები, რომლებიც თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, თავიანთ ბუდეს პოულობენ და ეხუტებიან. ასეა ყოველ წელს.
როგორც მოგახსენეთ, ვარ სკოლის დირექტორი და ხანდახან მაქვს კრება. თუმცა, რადგან დირექტორი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გავაკეთო. მთელი ოცდაოთხი საათი ვფიქრობ, გაზის ფული როგორ გადავიხადო. დირექტორობა არის განსაკუთრებული რამ. შეჩვევა ძალიან ძნელია. ჩემი აზრით, სკოლის დირექტორი უნდა იყოს ძალიან გამოცდილი ადამიანი. უნდა დაეხმაროს ღარიბებსაც განათლების მიღებაში. აი, ეს არის ვაჟკაცური დირექტორობა!
სკოლაში რომ მოვედით, მე და ჩემი კლასელი ფეხსაცმელს ვიხდიდით. მარის ვუთხარი, სახეზე ლაქა გაქვს და „ჰერიოზე“ ვეღარ გამოხვალ-მეთქი. მარის თვალებიდან კინაღამ ცრემლები წამოუვიდა. მე გამეცინა და მარი დავაწყნარე, ეს ხუმრობა იყო-მეთქი. ჩემს სიცილს საზღვარი არ ჰქონდა.
იმ დღეს წებო მქონდა წამოღებული. გადავწყვიტე, ჩემს გვერდით მჯდომს, ანუ ნიკოლოზს გავხუმრებოდი და გავაკეთე ასეთი რამ: იმ სკამს, სანამ ნიკოლოზი მოვიდოდა, წებო წავუსვი. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი წებოზე დაჯდა. დიდხანს ვერ დგებოდა, ბოლოს კი მაინც გავათავისუფლე. 1 აპრილი ყველაზე მაგარი დღეა!
ნინო უსენაშვილი-2010
შვიდი ხმის საიდუმლო
როგორ მინდა, რომ ივნისში ვერეს ხეობაში ვიმოგზაურო და დავათვალიერო შესანიშნავი ბუნება, წამოვკოტრიალდე მდელოზე და გათენებისას შვიდი ხმის საიდუმლო ამოვიცნო...
ოცნება ამიხდა. მე ახლა ვერეს ხეობაში ვარ. უკვე თენდება... დავეწაფე წყაროს და შევსვი... დავინახე, რომ შიგ საბურავები და ფოთლები ეყარა. ამასობაში გაისმა პირველი ხმა: ციყვი ფუღუროში შეძვრა, ესეც მეორე ხმა! სადღაც შორს ტურის ყმუილი მოისმა. ისე შემეშინდა, რომ თავი კინაღამ ხეს მივარტყი და თუ თავს მართლა გავიტეხდი, მართლა ბუნების მესაიდუმლე გავხდებოდი. შემდეგ გაისმა ხვლიკის ფაჩუნი ბუჩქებში. მეოთხე იყო იხვის ჭუკის ხმა, თითქოს თავი გაიტეხაო. მეხუთე ხმა კატის კნავილი იყო, სად წამოსულა! შემდეგ პატარა მერცხალი აწივწივდა, მეშვიდე ხმას კი არ გავამხელ - მე ხომ უკვე ბუნების მესაიდუმლე ვარ!
ცა რომ სარკე იყოს
ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდი, როგორ ატარებენ დროს ჩემი მეგობრები. დავინახავდი იმ პატარა ნებიერა ჩიტს, რომელიც ცაში, ანუ სარკეში თავს იწონებს. დავინახავდი იმ უკიდეგანო სივრცესაც, რომელიც ჩემს თვალწინაა გადაშლილი. მზის სხივივით შევიჭყიტავდი ფანჯრებში და მეცოდინებოდა, ვინ სწავლობდა ბეჯითად.
ცა რომ სარკე იყოს, სასარგებლო იქნებოდა პოლიციისათვის, რადგან დამნაშავეს დაინახავდნენ და დაიჭერდნენ. ეჰ, ნეტავ იმდენად გამჭვირვალე იყოს ცა, რომ ყველას გულში ჩახედვა შემეძლოს! ასე ყველას ტკივილს გავიგებდი და დავეხმარებოდი. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ზემოთ ავიხედავ და დავიყვირებ: მე აქა ვარ, ცაო!
ჩემი ძილისპირული
ძილის წინ დედა ან ბებო მიყვებოდა კეთილ ამბავს, რომელიც სასაცილოც იყო. მე სიცილით ვკვდებოდი. კარგად მახსოვს ის ღამე, როცა დედამ „მამაო ჩვენო“ მასწავლა. იმ ღამით სულ ლოცვას ვიმეორებდი და ვცდილობდი, ჩემი ბავშვური გონებით გამეშიფრა.
ძალიან მიყვარდა “წითელქუდაც“, რომელიც პირველად დედამ წამიკითხა და მე ხშირად ვთხოვდი, კიდევ წაეკითხა ეს ზღაპარი ჩემთვის. არ ვიცი, რამდენი კეთილი ამბავი მაქვს მოსმენილი. ის კი მახსოვს, ყველა ბოლოვდებოდა იმით, რომ სიკეთე ამარცხებდა ბოროტებას.
ჩიტები ზამთარში
როცა სახლში ხარ და თბები, არ იცი, რა ხდება, გარეთ. პატარა კურდღლები სიცივით იხოცებიან, ქორბუდებმა აღარ იციან, სად მოიპოვონ საკვები. ყველა ცხოველი თავის გადარჩენას ცდილობს. ისინი გუნდად შეკრულ თევზებს ჰგვანან, რომლების ბადეში არიან გაბმულნი. ყველაზე დიდი მონადირე ზამთარია.
ხანდახან ჩიტები აჭიკჭიკდებიან და მოგვითხრობენ თავიანთი გასაჭირის შესახებ. ამოიღებენ პაწაწინა გულებიდან სევდას. ნუ ვიტყვით, რომ ფრინველები არიან და სევდა არ აქვთ. მათ ყველაზე მეტად უფანცქალებთ გულები ზამთარში.
ჩემი სოფელი
სიღნაღის რაიონში ერთი სოფელია - მაღარო. როცა იქ მივდივარ, ღობეები, გზები, სახლები თითქოს მეუბნებიან: რა კარგია, რომ სახლში დაბრუნდიო. მეც ძალიან მიხარია. ჩემი სახლი მარტოდმარტოა, თუმცა ჩემი ბიძაშვილები უვლიან. როცა ჩავდივარ, წინ ლაშიკო მორბის. „დამალობანა“ თუ არ ეთამაშე, გაიბუტება. მერე ვეძახი უახლოეს მეგობრებს და ვთამაშობთ.
