Monday, May 3, 2010

თორნიკე ომიაძე - 2010

ჩემი ოცნების ქალაქი
ძალიან მინდა, რომ რუსთავის ახლოს იყოს მოსწავლეთა ქალაქი. მე მას იალღუჯზე ავაშენებდი. ქალაქი იქნებოდა ძალიან ლამაზი. მოვაწყობდი დასასვენებელ ადგილებს, სადაც იქნებოდა კარუსელები, შადრევნები და აუზები. ყველა გასართობი იქნებოდა უფასო. სახლებს ავაშენებდი წითელი ფერის აგურით. მას ერქმეოდა „სიხარული“.

„სჯობს სახელისა მოხვეჭა“
ადამიანი ცხოვრებაში უნდა ცდილობდეს, აკეთოს კარგი საქმე და მოიპოვოს კარგი სახელი. არ შეიძლება ბოროტება, ქურდობა, ტყუილი, თორემ ყველა შეგიძულებს. ფული დაგეხარჯება, სახელი კი დაგრჩება.

რა არის ბავშვობა
ადამიანის ბავშვობა მისი დაბადებიდან იწყება. მას თავიდან არაფერი შეუძლია. დედა აჭმევს, აცმევს და უვლის. ბავშვი თანდათან იზრდება და დამოუკიდებელი ხდება: მიდის სკოლაში. ასრულებს მასწავლებლისა და მშობლის დავალებებს. თანდათან უფრო მეტი რამ აინტერესებს. დადის სპორტზე, სწავლობს კომპიუტერს. დიდები ბავშვობას ყველაზე კარგ დროს ეძახიან.

ცა რომ სარკე იყოს
ცა რომ სარკე იყოს, ჩავიხედავდი და თმას დავივარცხნიდი, წარმოვიდგენდი სილამაზეს, ფიფქების ცვენას. ფიფქი ჩამოვარდებოდა, თვალზე დამეცემოდა და გამეჭრებოდა. სიცოცხლე გაქრებოდა და დედამიწა აღარ იარსებებდა.

ოცი წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ 29 წლის ვიქნები. მეყოლება შვილები. შევქმნი ძალიან კარგ ოჯახს. როცა მოვხუცდები, მეყოლება შვილიშვილებიც. მათ ანდერძს დავუტოვებ. არ მოვკვდები, სანამ ასი წლის არ გავხდები. ვიცხოვრებ ჩემს სოფელში, კახეთში.

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ავაშენებდი ახალ სკოლას, ეზოში დავრგავდი ლამაზ მცენარეებს. ოთახებში დავდგამდი დიდ ქოთნებს ყვავილებით. დავალაგებდი ახალ მაგიდებსა და სკამებს. ბავშვებს მოვეფერებოდი, ხშირად წავიყვანდი თეატრში.

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს
მე ძალიან მიყვარს ფილმების ყურება. ასევე მიყვარს ფეხბურთი, კომპიუტერი, მულტფილმები, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, სკოლაში სიარული. კიდევ მიყვარს დედა, მამა, პაპა, ბებო, ჩემი ძმა, ნათესავები, წიგნების კითხვა, ჩემი სიყვარული და სხვა უამრავი რამ, რაც გამაჩნია. არ მიყვარს, როცა მაბრაზებენ, რადგან მე კარგი ბიჭი ვარ, ყველა მაქებს. ჩემი ძმაც კი მაქებს. სულ ათიანები მიწერია. ცოტა ინგლისურში ჩამოვრჩები. სოფელში წასვლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ არ მყავს მეგობრები. მარტო რუსთავში მყავს მეგობრები. ისინიც ძალიან მიყვარს.

რომა გიორგაძე - 2010

შვიდი ხმის საიდუმლო
ტყეში რომ შევედი, უცნაური შეგრძნება მქონდა. პირველად არწივის ხმა გავიგონე. გზა გავაგრძელე. დიდხანს ვიარე, ბოლოს დასასვენებლად გავჩერდი და თითქოს ბალახში რაღაცამ გაიარა. ძალიან შემეშინდა, ლამის ტირილი დავიწყე. შემდეგ ისევ გავუდექი გზას. მალე უცნაური ხმა შემომესმა. თურმე პატარა ნაკადული მორაკრაკებდა. სადღაც შორს მგლის ყმუილი ისმოდა. შიშისაგან ოფლმა დამასხა. ჩანჩქერს მივუახლოვდი, მაგრამ უსიამოვნო ხმები მაინც მესმოდა. ალბათ, ეს ბუნების საიდუმლო იყო, რომელიც ვერ ამოვიცანი.

ოცი წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ 30 წლის ვიქნები. ცოლს მოვიყვან, შვილს გავაჩენინებ, გავზრდი, თუმცა როგორ, გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს. წინ დიდი გზა მელოდება, სხვადასხვა თავგადასავლები. თუ არ ვცდები, ჩემი შვილი ჩემსავით მხატვარი იქნება. ყოველთვის მიოცნებია, რომ თოთხმეტი შვილი მყავდეს და ყველა ბიჭი იყოს. ბევრია, მაგრამ უფრო მრავალრიცხოვანი ოჯახი მექნება და გავმრავლდებით. აუცილებლად სადმე ვიმუშავებ, რომ ოჯახი ვარჩინო. ჩემი შვილები აუცილებლად ზრდილობიანები იქნებიან.

ჩიტები ზამთარში
ჩიტები პატარები და დაუცველნი არიან. ისინი სუსხიან ზამთარს ვერ იტანენ, რადგან საკვებს ვერ შოულობენ, სცივათ და იბუზებიან. ამიტომ ისინი თბილ ქვეყნებში მიფრინავენ და იზამთრებენ. როგორც ჩიტებს, ასევე ადამიანებსაც სცივათ, რადგან ხშირად ქარბუქია. დედა ჩიტები თავიანთ ბარტყებს ათბობენ, რომ სიცივისაგან არ დაიხოცნონ. ფიფქები კი, ლამაზები, თეთრები და ცივები, ცვივა და ცვივა...
ასე გადის ზამთარი. ის ფრინველები, რომლებიც თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, თავიანთ ბუდეს პოულობენ და ეხუტებიან. ასეა ყოველ წელს.

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო
გამარჯობათ! მე ვარ რომა გიორგაძე. უფრო დაწვრილებით რომ აგიხსნათ, სკოლის დირექტორი. სხვა სახელსაც მეძახიან: „მწვანე კატა.“ ვიცი, რომ უცნაური სახელი მქვია, მაგრამ რას ვიზამ.
როგორც მოგახსენეთ, ვარ სკოლის დირექტორი და ხანდახან მაქვს კრება. თუმცა, რადგან დირექტორი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გავაკეთო. მთელი ოცდაოთხი საათი ვფიქრობ, გაზის ფული როგორ გადავიხადო. დირექტორობა არის განსაკუთრებული რამ. შეჩვევა ძალიან ძნელია. ჩემი აზრით, სკოლის დირექტორი უნდა იყოს ძალიან გამოცდილი ადამიანი. უნდა დაეხმაროს ღარიბებსაც განათლების მიღებაში. აი, ეს არის ვაჟკაცური დირექტორობა!

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს
ახლა თქვენ გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს, თუ რა მიყვარს ყველაზე მეტად. როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მიყვარს თამაში, მეცადინეობა, თავისებურად ჭამა და რაც მთავარია, ჩემი მშობლები. განსაკუთრებულად მიყვარს სიწყნარე. ხანდახან ცელქადაც გადავიქცევი ხოლმე. კიდევ მიყვარს ხილი, ჩემი თანატოლის გაცნობა და იმდენი რამ, რასაც საზღვარი არ აქვს.

საპირველაპრილო ხუმრობა
დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია და აი, მეც ვცდილობ ვიღაცის მოტყუებას. ეტყობა, დღეს კარგი დღე იქნება...
სკოლაში რომ მოვედით, მე და ჩემი კლასელი ფეხსაცმელს ვიხდიდით. მარის ვუთხარი, სახეზე ლაქა გაქვს და „ჰერიოზე“ ვეღარ გამოხვალ-მეთქი. მარის თვალებიდან კინაღამ ცრემლები წამოუვიდა. მე გამეცინა და მარი დავაწყნარე, ეს ხუმრობა იყო-მეთქი. ჩემს სიცილს საზღვარი არ ჰქონდა.
იმ დღეს წებო მქონდა წამოღებული. გადავწყვიტე, ჩემს გვერდით მჯდომს, ანუ ნიკოლოზს გავხუმრებოდი და გავაკეთე ასეთი რამ: იმ სკამს, სანამ ნიკოლოზი მოვიდოდა, წებო წავუსვი. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი წებოზე დაჯდა. დიდხანს ვერ დგებოდა, ბოლოს კი მაინც გავათავისუფლე. 1 აპრილი ყველაზე მაგარი დღეა!

ნინო უსენაშვილი-2010

შვიდი ხმის საიდუმლო

როგორ მინდა, რომ ივნისში ვერეს ხეობაში ვიმოგზაურო და დავათვალიერო შესანიშნავი ბუნება, წამოვკოტრიალდე მდელოზე და გათენებისას შვიდი ხმის საიდუმლო ამოვიცნო...
ოცნება ამიხდა. მე ახლა ვერეს ხეობაში ვარ. უკვე თენდება... დავეწაფე წყაროს და შევსვი... დავინახე, რომ შიგ საბურავები და ფოთლები ეყარა. ამასობაში გაისმა პირველი ხმა: ციყვი ფუღუროში შეძვრა, ესეც მეორე ხმა! სადღაც შორს ტურის ყმუილი მოისმა. ისე შემეშინდა, რომ თავი კინაღამ ხეს მივარტყი და თუ თავს მართლა გავიტეხდი, მართლა ბუნების მესაიდუმლე გავხდებოდი. შემდეგ გაისმა ხვლიკის ფაჩუნი ბუჩქებში. მეოთხე იყო იხვის ჭუკის ხმა, თითქოს თავი გაიტეხაო. მეხუთე ხმა კატის კნავილი იყო, სად წამოსულა! შემდეგ პატარა მერცხალი აწივწივდა, მეშვიდე ხმას კი არ გავამხელ - მე ხომ უკვე ბუნების მესაიდუმლე ვარ!

