Monday, May 3, 2010

გიორგი ქათამაძე - 2010

რა არის ბავშვობა
ბავშვებს უფროსები თითქმის ყველაფრის ნებას აძლევენ. ზოგიერთი ბავშვი ამით სარგებლობს და თვითონ უბრძანებს უფროსს რამეს. ისიც უსრულებს. თუ ისეთ რამეს სთხოვს შვილი, რისი შესრულებაც დედას არ შეუძლია, დედა ეუბნება: „შვილო, გეყოფა, ასეთი აზრები ჩემს დასაქანცავად მოგდისო.“
ისე დაბერდები, ვერ გაიგებ, როგორ ჩაირბინა დრომ. დიდობაში ბავშვობა გახსენდება, შენს თავზე გეცინება და ამბობ: „ეჰ, როგორი ცელქი ვყოფილვარ, ახლა კი ჩემს შვილებს ვეჩიჩინები, არ იცელქოთო.“
მაინც რა არის ბავშვობა?
იქნებ არავინ იცის! მე კი მგონია, რომ ბავშვობა დიდი რამაა, რაც ყოველთვის კარგად გახსენდება და ნატრობ, ნეტავ ისევ ბავშვი ვიყოო.

მხიარული ისტორია
ერთხელ მე და ჩემი მეგობრები სოფელში ტყის პირას ვთამაშობდით. სულ სამნი ვიყავით. თამაში მალევე მოგვწყინდა. მოვიფიქრეთ ასეთი რამ: ვინც უფრო მაღალ ხეზე ავიდოდა, ის გადაწყვეტდა, რა გვეთამაშა. ჰოდა, დაიწყო შეჯიბრი.
იქვე ახლოს ისეთი პატარა ხეები იდგა, მხრებამდე ძლივს მოგწვდებოდა. ცოტა მოშორებით მაღალი ხე იდგა და ერთი ბიჭი იმ ხეზე აძვრა. იმ ხის ფუღუროში თურმე კოდალა ცხოვრობდა, რომელიც ხეს ჭიებისაგან და მატლებისაგან ათავისუფლებდა. ბიჭმა კაკუნი გაიგონა, მაგრამ კოდალა ვერ დაინახა. უცებ კოდალამ რამდენჯერმე ჩაუკაკუნა ჩემს მეგობარს. მან ტირილი მორთო, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ხიდან ჩამოვარდა. ჯერ ერთ ტოტს რეძგვა თავი, მერე - მეორეს და ძირს ისე დაეცა, რომ ცოცხალი თუ გადარჩებოდა, არ მეგონა. ის ტირილ-ტირილით გაიქცა სახლისაკენ. იქვე ძაღლი იწვა. ვერ დაინახა და ფეხი კუდზე დააბიჯა. ძაღლი გაეკიდა, მაგრამ ვერ დაეწია. ბიჭი დაიღალა. საწყალმა ძლივს მოიშორა ძაღლი. დაქანცული ძირს დაჯდა. გველი ზედ ააცოცდა. მას ისე შეეშინდა, რომ სახეზე მკვდრის ფერი დაედო. ისეთი შეშინებული იყო, რომ თავი ვერ გააკონტროლა და ფუტკრების სკას შეასკდა. ფუტკრებმა მთელი სახე დაუკბინეს.
ახლა ჩემი მეგობარი ამ ისტორიას რომ იხსენებს, სიცილით კვდება.

ჩიტები ზამთარში
ერთ ამწვანებულ ტყეში გულყვითელა ჩიტები ცხოვრობდნენ. ერთ ოჯახში ჩიტებს ბევრი ბარტყი ეყოლათ. სამწუხაროდ, იმ დროს ძალიან ციოდა. ყოველდღე უფრო და უფრო ემატებოდა სუსხი. ერთ დღეს მოთოვა. ბებერ ხეებს თეთრი ქურქი ჩააცვა, ჩიტებს ბუდეები სულ თოვლით დაუფარა. შეშინებული ჩიტები ბარტყებს რიგრიგობით ათბობდნენ. მათ ძალიან შეეშინდათ, ბარტყები არ დაგვეხოცოსო.
მამა გულყვითელა გაფრინდა. ბევრი იფრინა და თავის ბარტყებსა და დედა გულყვითელას საკვები მოუტანა. დედამ თავისი წილი საკვები შვილებს გამოუზოგა.
მალე გაზაფხული მოვიდა. ბარტყებმა ფრენა ისწავლეს, ჭია-ღუებით აავსეს ბუდე და დედას მიართვეს.

ჩემი სოფელი
ჩემს სოფელში ჩავალ თუ არა, ბებო გამომეგებება ხოლმე, შემიპატიჟებს და გამიმასპინძლდება. მერე გავალ ბაღჩაში, მოვინახულებ ჩემს ძაღლს, ცოტას წავეთამაშები. გადავხედავ კურდღლებსაც. საჭმელს დავუყრი, მივეფერები. ვიშრომებ კიდეც: მოვრწყავ ხეებს, ბოსტნეულს, პომიდორს, გოგრას, კიტრს, სტაფილოს. ბებიაჩემს იმდენი რამ უთესია, რა ჩამოთვლის!
გადის დრო. ვნახულობ მეგობრებს, ვკითხულობ საბავშვო წიგნებს, ტკბილი თუთით პირს ვიტკბარუნებ, ტყის პირას ვკრეფ მაყვალს მურაბისათვის, ხანდახან ტელევიზორს ვუყურებ.
ხშირად დავდივართ პაპას საფლავზე და ვასუფთავებთ ბალახისაგან, ვლოცულობთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და გამოვუყვებით გზას შინისაკენ. ასე გრძელდება ზაფხულის არდადეგები.