დილით ძალიან კარგია სოფელი. ნაზი, ცელქი სიო წაგიღიტინებს: „ჩამოხვედით, პატარებო? მოდით, ვითამაშოთო.“ ჩვენც დავრბივართ, ვწუწაობთ, ერთმანეთს წყლიან ბუშტებს ვესვრით, მაგრამ მაშინვე ვფრთხებით, როგორც კი ბომბორა გამორბის ქუჩაში.
ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია, მშვიდი, მშვიდი... აივანზე ჩამოვჯდები ხოლმე და ვფიქრობ, რატომ მიხარია აქ ჩამოსვლა. ალბათ იმიტომ, რომ მამაჩემი და დედაჩემი აქ გაიზარდნენ. უკან რომ ვბრუნდებით, სულ სოფელში გატარებულ დღეებზე ვფიქრობ, თვალწინ მიდგას ის მაღაზია, რომელშიც მამას შევყავდი კანფეტების საყიდლად.
რაც მოგივა დავითაო...
„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ - ამბობენ ისეთ ადამიანზე, რომელიც თავის საქმეს თვითონ გაიფუჭებს, რადგან სხვას არ უჯერებს. ერთი ასეთი ამბავი მეც შემემთხვა. ზაფხული იყო და სოფელში ვისვენებდით. დედა წუწაობას მიშლიდა. პატარა ვიყავი და როგორ ფიქრობთ, არ ვიწუწავებდი? ჰოდა, დედაჩემი როგორც კი თვალს მიეფარა, დავუძახე მეგობრებს და ისე ვიწუწავეთ, რომ მთლად დავსველდი.
უცებ ფეხი ამიცურდა და ისე წავიფორხილე, რომ ფეხიდან სისხლი წამომივიდა। თითქოს ეს არ მეყოფოდა! სახლში რომ მივედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ცემინება დავიწყე.
დედა რომ მოვიდა, უკვე მაღალი სიცხე მქონდა. რაღა უნდა მექნა, ჩავწექი ლოგინში ფეხებმომტვრეული და სიცხიანი. ჩემზე კიდევ ერთი ანდაზა ითქმის: „დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო“.
შავ კორტოხზე შავი მუხა
ჩემი სოფლის გზას თუ გაუყვები, დაინახავ, რომ ტრიალ მინდორში დგას შავი მუხა. გორასა და გორას შორის კი მზე იჭყიტება. იმ მუხისათვის რომ შეგახედათ, უსათუოდ იტყვით: „ღმერთმა სამყაროს შექმნა აქედან დაიწყოო“.
ის ხე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მივირბენდი და მის ძირში ჩამოვჯდებოდი.
მუხა მწვანე კვირტს გამოიტანდა, შეხედავდი და მოგონებები იღვიძებდნენ, - მამასთან გატარებული წამები... თითქოს ტკბილ სიზმარში გადავვარდებოდი ხოლმე, გაღვიძება არ მინდოდა.
ეს მუხა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩემს საიდუმლოებას, ტკივილს, ოცნებებს ვუმხელდი. მე მისი კარგად მესმოდა. მგონი, მასაც ესმოდა ჩემი.
ყოველ არდადეგებზე გული ხარობს, რომ ჩემს მეგობარს ვნახავ. შარშან მასთან წავედი. კალამი და ფურცელი წავიღე და ფუღუროში წერილი დავუტოვე.
მეორე დილით მუხას ისევ მივაკითხე, მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა, სულ დაპატარავებულიყო და წებოვანი წინწკლები დაეყარა.
ეს ამბავი ასე არ დამთავრებულა. მის გვერდით პატარა მუხა ამოვიდა. „დღეიდან ეს იქნება ჩემი მეგობარი“ - გავიფიქრე მე. ძველი მეგობარი კი უნდა გამოვიგლოვო.
ნინო მეტრეველი - 2010
„სჯობს სახელისა მოხვეჭა“
ადამიანი უნდა ცხოვრობდეს მშვიდად და ბედნიერად, ფიქრობდეს სახელის მოხვეჭაზე. ეს ნიშნავს: წესიერად მოიქცეს საზოგადოებაში, იყოს კეთილი. ხოლო თუ ცუდად მოიქცევა, ზარმაცი, უქნარა, ბოროტი და ამპარტავანი იქნება. ჩათვალე, რომ შენგან ადამიანი არ დადგება, არავინ შეგიყვარებს. ამიტომ გვირჩევნია, კარგად ვისწავლოთ, დამჯერნი და ჭკვიანები ვიყოთ და ბავშვობიდანვე ვიფიქროთ სახელის მოხვეჭაზე.
რა არის ბავშვობა
ბავშვობა არის ბედნიერება დიდობასთან შედარებით. როცა დიდი გაიზრდები, შენს ბავშვობას გაიხსენებ და გული სიხარულით გევსება. მე ჯერ პატარა ვარ. თითქმის ყველა ჩემს თანატოლს სურვილი უჩნდება, იყოს დიდი, ჰყავდეს შვილები და ბედნიერად ცხოვრობდეს. ახლა დიდებს ჰკითხეთ, თუ ისევ წარსულში დაბრუნება არ უნდოდეთ!
წარსულის დაბრუნება მხოლოდ მოგონებებით შეიძლება. რომ გავიზრდებით, გავიხსენებთ ტკბილზე ტკბილ ბავშვობას და გაგვეღიმება.
ჩემი ძილისპირული
ჩემი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ერთხელ, შუადღისას, როცა მამა მაძინებდა, წამიკითხა ზღაპარი წითელქუდაზე. მე მაშინ ბევრი ვიტირე, როცა მგელმა შეჭამა წითელქუდა. მამაჩემი მამშვიდებდა და თან იცინოდა. სულ მაინტერესებდა, როგორ ამოიყვანეს მგლის მუცლიდან წითელქუდა და მისი ბებია.
ახლა, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს ზღაპარი იყო და არა რეალობა. ტყუილად ვნერვიულობდი და ვტიროდი.
ამ ამბავს რომ ვიხსენებ, გული სიყვარულით მევსება და სიცილით ვკვდები.
