შვიდი ხმის საიდუმლო
როგორ მინდა, რომ ივნისში ვერეს ხეობაში ვიმოგზაურო და დავათვალიერო შესანიშნავი ბუნება, წამოვკოტრიალდე მდელოზე და გათენებისას შვიდი ხმის საიდუმლო ამოვიცნო...
ოცნება ამიხდა. მე ახლა ვერეს ხეობაში ვარ. უკვე თენდება... დავეწაფე წყაროს და შევსვი... დავინახე, რომ შიგ საბურავები და ფოთლები ეყარა. ამასობაში გაისმა პირველი ხმა: ციყვი ფუღუროში შეძვრა, ესეც მეორე ხმა! სადღაც შორს ტურის ყმუილი მოისმა. ისე შემეშინდა, რომ თავი კინაღამ ხეს მივარტყი და თუ თავს მართლა გავიტეხდი, მართლა ბუნების მესაიდუმლე გავხდებოდი. შემდეგ გაისმა ხვლიკის ფაჩუნი ბუჩქებში. მეოთხე იყო იხვის ჭუკის ხმა, თითქოს თავი გაიტეხაო. მეხუთე ხმა კატის კნავილი იყო, სად წამოსულა! შემდეგ პატარა მერცხალი აწივწივდა, მეშვიდე ხმას კი არ გავამხელ - მე ხომ უკვე ბუნების მესაიდუმლე ვარ!
ცა რომ სარკე იყოს
ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდი, როგორ ატარებენ დროს ჩემი მეგობრები. დავინახავდი იმ პატარა ნებიერა ჩიტს, რომელიც ცაში, ანუ სარკეში თავს იწონებს. დავინახავდი იმ უკიდეგანო სივრცესაც, რომელიც ჩემს თვალწინაა გადაშლილი. მზის სხივივით შევიჭყიტავდი ფანჯრებში და მეცოდინებოდა, ვინ სწავლობდა ბეჯითად.
ცა რომ სარკე იყოს, სასარგებლო იქნებოდა პოლიციისათვის, რადგან დამნაშავეს დაინახავდნენ და დაიჭერდნენ. ეჰ, ნეტავ იმდენად გამჭვირვალე იყოს ცა, რომ ყველას გულში ჩახედვა შემეძლოს! ასე ყველას ტკივილს გავიგებდი და დავეხმარებოდი. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ზემოთ ავიხედავ და დავიყვირებ: მე აქა ვარ, ცაო!
ჩემი ძილისპირული
ძილის წინ დედა ან ბებო მიყვებოდა კეთილ ამბავს, რომელიც სასაცილოც იყო. მე სიცილით ვკვდებოდი. კარგად მახსოვს ის ღამე, როცა დედამ „მამაო ჩვენო“ მასწავლა. იმ ღამით სულ ლოცვას ვიმეორებდი და ვცდილობდი, ჩემი ბავშვური გონებით გამეშიფრა.
ძალიან მიყვარდა “წითელქუდაც“, რომელიც პირველად დედამ წამიკითხა და მე ხშირად ვთხოვდი, კიდევ წაეკითხა ეს ზღაპარი ჩემთვის. არ ვიცი, რამდენი კეთილი ამბავი მაქვს მოსმენილი. ის კი მახსოვს, ყველა ბოლოვდებოდა იმით, რომ სიკეთე ამარცხებდა ბოროტებას.
ჩიტები ზამთარში
როცა სახლში ხარ და თბები, არ იცი, რა ხდება, გარეთ. პატარა კურდღლები სიცივით იხოცებიან, ქორბუდებმა აღარ იციან, სად მოიპოვონ საკვები. ყველა ცხოველი თავის გადარჩენას ცდილობს. ისინი გუნდად შეკრულ თევზებს ჰგვანან, რომლების ბადეში არიან გაბმულნი. ყველაზე დიდი მონადირე ზამთარია.
ხანდახან ჩიტები აჭიკჭიკდებიან და მოგვითხრობენ თავიანთი გასაჭირის შესახებ. ამოიღებენ პაწაწინა გულებიდან სევდას. ნუ ვიტყვით, რომ ფრინველები არიან და სევდა არ აქვთ. მათ ყველაზე მეტად უფანცქალებთ გულები ზამთარში.