სიმართლის ქვეყანა
იყო ერთი ქვეყანა, სადაც სიმართლეზე მეტად არაფერი უყვარდათ. იქ ტყუილის მთქმელს ვერ ნახავდით. რაც არ უნდა ცუდი რამ ჩაედინა ადამიანს, ყველაფერს ნანობდა.
ერთ დღეს სიმართლის ქვეყანაში დიდი აურზაური ატყდა. თურმე ტყუილების ქვეყნიდან ტყუილი ჩამობრძანებულა. ხალხს გული სიძულვილით აევსო ტყუილის დანახვაზე: „რა გინდა აქ, შე არამზადა, შე ბოროტოო“.
ტყუილმა ერთი-ორი დაუსტვინა და დახეთ საოცრებას! ტყუილების წვიმა წამოვიდა. ისინი ადამიანებს ჯიბეებში ჩაუსხდნენ, მატყუარებად აქციეს. ზოგიერთ ადამიანს კი ვერ მოერივნენ. ამის შემდეგ მსოფლიოში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს საერთოდ აღარ ამბობენ.

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, ახლობლები, მაგრამ ყველაზე ძალიან ღმერთი მიყვარს. მე გიამბობთ ისტორიას ადამიანზე, რომელსაც ღმერთის არ სწამდა.
იყო ერთი უცოლშვილო კაცი. ეს კაცი ძალიან უგულო და ძალიან ბოროტი იყო. მის ბოროტებას საზღვარი არ ჰქონდა. თანაც ხალხს ამცირებდა. ღმერთმა იფიქრა: მოდი, ამ კაცს საცოლეს ვოპოვნი, იქნებ იმან მაინც შეაგნებინოს რამეო. ღმერთმა მართლაც მისცა ცოლი, მაგრამ იმანაც ვერაფერი მოუხერხა თავის მეუღლეს. კაცმა ქალიც გადააგვარა.
ერთ ღამეს კაცს სატანა გამოეცხადა და უთხრა: ჩემთან წამოდი და ბოროტება ერთად ვაკეთოთო. კაცს მართლა შეეშინდა და გაეღვიძა. ცოტა ხანს იფხიზლა და ისევ დაეძინა. ახლა კი ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: იქნება გონს მოხვიდე და მიხვდე, რამდენ ბოროტებას სჩადიხარ. თუ სიკეთეს არ გააკეთებ, ჯოჯოხეთში მოხვდები და იქ ისე გაგაწამებენ, თავბედს დაიწყევლი. თუ პირობას მომცემ, რომ გამოსწორდები და ბოროტებას აღარ ჩაიდენ, სამოთხეში მოხვდები და დიდებულად იცხოვრებო.
კაცი დაეთანხმა. ამის შემდეგ ბოროტება აღარ ჩაუდენია და სამოთხეშიც მოხვდა. გირჩევთ, ვინც ჯერ კიდევ ბოროტებას ემსახურებით, დაუჯერეთ თქვენს მფარველ ანგელოზს, ის სულ კეთილ საქმეებს ჩაგადენინებთ!

შავ კორტოხზე შავი მუხა
ჩემს სოფელში, ტყის მახლობლად, გაშლილ მინდორზე ათიოდე მუხა დგას. ყველა ამწვანებულია ერთი მაღალი მუხის გარდა. ეს მუხა სულ მოწყენილია, ზაფხულშიც კი.
ერთხელ ზაფხულის ცხელ დღეებში ვესტუმრე სოფელს. სოფლის ამბები მოვიკითხე, ძაღლი და კურდღლები მოვინახულე და უკვე ძილის დროც მოვიდა. ბებომ საძინებელში გამაცილა, გულში ჩამიკრა, მაკოცა და თავისი საძინებლისაკენ გაეშურა. იმ ღამეს ძალიან ტკბილად მეძინა.
გავიღვიძე თუ არა, ბებო შემომეგება, ჩაი შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი: „ჩაისთვის სად მცალია, ამდენი საქმეა გასაკეთებელი-მეთქი“. კურდღლებს საზრდო ვუპოვე, ბაღჩა მოვრწყე. იქვე პატარა მუხის ნერგი შევამჩნიე, რომელიც სულ შავი იყო, როგორც ის მუხა, მინდორში რომ დგას.
მუხის ნერგს წყალი დავუსხი, შემდეგ დიდ ვედროში ავზიდან წყალი ავავსე და მინდვრისაკენ გავემართე. მაშინვე ვიპოვე დიდი მუხა, სულაც არ შეცვლილიყო. დავუსხი წყალი. ისე სწყურებია, რომ დალია თუ არა, მაშინვე განათდა.
კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და დავიძინე. მეორე დღეს ისევ მოვრწყე მუხები. ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ მუხები აყვავილდნენ. მივხვდი, რომ მასზე არ ზრუნავდნენ და ამიტომაც იყვნენ ასეთი მოღუშულები.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .