შვიდი ხმის საიდუმლო
ერთხელ მამამ ტყეში წამიყვანა, მდინარესთან ახლოს და მაშინ ვეზიარე ბუნების შვიდი ხმის საიდუმლოს. პირველად ჩიტების ჭიკჭიკი გავიგონე, მერე მდინარის ტალღების ხმა, შემდეგ ხეების შრიალი მომესმა. მზის სხივებს ავხედე, მერე დაბლა დავინახე მინდორ-ველი, მუხა, ფიჭვები, ნაძვები, სოკოები. ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, ამ სილამაზეში გართულმა გავიგონე მეხუთე ხმაც. ეს იყო ფოთლების შრიალი. მერე მეექვსე ხმაც მომესმა. ეს ბავშვების ყიჟინი იყო. ხოლო ბოლო ხმა ყვავილების ჩურჩული იყო. თქვენ გაგიგონიათ? არა? მე კი. აი, ასე ვეზიარე ბუნების საიდუმლოს.
რა არის ბავშვობა
რა არის ბავშვობა? მე მგონი, ყველას აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. ბავშვობა დიდი სიხარულია, ხალისია. ვთქვათ, ბავშვები თამაშობენ. უცებ ერთი წაიქცა. წაქცეულზე ცუდს არავინ იტყვის. მხოლოდ იმას იტყვიან, პატარაა, რა მოხდა, თუ წაიქცაო. მაგრამ დიდ ადამიანზე კი იტყვიან: ამხელა ქალია და ნორმალურად ვერ დადისო.
ბავშვები მხიარულები არიან, ხოლო დიდები - სერიოზულები. მიკვირს, რატომ ჩქარობენ ბავშვები გაზრდას. ჩემი აზრით, ბავშვობას ვერაფერი შეედრება.
ჩემი ძილისპირული
დედა ძილის წინ მიყვებოდა ქართულ ხალხურ ზღაპრებს, მიმღეროდა თავისი ლამაზი ხმით, კეთილ სიზმრებს მისურვებდა, შემდეგ შუბლზე მაკოცებდა და წავიდოდა. მართალია, არ მახსოვს, რას მიკითხავდა, ან რას მიმღეროდა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ძალიან მსიამოვნებდა და ტკბილად მეძინა.
მართლაც ძალიან კარგია ძილის წინ წაკითხული ზღაპარი. ტკბილ ძილს გისურვებთ, ნახვამდის!
ოცი წლის შემდეგ
მე უკვე გავიზარდე, ვარ 29 წლის. მეყოლა ორი შვილი, ორივე გოგონა. ჩემს ქმარს ზურა ჰქვია. ჩემი გულის ბარტყები უკვე დაიზარდნენ და მე ისინი იმ სკოლაში მივიყვანე სასწავლებლად, სადაც მე ვსწავლობდი.
მახსოვს, ყველაზე მეტად ჩემი ქართულის მასწავლებელი - მანანა ნოზაძე მიყვარდა. წარმატებით დავამთავრე სკოლა და ოქროს მედალიც ავიღე. იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც ასევე კარგად დაამთავრებენ სკოლას.
ცისარტყელა
როგორც ბიბლიაში წერია, ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა. მართლაც, ცისარტყელა რომ გამოჩნდება, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მშვიდობა მოვიდა ამ ქვეყანაზე. როცა წვიმა მოდის, მგონია, რომ ღმერთი აპირებს დედამიწის განადგურებას. ცისარტყელა კი იმისთვისაა მოვლენილი, რომ მშვიდობამ დაისადგუროს.
ცისარტყელა ბავშვობასა და სიკეთეს მოგვაგონებს და მის დანახვაზე სასიამოვნო განწყობა გვეუფლება. მე ძალიან მიყვარს ჩემი ცისარტყელა.
შავ კორტოხზე შავი მუხა
ეს მუხა უბერებელია. იგი ჩემს სოფელში დგას. ამხელა ქალი ვარ და მუხა ჯერაც არ მომკვდარა. იდგა კორტოხზე და ამშვენებდა გარემოს. ზაფხულში მუხა საოცრად ლამაზი სანახავი იყო, ამწვანდებოდა და შრიალებდა. ზამთარში კი ეძინა.
ვუყურებდი მუხას და ვმშვიდდებოდი, მაგრამ ერთხელ, როცა ყველა ხეს ეძინა, ჭექა-ქუხილი ატყდა, მეხი ჩამოვარდა და მუხას ცეცხლი წაეკიდა. მას სულ დაეწვა მწვანე ფოთლები. მუხა დუმდა, გრძნობდა, რომ უბედურება შეემთხვა.
გაზაფხულზე, როცა ბუნებამ გამოიღვიძა, ირგვლივ ყველაფერი ამწვანდა. საცოდავი მუხა კი კვლავ გამურული იდგა და კვნესოდა. აი, რატომ დაერქვა მას „შავი მუხა“.
0 comments:
Post a Comment