ცა რომ სარკე იყოს

ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდი, როგორ ატარებენ დროს ჩემი მეგობრები. დავინახავდი იმ პატარა ნებიერა ჩიტს, რომელიც ცაში, ანუ სარკეში თავს იწონებს. დავინახავდი იმ უკიდეგანო სივრცესაც, რომელიც ჩემს თვალწინაა გადაშლილი. მზის სხივივით შევიჭყიტავდი ფანჯრებში და მეცოდინებოდა, ვინ სწავლობდა ბეჯითად.
ცა რომ სარკე იყოს, სასარგებლო იქნებოდა პოლიციისათვის, რადგან დამნაშავეს დაინახავდნენ და დაიჭერდნენ. ეჰ, ნეტავ იმდენად გამჭვირვალე იყოს ცა, რომ ყველას გულში ჩახედვა შემეძლოს! ასე ყველას ტკივილს გავიგებდი და დავეხმარებოდი. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ზემოთ ავიხედავ და დავიყვირებ: მე აქა ვარ, ცაო!

ჩემი ძილისპირული

ძილის წინ დედა ან ბებო მიყვებოდა კეთილ ამბავს, რომელიც სასაცილოც იყო. მე სიცილით ვკვდებოდი. კარგად მახსოვს ის ღამე, როცა დედამ „მამაო ჩვენო“ მასწავლა. იმ ღამით სულ ლოცვას ვიმეორებდი და ვცდილობდი, ჩემი ბავშვური გონებით გამეშიფრა.
ძალიან მიყვარდა “წითელქუდაც“, რომელიც პირველად დედამ წამიკითხა და მე ხშირად ვთხოვდი, კიდევ წაეკითხა ეს ზღაპარი ჩემთვის. არ ვიცი, რამდენი კეთილი ამბავი მაქვს მოსმენილი. ის კი მახსოვს, ყველა ბოლოვდებოდა იმით, რომ სიკეთე ამარცხებდა ბოროტებას.

ჩიტები ზამთარში

როცა სახლში ხარ და თბები, არ იცი, რა ხდება, გარეთ. პატარა კურდღლები სიცივით იხოცებიან, ქორბუდებმა აღარ იციან, სად მოიპოვონ საკვები. ყველა ცხოველი თავის გადარჩენას ცდილობს. ისინი გუნდად შეკრულ თევზებს ჰგვანან, რომლების ბადეში არიან გაბმულნი. ყველაზე დიდი მონადირე ზამთარია.
ხანდახან ჩიტები აჭიკჭიკდებიან და მოგვითხრობენ თავიანთი გასაჭირის შესახებ. ამოიღებენ პაწაწინა გულებიდან სევდას. ნუ ვიტყვით, რომ ფრინველები არიან და სევდა არ აქვთ. მათ ყველაზე მეტად უფანცქალებთ გულები ზამთარში.

ჩემი სოფელი

სიღნაღის რაიონში ერთი სოფელია - მაღარო. როცა იქ მივდივარ, ღობეები, გზები, სახლები თითქოს მეუბნებიან: რა კარგია, რომ სახლში დაბრუნდიო. მეც ძალიან მიხარია. ჩემი სახლი მარტოდმარტოა, თუმცა ჩემი ბიძაშვილები უვლიან. როცა ჩავდივარ, წინ ლაშიკო მორბის. „დამალობანა“ თუ არ ეთამაშე, გაიბუტება. მერე ვეძახი უახლოეს მეგობრებს და ვთამაშობთ.
დილით ძალიან კარგია სოფელი. ნაზი, ცელქი სიო წაგიღიტინებს: „ჩამოხვედით, პატარებო? მოდით, ვითამაშოთო.“ ჩვენც დავრბივართ, ვწუწაობთ, ერთმანეთს წყლიან ბუშტებს ვესვრით, მაგრამ მაშინვე ვფრთხებით, როგორც კი ბომბორა გამორბის ქუჩაში.
ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია, მშვიდი, მშვიდი... აივანზე ჩამოვჯდები ხოლმე და ვფიქრობ, რატომ მიხარია აქ ჩამოსვლა. ალბათ იმიტომ, რომ მამაჩემი და დედაჩემი აქ გაიზარდნენ. უკან რომ ვბრუნდებით, სულ სოფელში გატარებულ დღეებზე ვფიქრობ, თვალწინ მიდგას ის მაღაზია, რომელშიც მამას შევყავდი კანფეტების საყიდლად.

რაც მოგივა დავითაო...

„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ - ამბობენ ისეთ ადამიანზე, რომელიც თავის საქმეს თვითონ გაიფუჭებს, რადგან სხვას არ უჯერებს. ერთი ასეთი ამბავი მეც შემემთხვა. ზაფხული იყო და სოფელში ვისვენებდით. დედა წუწაობას მიშლიდა. პატარა ვიყავი და როგორ ფიქრობთ, არ ვიწუწავებდი? ჰოდა, დედაჩემი როგორც კი თვალს მიეფარა, დავუძახე მეგობრებს და ისე ვიწუწავეთ, რომ მთლად დავსველდი.
უცებ ფეხი ამიცურდა და ისე წავიფორხილე, რომ ფეხიდან სისხლი წამომივიდა। თითქოს ეს არ მეყოფოდა! სახლში რომ მივედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ცემინება დავიწყე.
დედა რომ მოვიდა, უკვე მაღალი სიცხე მქონდა. რაღა უნდა მექნა, ჩავწექი ლოგინში ფეხებმომტვრეული და სიცხიანი. ჩემზე კიდევ ერთი ანდაზა ითქმის: „დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო“.

შავ კორტოხზე შავი მუხა

ჩემი სოფლის გზას თუ გაუყვები, დაინახავ, რომ ტრიალ მინდორში დგას შავი მუხა. გორასა და გორას შორის კი მზე იჭყიტება. იმ მუხისათვის რომ შეგახედათ, უსათუოდ იტყვით: „ღმერთმა სამყაროს შექმნა აქედან დაიწყოო“.
ის ხე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მივირბენდი და მის ძირში ჩამოვჯდებოდი.
მუხა მწვანე კვირტს გამოიტანდა, შეხედავდი და მოგონებები იღვიძებდნენ, - მამასთან გატარებული წამები... თითქოს ტკბილ სიზმარში გადავვარდებოდი ხოლმე, გაღვიძება არ მინდოდა.
ეს მუხა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩემს საიდუმლოებას, ტკივილს, ოცნებებს ვუმხელდი. მე მისი კარგად მესმოდა. მგონი, მასაც ესმოდა ჩემი.
ყოველ არდადეგებზე გული ხარობს, რომ ჩემს მეგობარს ვნახავ. შარშან მასთან წავედი. კალამი და ფურცელი წავიღე და ფუღუროში წერილი დავუტოვე.
მეორე დილით მუხას ისევ მივაკითხე, მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა, სულ დაპატარავებულიყო და წებოვანი წინწკლები დაეყარა.
ეს ამბავი ასე არ დამთავრებულა. მის გვერდით პატარა მუხა ამოვიდა. „დღეიდან ეს იქნება ჩემი მეგობარი“ - გავიფიქრე მე. ძველი მეგობარი კი უნდა გამოვიგლოვო.

ნინო მეტრეველი - 2010

„სჯობს სახელისა მოხვეჭა“

ადამიანი უნდა ცხოვრობდეს მშვიდად და ბედნიერად, ფიქრობდეს სახელის მოხვეჭაზე. ეს ნიშნავს: წესიერად მოიქცეს საზოგადოებაში, იყოს კეთილი. ხოლო თუ ცუდად მოიქცევა, ზარმაცი, უქნარა, ბოროტი და ამპარტავანი იქნება. ჩათვალე, რომ შენგან ადამიანი არ დადგება, არავინ შეგიყვარებს. ამიტომ გვირჩევნია, კარგად ვისწავლოთ, დამჯერნი და ჭკვიანები ვიყოთ და ბავშვობიდანვე ვიფიქროთ სახელის მოხვეჭაზე.

რა არის ბავშვობა

ბავშვობა არის ბედნიერება დიდობასთან შედარებით. როცა დიდი გაიზრდები, შენს ბავშვობას გაიხსენებ და გული სიხარულით გევსება. მე ჯერ პატარა ვარ. თითქმის ყველა ჩემს თანატოლს სურვილი უჩნდება, იყოს დიდი, ჰყავდეს შვილები და ბედნიერად ცხოვრობდეს. ახლა დიდებს ჰკითხეთ, თუ ისევ წარსულში დაბრუნება არ უნდოდეთ!
წარსულის დაბრუნება მხოლოდ მოგონებებით შეიძლება. რომ გავიზრდებით, გავიხსენებთ ტკბილზე ტკბილ ბავშვობას და გაგვეღიმება.

ჩემი ძილისპირული

ჩემი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს. ერთხელ, შუადღისას, როცა მამა მაძინებდა, წამიკითხა ზღაპარი წითელქუდაზე. მე მაშინ ბევრი ვიტირე, როცა მგელმა შეჭამა წითელქუდა. მამაჩემი მამშვიდებდა და თან იცინოდა. სულ მაინტერესებდა, როგორ ამოიყვანეს მგლის მუცლიდან წითელქუდა და მისი ბებია.
ახლა, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს ზღაპარი იყო და არა რეალობა. ტყუილად ვნერვიულობდი და ვტიროდი.
ამ ამბავს რომ ვიხსენებ, გული სიყვარულით მევსება და სიცილით ვკვდები.