ოცი წლის შემდეგ
გავიზარდე, დავოჯახდი, დამოუკიდებელი ადამიანი გავხდი და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მაგალითად, პატარაობაში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და სულ ვეშმაკობდი. დედა მეუბნებოდა: გაჩერდი, ნუ ატყუებ შენს მამიდაშვილებსო, მაგრამ მაინც ვეშმაკობდი და დედას არ ვუჯერებდი. ახლა კი ძალიან წყნარი და ალერსიანი ვარ. ხანდახან, როცა ჩემი პატარაობა მახსენდება, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ის ეშმაკუნა და ცელქი გოგო ვარ, როგორიც ვიყავი.
ახლა ჩემს ცხოვრებაზეც ვილაპარაკოთ: მე იურისტი ვარ. ამ სპეციალობაზე ჩაბარება ადვილი არ იყო. პირველ გამოცდაზე ერთ-ერთმა იურისტმა მკითხა: ჩემო ლამაზთვალება გოგონავ, ვისი ხარ? გეტყობა, ისეთი ადამიანის შვილი ხარ, ვინც უჭკვიანესი და უფლის მიერ შექმნილი ანგელოზიაო.
როცა ეს სიტყვები მითხრეს, თვალებიდან ოქროს ცრემლები წამომივიდა. აი, ასე ჩავაბარე იურიდიულზე და დღესაც კარგად მახსოვს ეს სიტყვები.
ჩიტები ზამთარში
ჩიტები პატარა და საყვარელი არსებანი არიან, ამიტომ ფრთხილად, ალერსიანად უნდა მოვექცეთ, მოვეფეროთ. ისინი ზაფხულობით ჭიკჭიკით გვაღვიძებენ და ლამაზ დილას გვითენებენ. ზამთარში კი ჩიტები აღარავის ახსოვს. ვინ იცის, სად დაფრინავენ და სად პოულობენ საჭმელს. ასეთ გამყინვარებაში ძაღლსაც არ გააგდებენ გარეთ.
ბავშვებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: თუ ზამთარში თქვენს ფანჯარასთან ჩიტები მოფრინდებიან, აუცილებლად დაუყარეთ საკენკი!
ცისარტყელა
გამარჯობათ, მე ლამაზი და მხიარული ცისარტყელა გახლავართ. ხანდახან, როცა წვიმა გადაიღებს, მაშინ ვჩნდები და ჩემს საყვარელ ბავშვებს თავს ვაწონებ არა მარტო ფერებით, არამედ ჩემი სიყვარულით. ალბათ, ყველამ იცით, რამდენი რამ მიკავშირდება მე. მაგალითად, ბავშვების გახარება და გამხიარულება, სიყვარული, სიკეთე და სხვა. ვაი! ყველაზე მთავარი დამავიწყდა! მე ხომ მშვიდობისა და იმედის სიმბოლო ვარ! ყველა მწერალი იმაზე წერს, რომ ცისარტყელა იმედის სიმბოლოა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველას გიხდით მადლობას, ასე რომ გიყვარვართ და მაფასებათ. მე კი გპირდებით, რომ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, გაგამხიარულებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
აბა, კარგად, მეჩქარება, შოტლანდიაში უნდა წავიდე. გკოცნით!
შავ კორტოხზე შავი მუხა
ზაფხულის თბილი დღე იყო. იმ დროს არდადეგები მქონდა და სოფელში ვიყავი. ბიძაჩემმა ტყეში სოკოს დასაკრეფად წამიყვანა. უეცრად შავ კორტოხზე მდგარი მუხა დახინახე და მივუახლოვდი. მან მკითხა:
- გინდა ჩემთან მეგობრობა?
- კი, მაგრამ როგორ ლაპარაკობ? შენ ხომ სხვა ხეებს ჰგავხარ! - გამიკვირდა მე.
- ამ ქვეყნად, ჩემო ლამაზო, ბევრი სასწაული ხდება, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, თუ გესაუბრები, - მიპასუხა მუხამ.
მე დავთანხმდი მეგობრობაზე და სახელიც შევურჩიე: „ბელა გაბელაია“ დავარქვი, ჭკვიანი და ლამაზი გოგონას სახელი. ამიერიდან მას მეგობრად მივიჩნევ და სამუდამოდ ჩემთან იქნება.
ჩემო მშვიდო, გონიერო, ლამაზო ბელა, მე შენ ძალიან მიყვარხარ!
ნატალი მანდარია - 2010
შვიდი ხმის საიდუმლო
ერთხელ მამამ ტყეში წამიყვანა, მდინარესთან ახლოს და მაშინ ვეზიარე ბუნების შვიდი ხმის საიდუმლოს. პირველად ჩიტების ჭიკჭიკი გავიგონე, მერე მდინარის ტალღების ხმა, შემდეგ ხეების შრიალი მომესმა. მზის სხივებს ავხედე, მერე დაბლა დავინახე მინდორ-ველი, მუხა, ფიჭვები, ნაძვები, სოკოები. ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, ამ სილამაზეში გართულმა გავიგონე მეხუთე ხმაც. ეს იყო ფოთლების შრიალი. მერე მეექვსე ხმაც მომესმა. ეს ბავშვების ყიჟინი იყო. ხოლო ბოლო ხმა ყვავილების ჩურჩული იყო. თქვენ გაგიგონიათ? არა? მე კი. აი, ასე ვეზიარე ბუნების საიდუმლოს.
რა არის ბავშვობა
რა არის ბავშვობა? მე მგონი, ყველას აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. ბავშვობა დიდი სიხარულია, ხალისია. ვთქვათ, ბავშვები თამაშობენ. უცებ ერთი წაიქცა. წაქცეულზე ცუდს არავინ იტყვის. მხოლოდ იმას იტყვიან, პატარაა, რა მოხდა, თუ წაიქცაო. მაგრამ დიდ ადამიანზე კი იტყვიან: ამხელა ქალია და ნორმალურად ვერ დადისო.
ბავშვები მხიარულები არიან, ხოლო დიდები - სერიოზულები. მიკვირს, რატომ ჩქარობენ ბავშვები გაზრდას. ჩემი აზრით, ბავშვობას ვერაფერი შეედრება.
ჩემი ძილისპირული
დედა ძილის წინ მიყვებოდა ქართულ ხალხურ ზღაპრებს, მიმღეროდა თავისი ლამაზი ხმით, კეთილ სიზმრებს მისურვებდა, შემდეგ შუბლზე მაკოცებდა და წავიდოდა. მართალია, არ მახსოვს, რას მიკითხავდა, ან რას მიმღეროდა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ძალიან მსიამოვნებდა და ტკბილად მეძინა.
მართლაც ძალიან კარგია ძილის წინ წაკითხული ზღაპარი. ტკბილ ძილს გისურვებთ, ნახვამდის!
ოცი წლის შემდეგ
მე უკვე გავიზარდე, ვარ 29 წლის. მეყოლა ორი შვილი, ორივე გოგონა. ჩემს ქმარს ზურა ჰქვია. ჩემი გულის ბარტყები უკვე დაიზარდნენ და მე ისინი იმ სკოლაში მივიყვანე სასწავლებლად, სადაც მე ვსწავლობდი.
მახსოვს, ყველაზე მეტად ჩემი ქართულის მასწავლებელი - მანანა ნოზაძე მიყვარდა. წარმატებით დავამთავრე სკოლა და ოქროს მედალიც ავიღე. იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც ასევე კარგად დაამთავრებენ სკოლას.
ცისარტყელა
როგორც ბიბლიაში წერია, ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა. მართლაც, ცისარტყელა რომ გამოჩნდება, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მშვიდობა მოვიდა ამ ქვეყანაზე. როცა წვიმა მოდის, მგონია, რომ ღმერთი აპირებს დედამიწის განადგურებას. ცისარტყელა კი იმისთვისაა მოვლენილი, რომ მშვიდობამ დაისადგუროს.
ცისარტყელა ბავშვობასა და სიკეთეს მოგვაგონებს და მის დანახვაზე სასიამოვნო განწყობა გვეუფლება. მე ძალიან მიყვარს ჩემი ცისარტყელა.
შავ კორტოხზე შავი მუხა
ეს მუხა უბერებელია. იგი ჩემს სოფელში დგას. ამხელა ქალი ვარ და მუხა ჯერაც არ მომკვდარა. იდგა კორტოხზე და ამშვენებდა გარემოს. ზაფხულში მუხა საოცრად ლამაზი სანახავი იყო, ამწვანდებოდა და შრიალებდა. ზამთარში კი ეძინა.
ვუყურებდი მუხას და ვმშვიდდებოდი, მაგრამ ერთხელ, როცა ყველა ხეს ეძინა, ჭექა-ქუხილი ატყდა, მეხი ჩამოვარდა და მუხას ცეცხლი წაეკიდა. მას სულ დაეწვა მწვანე ფოთლები. მუხა დუმდა, გრძნობდა, რომ უბედურება შეემთხვა.
გაზაფხულზე, როცა ბუნებამ გამოიღვიძა, ირგვლივ ყველაფერი ამწვანდა. საცოდავი მუხა კი კვლავ გამურული იდგა და კვნესოდა. აი, რატომ დაერქვა მას „შავი მუხა“.
მარიამ ქურხაშვილი - 2010
შვიდი ხმის საიდუმლო
ერთ პატარა მდინარეზე, ვერეზე, ცხოვრობდნენ ფრინველები და ცხოველები. ერთხელ მომეცა საშუალება, რომ წავსულიყავი ამ ხეობაში და ბუნების საიდუმლო ამომეხსნა.
უცებ ხმა შემომესმა: „ჭიკ-ჭიკ“. მივხვდი, რომ ეს ჩიტები იყვნენ. იქვე შორიახლოს, ტბაში, ბატები დაცურავდნენ და ფრთებს ატყაპუნებდნენ. მესამე ხმა კი კატის კნავილი იყო. მერე ხეზე ფუმფულა, ყავისფერმა ციყვმა გაირბინა და ფუღუროში შეძვრა. სადღაც ხეზე კოდალა აკაკუნებდა და ჭიებს სანსლავდა. ირემი მწვანე ბალახით ტკბებოდა და გემრიელად ახრამუნებდა. ოო, ეს მეშვიდე ხმა კი ფარშევანგის ყივილი იყო. იგი ლამაზად შლიდა კუდს.
ის დღე ვერეზე ბედნიერად გავატარე.
„სჯობს სახელისა მოხვეჭა“
სახელის მოპოვება ადვილი არ არის. მარტო სიმდიდრესა და ქონებაზე რომ იფიქრო, სახელს ვერ მოიხვეჭ. ბევრი კარგი საქმე უნდა გააკეთო, ,განათლებული ადამიანი უნდა იყო, ბევრის მოთმენა უნდა შეგეძლოს, რომ შენი სახელი დაიმკვიდრო.
მე მინდა, სპორტსმენი, კერძოდ, ჩოგბურთელი გამოვიდე და სახელი გავითქვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყველამ იცოდეს ჩემს შესახებ და ყველას ვუყვარდე.
ძალიან მინდა, რა თქმა უნდა, თუ შევძლებ, მწერალი გამოვიდე. ამისათვის განათლების მიღებაა საჭირო. მე ვცდილობ, რომ ბევრი ვიკითხო, ჩემი სიტყვა ვთქვა მწერლობაში და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვიხვეჭ სახელს.
რა არის ბავშვობა
ჩემი აზრით, ბავშვობა ყველასათვის ლაღი და ბედნიერი უნდა იყოს. მაგრამ ხშირად ასე არ არის. არიან ბავშვები, რომელთაც დღემდე ენატრებათ სათამაშო. იმას კი არ ვამბობ, მშობლებს ენანებათ ფული-მეთქი. არა, ზოგიერთს საშუალება არ აქვს, უყიდოს თავის შვილს მისთვის სასურველი სათამაშო.
მე, მაგალითად, ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მაქვს. არ არსებობს ისეთი სათამაშო, ჩემს ოჯახში რომ არ იყოს. ჩემს მეგობრებს ჰგონიათ, რომ ჰაერიდან ცვივა და მხოლოდ მე ვკრეფ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩემი მშობლები ბევრს შრომობენ და ჩვენთვის არაფერი ენანებათ.
მე ძალიან მინდა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს და ყველა თავისი ბავშვობით ტკბებოდეს. ნეტავ ეს სურვილი ღმერთმა ამისრულოს.
ჩემი ძილისპირული
როცა პატარა ვიყავი, დედა და ბებია მიკითხავდნენ ზღაპრებს, რომ კარგად დამძინებოდა. ბებო უფრო მოგონილ ამბებზე მესაუბრებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა პოეზია და მეც სიამოვნებით ვუსმენდი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მის მიერ მოყოლილი ზღაპარი „ბებო ძმრის ბოთლში“. ამ ზღაპარს საინტერესო გაგრძელება აქვს. იგი ისეთი მხიარულია, რომ მეორედ წაკითხვის სურვილიც გაგიჩნდებათ. მე დედას ვთხოვდი, ეს ზღაპარი კვლავ წაეკითხა ჩემთვის. მამა სამსახურში მიდიოდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ბებო კი თავისუფალი იყო და ზღაპრის გმირებზე მელაპარაკებოდა. ვთვლი, რომ ჩემი ასაკისათვის საკმაო განათლება შევიძინე. ეს კი ჩემი ბებოსი და ჩემი მშობლების დამსახურებაა.
ოცი წლის შემდეგ
მე უკვე 30 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში, ქმარიც მყავს და შვილებიც. სულ ოთხი შვილი მყავს - სამი ბიჭი და ერთი გოგონა. ვმუშაობ და ცხოვრებაც მაქვს აწყობილი. რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, ის უკვე ამიხდა. მენატრება სკოლა, მასწავლებლები, კლასელები. მაგრამ რას ვიზამ, ისევ სკოლაში ხომ არ დავიწყებ სიარულს!
ჩემს მეგობრებს კომპიუტერით ველაპარაკები ხოლმე, შემდეგ ერთმანეთს ვხვდებით სადმე და მთელ თბილისს ფეხით შემოვივლით. ვიხსენებთ სკოლის ამბებს და ვერთობით.
პროფესიით ჩოგბურთელი ვარ. ჩემს უძველეს მეგობრებს რომ ვხედავ, ვეუბნები: 20 საუკუნე გავიდა, რაც არ მინახავხარ-თქო.
საღამოობით დროს ჩემს ოთხ შვილთან ვატარებ და ვუყვები ბავშვობის თავგადასავლებს.
ჩემი სოფელი
ჩემი სოფელია მაშნაარი. იქიდან ერთი ნაბიჯი და სიღნაღი შემოგეგებება. იქ ჩასვლა ძალზე მახარებს და აი, რატომ: იქ ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი მამიდა, ბიცოლა, ბიძები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები. ისინი ძალზე კეთილები არიან, სიხარულით გვხვდებიან. დილით შვიდ საათზე გამოდიან ჩვენს დასახვედრად. მერე საფიქრალი გვაქვს, ვისთან დავრჩეთ - ბიცოლასთან თუ მამიდასთან. ვერ ვიტყვი, სად უფრო მიყვარს დარჩენა. ყველგან სილამაზე და სითბოა.
სიმართლის ქვეყანა
სიმართლის ქვეყანაში ალბათ არ ყოფილხართ, მე კი ვიყავი. გინდათ, გიამბოთ, რა ხდებოდა იქ? როგორი ხალხი დამხვდა? როგორ გამიმასპინძლდნენ? ამის გაგება თუ გინდათ, ვეწვიოთ ჩემს თხზულებას.
ერთხელ სიმართლის ქვეყანაში გამგზავრება გადავწყვიტე. ბევრი ვიარე, გადავიარე მთები ზღვები, მდინარეები, ტბები და საქართველო დავტოვე. უკვე ღამე იყო და დამეძინა. რომ გავიღვიძე, ათის ნახევარი იყო. გავიხედე და დაფაზე წარწერა დავინახე: „სიმართლის ქვეყანა“. ყველაფერს სიმართლე ერქვა. გამიკვირდა და გადავწყვიტე, რესტორანში შევალ-მეთქი. საოცრად თბილი ხალხი დამხვდა. მე ვთხოვე მწვადი, ხინკალი, პილპილი და ღვინო. მომიტანეს და ყველაფერს სიმართლე ეწერა. კარგად გავერთე და დავბრუნდი ისევ საქართველოში.
ცისარტყელა
ცისარტყელა არის ლამაზი, მომხიბვლელი, ფერადი, მშვიდი. იგი წვიმის შემდეგ ჩნდება ხოლმე. უფრო კი მაშინ, როცა ერთდროულად თან წვიმს, თან მზეა.
მის გამოჩენას სიხარულით ვხვდები ხოლმე. ადამიანს ცისარტყელა ამშვიდებს, მხიარულ განწყობაზე აყენებს. ბავშვებს სურთ, დასხდნენ ცისარტყელაზე და იფრინონ, სხვათა შორის მეც, მაგრამ ცისარტყელა შორს არის და ხელით ვერ შესწვდები. როგორც ამბობენ, იგი მშვიდობის, იმედის, ბედნიერებისა და სიყვარულის სიმბოლოა.
შავ კორტოხზე შავი მუხა
ეს მუხა მარიამჯვრის ნაკრძალში ეკლესიის გვერდით ამოვიდა. იგი საოცრად ლამაზია, მაგრამ ჯერ არ ამწვანებულა. იქ ხშირად წვიმს. მუხას მალე კვირტები გამოუვა, ნაყოფსაც მოისხამს და ამწვანდება.
როგორც გითხარით, იგი ეკლესიის გვერდით ბექობზე დგას. მას საგულდაგულოდ უფრთხილდებიან, ყურადღებას არ აკლებენ, რადგან სჯერათ, რომ ის რაღაცით განსაკუთრებულია. იქნებ თქვენც ასე გგონიათ?
საპირველაპრილო ხუმრობა
პირველ აპრილს ჩემს მეგობარს დავურეკე და ვუთხარი: „თათია, ჩამოდი ჩემთან, კიევში მივდივარ და უნდა დაგემშვიდობო!“
ჯინსის შარვალი და კედები ჩავიცვი, კეპი დავიხურე, ხელში „ჩუპა-ჩუპსი“ დავიჭირე და თათიას მოსვლას დაველოდე. თათიას გადავეხვიე და ვითომ თვალზე ცრემლიც მომადგა. თათიამ მკითხა, რამდენი დღით მიდიხარო? მე კი ვუპასუხე, საცხოვრებლად გადავდივარ-მეთქი.
თათიას კინაღამ გული შეუწუხდა, აბა მე რაღა ვქნაო. მე სიცილით ვუპასუხე: „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!“
თათიამ საყვედურებით ამიკლო, რად მომატყუეო. მაგრამ ჩემი ტყუილი მხოლოდ პირველ აპრილს არის მოსალოდნელი.
გიორგი ქათამაძე - 2010
ისე დაბერდები, ვერ გაიგებ, როგორ ჩაირბინა დრომ. დიდობაში ბავშვობა გახსენდება, შენს თავზე გეცინება და ამბობ: „ეჰ, როგორი ცელქი ვყოფილვარ, ახლა კი ჩემს შვილებს ვეჩიჩინები, არ იცელქოთო.“
მაინც რა არის ბავშვობა?