ჩემი სოფელი
სიღნაღის რაიონში ერთი სოფელია - მაღარო. როცა იქ მივდივარ, ღობეები, გზები, სახლები თითქოს მეუბნებიან: რა კარგია, რომ სახლში დაბრუნდიო. მეც ძალიან მიხარია. ჩემი სახლი მარტოდმარტოა, თუმცა ჩემი ბიძაშვილები უვლიან. როცა ჩავდივარ, წინ ლაშიკო მორბის. „დამალობანა“ თუ არ ეთამაშე, გაიბუტება. მერე ვეძახი უახლოეს მეგობრებს და ვთამაშობთ.
დილით ძალიან კარგია სოფელი. ნაზი, ცელქი სიო წაგიღიტინებს: „ჩამოხვედით, პატარებო? მოდით, ვითამაშოთო.“ ჩვენც დავრბივართ, ვწუწაობთ, ერთმანეთს წყლიან ბუშტებს ვესვრით, მაგრამ მაშინვე ვფრთხებით, როგორც კი ბომბორა გამორბის ქუჩაში.
ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია, მშვიდი, მშვიდი... აივანზე ჩამოვჯდები ხოლმე და ვფიქრობ, რატომ მიხარია აქ ჩამოსვლა. ალბათ იმიტომ, რომ მამაჩემი და დედაჩემი აქ გაიზარდნენ. უკან რომ ვბრუნდებით, სულ სოფელში გატარებულ დღეებზე ვფიქრობ, თვალწინ მიდგას ის მაღაზია, რომელშიც მამას შევყავდი კანფეტების საყიდლად.
რაც მოგივა დავითაო...
„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ - ამბობენ ისეთ ადამიანზე, რომელიც თავის საქმეს თვითონ გაიფუჭებს, რადგან სხვას არ უჯერებს. ერთი ასეთი ამბავი მეც შემემთხვა. ზაფხული იყო და სოფელში ვისვენებდით. დედა წუწაობას მიშლიდა. პატარა ვიყავი და როგორ ფიქრობთ, არ ვიწუწავებდი? ჰოდა, დედაჩემი როგორც კი თვალს მიეფარა, დავუძახე მეგობრებს და ისე ვიწუწავეთ, რომ მთლად დავსველდი.
უცებ ფეხი ამიცურდა და ისე წავიფორხილე, რომ ფეხიდან სისხლი წამომივიდა। თითქოს ეს არ მეყოფოდა! სახლში რომ მივედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ცემინება დავიწყე.
დედა რომ მოვიდა, უკვე მაღალი სიცხე მქონდა. რაღა უნდა მექნა, ჩავწექი ლოგინში ფეხებმომტვრეული და სიცხიანი. ჩემზე კიდევ ერთი ანდაზა ითქმის: „დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო“.
შავ კორტოხზე შავი მუხა
ჩემი სოფლის გზას თუ გაუყვები, დაინახავ, რომ ტრიალ მინდორში დგას შავი მუხა. გორასა და გორას შორის კი მზე იჭყიტება. იმ მუხისათვის რომ შეგახედათ, უსათუოდ იტყვით: „ღმერთმა სამყაროს შექმნა აქედან დაიწყოო“.
ის ხე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მივირბენდი და მის ძირში ჩამოვჯდებოდი.
მუხა მწვანე კვირტს გამოიტანდა, შეხედავდი და მოგონებები იღვიძებდნენ, - მამასთან გატარებული წამები... თითქოს ტკბილ სიზმარში გადავვარდებოდი ხოლმე, გაღვიძება არ მინდოდა.
ეს მუხა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩემს საიდუმლოებას, ტკივილს, ოცნებებს ვუმხელდი. მე მისი კარგად მესმოდა. მგონი, მასაც ესმოდა ჩემი.
ყოველ არდადეგებზე გული ხარობს, რომ ჩემს მეგობარს ვნახავ. შარშან მასთან წავედი. კალამი და ფურცელი წავიღე და ფუღუროში წერილი დავუტოვე.
მეორე დილით მუხას ისევ მივაკითხე, მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა, სულ დაპატარავებულიყო და წებოვანი წინწკლები დაეყარა.
ეს ამბავი ასე არ დამთავრებულა. მის გვერდით პატარა მუხა ამოვიდა. „დღეიდან ეს იქნება ჩემი მეგობარი“ - გავიფიქრე მე. ძველი მეგობარი კი უნდა გამოვიგლოვო.
0 comments:
Post a Comment