ოცი წლის შემდეგ

გავიზარდე, დავოჯახდი, დამოუკიდებელი ადამიანი გავხდი და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მაგალითად, პატარაობაში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და სულ ვეშმაკობდი. დედა მეუბნებოდა: გაჩერდი, ნუ ატყუებ შენს მამიდაშვილებსო, მაგრამ მაინც ვეშმაკობდი და დედას არ ვუჯერებდი. ახლა კი ძალიან წყნარი და ალერსიანი ვარ. ხანდახან, როცა ჩემი პატარაობა მახსენდება, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ის ეშმაკუნა და ცელქი გოგო ვარ, როგორიც ვიყავი.
ახლა ჩემს ცხოვრებაზეც ვილაპარაკოთ: მე იურისტი ვარ. ამ სპეციალობაზე ჩაბარება ადვილი არ იყო. პირველ გამოცდაზე ერთ-ერთმა იურისტმა მკითხა: ჩემო ლამაზთვალება გოგონავ, ვისი ხარ? გეტყობა, ისეთი ადამიანის შვილი ხარ, ვინც უჭკვიანესი და უფლის მიერ შექმნილი ანგელოზიაო.
როცა ეს სიტყვები მითხრეს, თვალებიდან ოქროს ცრემლები წამომივიდა. აი, ასე ჩავაბარე იურიდიულზე და დღესაც კარგად მახსოვს ეს სიტყვები.

ჩიტები ზამთარში

ჩიტები პატარა და საყვარელი არსებანი არიან, ამიტომ ფრთხილად, ალერსიანად უნდა მოვექცეთ, მოვეფეროთ. ისინი ზაფხულობით ჭიკჭიკით გვაღვიძებენ და ლამაზ დილას გვითენებენ. ზამთარში კი ჩიტები აღარავის ახსოვს. ვინ იცის, სად დაფრინავენ და სად პოულობენ საჭმელს. ასეთ გამყინვარებაში ძაღლსაც არ გააგდებენ გარეთ.
ბავშვებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: თუ ზამთარში თქვენს ფანჯარასთან ჩიტები მოფრინდებიან, აუცილებლად დაუყარეთ საკენკი!

ცისარტყელა

გამარჯობათ, მე ლამაზი და მხიარული ცისარტყელა გახლავართ. ხანდახან, როცა წვიმა გადაიღებს, მაშინ ვჩნდები და ჩემს საყვარელ ბავშვებს თავს ვაწონებ არა მარტო ფერებით, არამედ ჩემი სიყვარულით. ალბათ, ყველამ იცით, რამდენი რამ მიკავშირდება მე. მაგალითად, ბავშვების გახარება და გამხიარულება, სიყვარული, სიკეთე და სხვა. ვაი! ყველაზე მთავარი დამავიწყდა! მე ხომ მშვიდობისა და იმედის სიმბოლო ვარ! ყველა მწერალი იმაზე წერს, რომ ცისარტყელა იმედის სიმბოლოა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველას გიხდით მადლობას, ასე რომ გიყვარვართ და მაფასებათ. მე კი გპირდებით, რომ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, გაგამხიარულებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
აბა, კარგად, მეჩქარება, შოტლანდიაში უნდა წავიდე. გკოცნით!

შავ კორტოხზე შავი მუხა

ზაფხულის თბილი დღე იყო. იმ დროს არდადეგები მქონდა და სოფელში ვიყავი. ბიძაჩემმა ტყეში სოკოს დასაკრეფად წამიყვანა. უეცრად შავ კორტოხზე მდგარი მუხა დახინახე და მივუახლოვდი. მან მკითხა:
- გინდა ჩემთან მეგობრობა?
- კი, მაგრამ როგორ ლაპარაკობ? შენ ხომ სხვა ხეებს ჰგავხარ! - გამიკვირდა მე.
- ამ ქვეყნად, ჩემო ლამაზო, ბევრი სასწაული ხდება, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, თუ გესაუბრები, - მიპასუხა მუხამ.
მე დავთანხმდი მეგობრობაზე და სახელიც შევურჩიე: „ბელა გაბელაია“ დავარქვი, ჭკვიანი და ლამაზი გოგონას სახელი. ამიერიდან მას მეგობრად მივიჩნევ და სამუდამოდ ჩემთან იქნება.
ჩემო მშვიდო, გონიერო, ლამაზო ბელა, მე შენ ძალიან მიყვარხარ!

ნატალი მანდარია - 2010

შვიდი ხმის საიდუმლო

ერთხელ მამამ ტყეში წამიყვანა, მდინარესთან ახლოს და მაშინ ვეზიარე ბუნების შვიდი ხმის საიდუმლოს. პირველად ჩიტების ჭიკჭიკი გავიგონე, მერე მდინარის ტალღების ხმა, შემდეგ ხეების შრიალი მომესმა. მზის სხივებს ავხედე, მერე დაბლა დავინახე მინდორ-ველი, მუხა, ფიჭვები, ნაძვები, სოკოები. ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, ამ სილამაზეში გართულმა გავიგონე მეხუთე ხმაც. ეს იყო ფოთლების შრიალი. მერე მეექვსე ხმაც მომესმა. ეს ბავშვების ყიჟინი იყო. ხოლო ბოლო ხმა ყვავილების ჩურჩული იყო. თქვენ გაგიგონიათ? არა? მე კი. აი, ასე ვეზიარე ბუნების საიდუმლოს.

რა არის ბავშვობა

რა არის ბავშვობა? მე მგონი, ყველას აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. ბავშვობა დიდი სიხარულია, ხალისია. ვთქვათ, ბავშვები თამაშობენ. უცებ ერთი წაიქცა. წაქცეულზე ცუდს არავინ იტყვის. მხოლოდ იმას იტყვიან, პატარაა, რა მოხდა, თუ წაიქცაო. მაგრამ დიდ ადამიანზე კი იტყვიან: ამხელა ქალია და ნორმალურად ვერ დადისო.
ბავშვები მხიარულები არიან, ხოლო დიდები - სერიოზულები. მიკვირს, რატომ ჩქარობენ ბავშვები გაზრდას. ჩემი აზრით, ბავშვობას ვერაფერი შეედრება.

ჩემი ძილისპირული

დედა ძილის წინ მიყვებოდა ქართულ ხალხურ ზღაპრებს, მიმღეროდა თავისი ლამაზი ხმით, კეთილ სიზმრებს მისურვებდა, შემდეგ შუბლზე მაკოცებდა და წავიდოდა. მართალია, არ მახსოვს, რას მიკითხავდა, ან რას მიმღეროდა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ძალიან მსიამოვნებდა და ტკბილად მეძინა.
მართლაც ძალიან კარგია ძილის წინ წაკითხული ზღაპარი. ტკბილ ძილს გისურვებთ, ნახვამდის!

ოცი წლის შემდეგ

მე უკვე გავიზარდე, ვარ 29 წლის. მეყოლა ორი შვილი, ორივე გოგონა. ჩემს ქმარს ზურა ჰქვია. ჩემი გულის ბარტყები უკვე დაიზარდნენ და მე ისინი იმ სკოლაში მივიყვანე სასწავლებლად, სადაც მე ვსწავლობდი.
მახსოვს, ყველაზე მეტად ჩემი ქართულის მასწავლებელი - მანანა ნოზაძე მიყვარდა. წარმატებით დავამთავრე სკოლა და ოქროს მედალიც ავიღე. იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც ასევე კარგად დაამთავრებენ სკოლას.

ცისარტყელა

როგორც ბიბლიაში წერია, ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა. მართლაც, ცისარტყელა რომ გამოჩნდება, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მშვიდობა მოვიდა ამ ქვეყანაზე. როცა წვიმა მოდის, მგონია, რომ ღმერთი აპირებს დედამიწის განადგურებას. ცისარტყელა კი იმისთვისაა მოვლენილი, რომ მშვიდობამ დაისადგუროს.
ცისარტყელა ბავშვობასა და სიკეთეს მოგვაგონებს და მის დანახვაზე სასიამოვნო განწყობა გვეუფლება. მე ძალიან მიყვარს ჩემი ცისარტყელა.

შავ კორტოხზე შავი მუხა

ეს მუხა უბერებელია. იგი ჩემს სოფელში დგას. ამხელა ქალი ვარ და მუხა ჯერაც არ მომკვდარა. იდგა კორტოხზე და ამშვენებდა გარემოს. ზაფხულში მუხა საოცრად ლამაზი სანახავი იყო, ამწვანდებოდა და შრიალებდა. ზამთარში კი ეძინა.
ვუყურებდი მუხას და ვმშვიდდებოდი, მაგრამ ერთხელ, როცა ყველა ხეს ეძინა, ჭექა-ქუხილი ატყდა, მეხი ჩამოვარდა და მუხას ცეცხლი წაეკიდა. მას სულ დაეწვა მწვანე ფოთლები. მუხა დუმდა, გრძნობდა, რომ უბედურება შეემთხვა.
გაზაფხულზე, როცა ბუნებამ გამოიღვიძა, ირგვლივ ყველაფერი ამწვანდა. საცოდავი მუხა კი კვლავ გამურული იდგა და კვნესოდა. აი, რატომ დაერქვა მას „შავი მუხა“.

მარიამ ქურხაშვილი - 2010

შვიდი ხმის საიდუმლო

ერთ პატარა მდინარეზე, ვერეზე, ცხოვრობდნენ ფრინველები და ცხოველები. ერთხელ მომეცა საშუალება, რომ წავსულიყავი ამ ხეობაში და ბუნების საიდუმლო ამომეხსნა.
უცებ ხმა შემომესმა: „ჭიკ-ჭიკ“. მივხვდი, რომ ეს ჩიტები იყვნენ. იქვე შორიახლოს, ტბაში, ბატები დაცურავდნენ და ფრთებს ატყაპუნებდნენ. მესამე ხმა კი კატის კნავილი იყო. მერე ხეზე ფუმფულა, ყავისფერმა ციყვმა გაირბინა და ფუღუროში შეძვრა. სადღაც ხეზე კოდალა აკაკუნებდა და ჭიებს სანსლავდა. ირემი მწვანე ბალახით ტკბებოდა და გემრიელად ახრამუნებდა. ოო, ეს მეშვიდე ხმა კი ფარშევანგის ყივილი იყო. იგი ლამაზად შლიდა კუდს.
ის დღე ვერეზე ბედნიერად გავატარე.

„სჯობს სახელისა მოხვეჭა“

სახელის მოპოვება ადვილი არ არის. მარტო სიმდიდრესა და ქონებაზე რომ იფიქრო, სახელს ვერ მოიხვეჭ. ბევრი კარგი საქმე უნდა გააკეთო, ,განათლებული ადამიანი უნდა იყო, ბევრის მოთმენა უნდა შეგეძლოს, რომ შენი სახელი დაიმკვიდრო.
მე მინდა, სპორტსმენი, კერძოდ, ჩოგბურთელი გამოვიდე და სახელი გავითქვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყველამ იცოდეს ჩემს შესახებ და ყველას ვუყვარდე.
ძალიან მინდა, რა თქმა უნდა, თუ შევძლებ, მწერალი გამოვიდე. ამისათვის განათლების მიღებაა საჭირო. მე ვცდილობ, რომ ბევრი ვიკითხო, ჩემი სიტყვა ვთქვა მწერლობაში და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვიხვეჭ სახელს.

რა არის ბავშვობა

ჩემი აზრით, ბავშვობა ყველასათვის ლაღი და ბედნიერი უნდა იყოს. მაგრამ ხშირად ასე არ არის. არიან ბავშვები, რომელთაც დღემდე ენატრებათ სათამაშო. იმას კი არ ვამბობ, მშობლებს ენანებათ ფული-მეთქი. არა, ზოგიერთს საშუალება არ აქვს, უყიდოს თავის შვილს მისთვის სასურველი სათამაშო.
მე, მაგალითად, ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მაქვს. არ არსებობს ისეთი სათამაშო, ჩემს ოჯახში რომ არ იყოს. ჩემს მეგობრებს ჰგონიათ, რომ ჰაერიდან ცვივა და მხოლოდ მე ვკრეფ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩემი მშობლები ბევრს შრომობენ და ჩვენთვის არაფერი ენანებათ.
მე ძალიან მინდა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს და ყველა თავისი ბავშვობით ტკბებოდეს. ნეტავ ეს სურვილი ღმერთმა ამისრულოს.

ჩემი ძილისპირული

როცა პატარა ვიყავი, დედა და ბებია მიკითხავდნენ ზღაპრებს, რომ კარგად დამძინებოდა. ბებო უფრო მოგონილ ამბებზე მესაუბრებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა პოეზია და მეც სიამოვნებით ვუსმენდი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მის მიერ მოყოლილი ზღაპარი „ბებო ძმრის ბოთლში“. ამ ზღაპარს საინტერესო გაგრძელება აქვს. იგი ისეთი მხიარულია, რომ მეორედ წაკითხვის სურვილიც გაგიჩნდებათ. მე დედას ვთხოვდი, ეს ზღაპარი კვლავ წაეკითხა ჩემთვის. მამა სამსახურში მიდიოდა და შინ გვიან ბრუნდებოდა. ბებო კი თავისუფალი იყო და ზღაპრის გმირებზე მელაპარაკებოდა. ვთვლი, რომ ჩემი ასაკისათვის საკმაო განათლება შევიძინე. ეს კი ჩემი ბებოსი და ჩემი მშობლების დამსახურებაა.

ოცი წლის შემდეგ

მე უკვე 30 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში, ქმარიც მყავს და შვილებიც. სულ ოთხი შვილი მყავს - სამი ბიჭი და ერთი გოგონა. ვმუშაობ და ცხოვრებაც მაქვს აწყობილი. რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, ის უკვე ამიხდა. მენატრება სკოლა, მასწავლებლები, კლასელები. მაგრამ რას ვიზამ, ისევ სკოლაში ხომ არ დავიწყებ სიარულს!
ჩემს მეგობრებს კომპიუტერით ველაპარაკები ხოლმე, შემდეგ ერთმანეთს ვხვდებით სადმე და მთელ თბილისს ფეხით შემოვივლით. ვიხსენებთ სკოლის ამბებს და ვერთობით.
პროფესიით ჩოგბურთელი ვარ. ჩემს უძველეს მეგობრებს რომ ვხედავ, ვეუბნები: 20 საუკუნე გავიდა, რაც არ მინახავხარ-თქო.
საღამოობით დროს ჩემს ოთხ შვილთან ვატარებ და ვუყვები ბავშვობის თავგადასავლებს.