იქნებ არავინ იცის! მე კი მგონია, რომ ბავშვობა დიდი რამაა, რაც ყოველთვის კარგად გახსენდება და ნატრობ, ნეტავ ისევ ბავშვი ვიყოო.
იქვე ახლოს ისეთი პატარა ხეები იდგა, მხრებამდე ძლივს მოგწვდებოდა. ცოტა მოშორებით მაღალი ხე იდგა და ერთი ბიჭი იმ ხეზე აძვრა. იმ ხის ფუღუროში თურმე კოდალა ცხოვრობდა, რომელიც ხეს ჭიებისაგან და მატლებისაგან ათავისუფლებდა. ბიჭმა კაკუნი გაიგონა, მაგრამ კოდალა ვერ დაინახა. უცებ კოდალამ რამდენჯერმე ჩაუკაკუნა ჩემს მეგობარს. მან ტირილი მორთო, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ხიდან ჩამოვარდა. ჯერ ერთ ტოტს რეძგვა თავი, მერე - მეორეს და ძირს ისე დაეცა, რომ ცოცხალი თუ გადარჩებოდა, არ მეგონა. ის ტირილ-ტირილით გაიქცა სახლისაკენ. იქვე ძაღლი იწვა. ვერ დაინახა და ფეხი კუდზე დააბიჯა. ძაღლი გაეკიდა, მაგრამ ვერ დაეწია. ბიჭი დაიღალა. საწყალმა ძლივს მოიშორა ძაღლი. დაქანცული ძირს დაჯდა. გველი ზედ ააცოცდა. მას ისე შეეშინდა, რომ სახეზე მკვდრის ფერი დაედო. ისეთი შეშინებული იყო, რომ თავი ვერ გააკონტროლა და ფუტკრების სკას შეასკდა. ფუტკრებმა მთელი სახე დაუკბინეს.
ახლა ჩემი მეგობარი ამ ისტორიას რომ იხსენებს, სიცილით კვდება.
მამა გულყვითელა გაფრინდა. ბევრი იფრინა და თავის ბარტყებსა და დედა გულყვითელას საკვები მოუტანა. დედამ თავისი წილი საკვები შვილებს გამოუზოგა.
მალე გაზაფხული მოვიდა. ბარტყებმა ფრენა ისწავლეს, ჭია-ღუებით აავსეს ბუდე და დედას მიართვეს.
გადის დრო. ვნახულობ მეგობრებს, ვკითხულობ საბავშვო წიგნებს, ტკბილი თუთით პირს ვიტკბარუნებ, ტყის პირას ვკრეფ მაყვალს მურაბისათვის, ხანდახან ტელევიზორს ვუყურებ.
ხშირად დავდივართ პაპას საფლავზე და ვასუფთავებთ ბალახისაგან, ვლოცულობთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და გამოვუყვებით გზას შინისაკენ. ასე გრძელდება ზაფხულის არდადეგები.
ერთ დღეს სიმართლის ქვეყანაში დიდი აურზაური ატყდა. თურმე ტყუილების ქვეყნიდან ტყუილი ჩამობრძანებულა. ხალხს გული სიძულვილით აევსო ტყუილის დანახვაზე: „რა გინდა აქ, შე არამზადა, შე ბოროტოო“.
ტყუილმა ერთი-ორი დაუსტვინა და დახეთ საოცრებას! ტყუილების წვიმა წამოვიდა. ისინი ადამიანებს ჯიბეებში ჩაუსხდნენ, მატყუარებად აქციეს. ზოგიერთ ადამიანს კი ვერ მოერივნენ. ამის შემდეგ მსოფლიოში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს საერთოდ აღარ ამბობენ.
იყო ერთი უცოლშვილო კაცი. ეს კაცი ძალიან უგულო და ძალიან ბოროტი იყო. მის ბოროტებას საზღვარი არ ჰქონდა. თანაც ხალხს ამცირებდა. ღმერთმა იფიქრა: მოდი, ამ კაცს საცოლეს ვოპოვნი, იქნებ იმან მაინც შეაგნებინოს რამეო. ღმერთმა მართლაც მისცა ცოლი, მაგრამ იმანაც ვერაფერი მოუხერხა თავის მეუღლეს. კაცმა ქალიც გადააგვარა.
ერთ ღამეს კაცს სატანა გამოეცხადა და უთხრა: ჩემთან წამოდი და ბოროტება ერთად ვაკეთოთო. კაცს მართლა შეეშინდა და გაეღვიძა. ცოტა ხანს იფხიზლა და ისევ დაეძინა. ახლა კი ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: იქნება გონს მოხვიდე და მიხვდე, რამდენ ბოროტებას სჩადიხარ. თუ სიკეთეს არ გააკეთებ, ჯოჯოხეთში მოხვდები და იქ ისე გაგაწამებენ, თავბედს დაიწყევლი. თუ პირობას მომცემ, რომ გამოსწორდები და ბოროტებას აღარ ჩაიდენ, სამოთხეში მოხვდები და დიდებულად იცხოვრებო.
კაცი დაეთანხმა. ამის შემდეგ ბოროტება აღარ ჩაუდენია და სამოთხეშიც მოხვდა. გირჩევთ, ვინც ჯერ კიდევ ბოროტებას ემსახურებით, დაუჯერეთ თქვენს მფარველ ანგელოზს, ის სულ კეთილ საქმეებს ჩაგადენინებთ!
ერთხელ ზაფხულის ცხელ დღეებში ვესტუმრე სოფელს. სოფლის ამბები მოვიკითხე, ძაღლი და კურდღლები მოვინახულე და უკვე ძილის დროც მოვიდა. ბებომ საძინებელში გამაცილა, გულში ჩამიკრა, მაკოცა და თავისი საძინებლისაკენ გაეშურა. იმ ღამეს ძალიან ტკბილად მეძინა.
გავიღვიძე თუ არა, ბებო შემომეგება, ჩაი შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი: „ჩაისთვის სად მცალია, ამდენი საქმეა გასაკეთებელი-მეთქი“. კურდღლებს საზრდო ვუპოვე, ბაღჩა მოვრწყე. იქვე პატარა მუხის ნერგი შევამჩნიე, რომელიც სულ შავი იყო, როგორც ის მუხა, მინდორში რომ დგას.
მუხის ნერგს წყალი დავუსხი, შემდეგ დიდ ვედროში ავზიდან წყალი ავავსე და მინდვრისაკენ გავემართე. მაშინვე ვიპოვე დიდი მუხა, სულაც არ შეცვლილიყო. დავუსხი წყალი. ისე სწყურებია, რომ დალია თუ არა, მაშინვე განათდა.
კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და დავიძინე. მეორე დღეს ისევ მოვრწყე მუხები. ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ მუხები აყვავილდნენ. მივხვდი, რომ მასზე არ ზრუნავდნენ და ამიტომაც იყვნენ ასეთი მოღუშულები.
გიორგი არევაძე - 2010
ოცნება
ნეტავ, იმ მაღალ გორაკზე
ტაძარი ამაგებინა
და ჩემი ხელით ბავშვები
ღვთიურად გამაზრდევინა.
ნეტავ, მოძღვარი გამხადა,
ღვთის ნება გამაგებინა,
ხალხისთვის მემცნო მისი ხმა,
ეშმაკი დამაგმობინა.
ხატის წინ მუხლის მოდრეკით
უფალი მახსენებინა.
ცისარტყელა
ცისარტყელა წვიმის შემდეგ გადაიშლება. როგორც კი წვიმა შეწყდება, მაშინვე გამოვრბივარ აივანზე და მის გამოსვლას ველოდები ერთი წუთი, ორი, სამი... და უკვე ცაზე ლამაზი ცისარტყელა გადაიშლება. შევცქერი ამ საოცრებას და გული სინაზით მევსება. დავჯდები სკამზე და ვუყურებ, სანამ არ გაქრება. ამის შემდეგ ნასიამოვნები ვარ, სულ ვნატრობ, რომ კიდევ მოვიდეს წვიმა გადაიშალოს, ლამაზი ცისარტყელა.
საპირველაპრილო ხუმრობა
გათენდა პირველი აპრილი. ჩავიცვი, მაგრამ ის კი აღარ მახსოვდა, რომ პირველი აპრილი იყო. გადავწყვიტე, რომ ქალაქში გავსულიყავი. ეზოში ჩავედი და მეზობელმა დამიძახა: ამხელაზე შარვალი როგორ გაიხიეო. შემეშინდა სახლში ავვარდი. ვნახე, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ მქონდა. ისევ ეზოში ჩავედი და გზას გავუყევი. დავინახე, რომ ერთი მოხუცი კაცი მზესუმზირას ჰყიდდა. ყიდვა მინდოდა, მაგრამ კაცმა მითხრა, საკმარისი არ არისო. მე ძალიან გამიკვირდა, სახლში წამოვედი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ 1 აპრილი იყო და ჩემს თავზე გამეცინა, თურმე რა გულუბრყვილო ვყოფილვარ!
შავ კორტოხზე შავი მუხა
ჩემს სოფელში შავ კორტოხზე შავი მუხა ხარობდა. მე ის მუხა ძალიან მიყვარდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ეს მუხა რომ ნერგი იყო. მე ყოველთვის ვუსხამდი წყალს და მიხაროდა, რომ ვუვლიდი. ჩამოვჯდებოდი მის ქვეშ და ვთამაშობდი დანასობიას ან კენჭაობას. ამ ხეს არავის ვაჭრევინებდი. მასზე საქანელა დავკიდე და ვერთობოდი. ახლა კი ეს ხე დაბერდა. მეცოდება და კვლავ ვიცავ.
დავით თავაძე - 2010
გავიქეცი მაღაზიაში. გამყიდველმა მითხრა, საშლელი არ მაქვსო. ახლა მეორე მაღაზიაში გავიქეცი. გამყიდველმა კი მითხრა: გვაქვს საშლელი, მაგრამ ძვირიაო. მე ვუთხარი, ცოტა დააკელი-მეთქი. მას გაეცინა და საშლელი 15 თეთრად მომცა.
ძალიან გამეხარდა. გამოვიქეცი და თან სახლზე ვნერვიულობდი. მივუახლოვდი სახლს და რას ვხედავ: ჩემი ძაღლი მეზობელს მისდევს. გავეკიდე, ხომ უნდა წამომეყვანა! ფეხები კინაღამ მომტყდა. როგორც იქნა, ძაღლი სახლში მივიყვანე. შევედი ჩემს ოთახში და დავიძინე. როცა გამეღვიძა, დედ-მამა სახლში დამხვდა. მე ყველაფერი მოვუყევი. მეგონა, მეჩხუბებოდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამთ.
ყველაზე ადრე ბაბუა იღვიძებს და ძროხისათვის ბალახი მოაქვს. წასვლის წინ ბაბუა სულ მეუბნება, რამე ხომ არ გინდა, რომ მოგიტანოო. მე არაფერს ვავალებმაგრამ მაყვალი, ვაშლი და ტყის ხილი მაინც მოაქვს ჩემთვის.
ხანდახან მეც თან მივყვები. გზაზე რაც გვხვდება, ბაბუა მიხსნის. სახლში ძალიან დაღლილები მოვდივართ, ხოლო ბებია გემრიელ სადილს გვახვედრებს. მერე ბებია და ბაბუა ისევ შრომობენ ეზოში. მე კი წიგნებს ვკითხულობ, ზოგჯერ ვეხმარები. სკოლის დრო რომ მოდის, წამოსვლა აღარ მინდა, მაგრამ რას ვიზამ?
„ნიჭიერი“ ძალიან ლამაზი იქნებოდა. ყველა საკლასო ოთახში კონდიციონერებს დავამონტაჟებდი. გამოვავლენდი საუკეთესო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. საჩუქრად კი ლეპტოპებს გადავცემდი.
სკოლაში იქნებოდნენ ბოქსის, ცეკვის, კარატეს, ხატვის, ქანდაკებისა და კომპიუტერის მასწავლებლები. ყველა იქნებოდა პროფესიონალი. მეყოლებოდა უამრავი ძიძა, რომ ბავშვებს კარგად მიხედონ. ბუფეტში გაიყიდებოდა ყველანაირი საჭმელი. სკოლის გარეთ გავაკეთებდი გასართობ კარუსელებს, ატრაქციონს, საქანელას, ფეხბურთის სტადიონს. დავნიშნავდი ავტობუსსაც.
აი, ასეთი იქნებოდა ჩემი სკოლა „ნიჭიერი“.
პირველად მუხა სოფელში ვნახე, როცა მაყვლის საკრეფად ვიყავი წასული. ძალიან ლამაზი სანახავი იყო, იმდენი რკო ესხა. იგი მძლავრი ხეა. საქართველოც მას ჰგავს.
ბელა გაბელაია - 2010
ბავშვები რატომღაც სხვანაირად ვფიქრობთ: გვინდა, მალე გავიზარდოთ და ჩვენი მომავალი შევქმნათ.
ჩემს გოგონას დავარქმევ თიკას, ბიჭს კი-ლუკას. ვისწავლი უგემრიელესი კერძების დამზადებას. გავხსნი საკუთარ სავაჭრო ცენტრს, სამოდელო სააგენტოს. შვილებს სრულფასოვნად გავზრდი, ვასწავლი საუკეთესო სასწავლებლებში. იმედი მაქვს, ისინი ჩემს შრომას დააფასებენ და ჩემს ბედს გაიზიარებენ. ასახელებენ ოჯახსა და საყვარელ სამშობლოს.
რადგანაც ბეღურებმა ადამიანები შეიცოდეს და გაამხნევეს, ისინი ადამიანებმაც შეიყვარეს. აი, სხვა ფრინველები კი ნანობენ: რომ დავრჩენილიყავით ჩვენს სამშობლოში, ჩვენც ხომ ვიქნებოდით ადამიანის მეგობრებიო.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა მოვშინაურდი, სათამაშო ავიღე, რომ მეთამაშა. უცებ ბავშვი მომვარდა და თმები მომწიწკნა. გავიქეცი, სხვა რამეც არ დამიშავოს-მეთქი. რამდენიმე დღე ასე უბედურად გავატარე. ბოლოს კი ისე გავმწარდი, ვთქვი: ყურები გამეზარდოს, თუ მეორედ აქ ჩამოვიდე!
მეორე დილას დავტოვე სოფელი. არ ვიცი, იქნებ დაჭკვიანდა კიდეც ჩემი დეიდაშვილის ბავშვი, დიდი ხანია, აღარ მინახავს.
„ვაიმე, ეს რა გავიგე, - ვფიქრობ მე, - ეს თუ დირექტორი გახდა, სამსახურის დატოვება მომიწევს,“ - გავიფიქრე, მაგრამ მაინც მივულოცე და მეორე დღეს შიშით მივედი სამსახურში. კლასში შემოიჭრნენ ჩემი კოლეგები, მილოცავენ დირექტორად დანიშვნას. მე კი მიკვირს: აბა, გუშინ ესმერალდამ რომ მითხრა, დირექტორად უნდა დამნიშნონო? შეუთხზავს! იცოდა, რომ არავინ დანიშნავდა და ჩემი გამწარება მოისურვა.
ჩემი, ანუ დირექტორის პირველი სიტყვა ის იყო, რომ ყველა მატყუარა მასწავლებელი გაეძევებინათ სკოლიდან.
ესმერალდა სულ ცოფებს ყრიდა, მაგრამ დირექტორის ნებას ხომ უნდა დამორჩილებოდა!“
- მეგობრებო, ჩვენ შევცდით, ასე არ უნდა მოვქცეულიყავით. ალბათ როგორ ნერვიულობენ ჩვენზე მშობლები, რომლებმაც გაგვზარდეს. ჩვენ კი სიკეთე ასე გადავუხადეთ!
- ნატალი მართალია, - დაამატა ნინომ, - უსამართლოდ მოვიქეცით.
- მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ კლდეზე ასვლა გულით გვინდოდა! - დასძინა მარიმ.
ამ საუბარში ერთ მუხას გადავეყარეთ, რომელიც კორტოხზე იდგა დანაღვლიანებული და მოწყენილი. გულში თითქოს ისარი მომხვდა ამ ხის საცოდაობით. ყველასაგან გარიყული, ისე იდგა თავჩაქინდრული, თითქოს დიდი ლოდი აწევს გულზეო და უცბად გამახსენდა, რომ მშობელი შინ ასეთივე დანაღვლიანებული დავტოვე. ჩემს მეგობრებსაც ეს გრძნობა დაეუფლათ. ავიკარით გუდა-ნაბადი და შინისაკენ გამოვეშურეთ. დედას მოვეხვიე და ვაკოცე:
-დედა, მაპატიე, ასე ნაღვლიანი რომ დაგტოვე. ასე არასოდეს მოვიქცევი!
დედაც მომეხვია. ამ წუთს მე ვიგრძენი, რომ ის მუხაც გამხიარულდა. ალბათ ის დედაჩემი იყო...
ავდექი, ვისაუზმე და ეზოში ჩავედი. იქ ჩემს მეგობარ ნიას შევხვდი და ვუთხარი:
- ნია, გთხოვ, გამეცალე, ეს ავტომანქანა ჩემი ხელით უნდა გადავდგა იქითა ეზოში, თორემ ხელს მიშლის, ეზოში ვერ ვეტევი!
- რას ამბობ, ამხელა ძალა შენ ვინ მოგცა! ან ამხელა ხარ, რომ ვერ ეტევი? - გაუკვირდა ნიას.
- დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! - და სიცილით გავეშურე სხვის გასაბრიყვებლად.
ეს არ ვიკმარე, ჩემი კვიმატობა აქ არ დასრულებულა. ახლა თენგო პაპასთან მივირბინე.
- თენგო პაპა, როგორ ხართ?
- კარგად, შვილო, მოკითხვისათვის დიდი მადლობელი ვარ, - მიპასუხა მან.
დავაპირე, რომ თენგო პაპა გამეცურებინა, მაგრამ მან დამასწრო:
- შვილო, წეღან ბაღის ყარაული მორბოდა და იძახდა, ის ვერაგი ბელა ამ ცოცხით უნდა გავცოცხოო.
- ვაი, დავიღუპე, მაგრამ რა დავაშავე?
- არ ვიცი, შვილო, თავს უშველე!
- გმადლობთ, რომ გამაფრთხილეთ, ნახვამდის!
გავრბივარ გამწარებული და ყარაული არ შემომხვდა? მართლაც დიდი ცოცხი ეჭირა ხელში. „ახლა კი ვეღარ გადავრჩები-მეთქი“ - ვიფიქრე, მაგრამ ყარაული მომესალმა, გამიღიმა და მითხრა, კარგი გოგო ხარო.
ახლაღა მივხვდი, რომ თენგო პაპამ მომატყუა, იმ დღეს ხომ 1 აპრილი იყო!