ჩემი სოფელი

ჩემი სოფელია მაშნაარი. იქიდან ერთი ნაბიჯი და სიღნაღი შემოგეგებება. იქ ჩასვლა ძალზე მახარებს და აი, რატომ: იქ ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი მამიდა, ბიცოლა, ბიძები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები. ისინი ძალზე კეთილები არიან, სიხარულით გვხვდებიან. დილით შვიდ საათზე გამოდიან ჩვენს დასახვედრად. მერე საფიქრალი გვაქვს, ვისთან დავრჩეთ - ბიცოლასთან თუ მამიდასთან. ვერ ვიტყვი, სად უფრო მიყვარს დარჩენა. ყველგან სილამაზე და სითბოა.

სიმართლის ქვეყანა

სიმართლის ქვეყანაში ალბათ არ ყოფილხართ, მე კი ვიყავი. გინდათ, გიამბოთ, რა ხდებოდა იქ? როგორი ხალხი დამხვდა? როგორ გამიმასპინძლდნენ? ამის გაგება თუ გინდათ, ვეწვიოთ ჩემს თხზულებას.
ერთხელ სიმართლის ქვეყანაში გამგზავრება გადავწყვიტე. ბევრი ვიარე, გადავიარე მთები ზღვები, მდინარეები, ტბები და საქართველო დავტოვე. უკვე ღამე იყო და დამეძინა. რომ გავიღვიძე, ათის ნახევარი იყო. გავიხედე და დაფაზე წარწერა დავინახე: „სიმართლის ქვეყანა“. ყველაფერს სიმართლე ერქვა. გამიკვირდა და გადავწყვიტე, რესტორანში შევალ-მეთქი. საოცრად თბილი ხალხი დამხვდა. მე ვთხოვე მწვადი, ხინკალი, პილპილი და ღვინო. მომიტანეს და ყველაფერს სიმართლე ეწერა. კარგად გავერთე და დავბრუნდი ისევ საქართველოში.

ცისარტყელა

ცისარტყელა არის ლამაზი, მომხიბვლელი, ფერადი, მშვიდი. იგი წვიმის შემდეგ ჩნდება ხოლმე. უფრო კი მაშინ, როცა ერთდროულად თან წვიმს, თან მზეა.
მის გამოჩენას სიხარულით ვხვდები ხოლმე. ადამიანს ცისარტყელა ამშვიდებს, მხიარულ განწყობაზე აყენებს. ბავშვებს სურთ, დასხდნენ ცისარტყელაზე და იფრინონ, სხვათა შორის მეც, მაგრამ ცისარტყელა შორს არის და ხელით ვერ შესწვდები. როგორც ამბობენ, იგი მშვიდობის, იმედის, ბედნიერებისა და სიყვარულის სიმბოლოა.

შავ კორტოხზე შავი მუხა

ეს მუხა მარიამჯვრის ნაკრძალში ეკლესიის გვერდით ამოვიდა. იგი საოცრად ლამაზია, მაგრამ ჯერ არ ამწვანებულა. იქ ხშირად წვიმს. მუხას მალე კვირტები გამოუვა, ნაყოფსაც მოისხამს და ამწვანდება.
როგორც გითხარით, იგი ეკლესიის გვერდით ბექობზე დგას. მას საგულდაგულოდ უფრთხილდებიან, ყურადღებას არ აკლებენ, რადგან სჯერათ, რომ ის რაღაცით განსაკუთრებულია. იქნებ თქვენც ასე გგონიათ?

საპირველაპრილო ხუმრობა

პირველ აპრილს ჩემს მეგობარს დავურეკე და ვუთხარი: „თათია, ჩამოდი ჩემთან, კიევში მივდივარ და უნდა დაგემშვიდობო!“
ჯინსის შარვალი და კედები ჩავიცვი, კეპი დავიხურე, ხელში „ჩუპა-ჩუპსი“ დავიჭირე და თათიას მოსვლას დაველოდე. თათიას გადავეხვიე და ვითომ თვალზე ცრემლიც მომადგა. თათიამ მკითხა, რამდენი დღით მიდიხარო? მე კი ვუპასუხე, საცხოვრებლად გადავდივარ-მეთქი.
თათიას კინაღამ გული შეუწუხდა, აბა მე რაღა ვქნაო. მე სიცილით ვუპასუხე: „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!“
თათიამ საყვედურებით ამიკლო, რად მომატყუეო. მაგრამ ჩემი ტყუილი მხოლოდ პირველ აპრილს არის მოსალოდნელი.

გიორგი ქათამაძე - 2010

რა არის ბავშვობა
ბავშვებს უფროსები თითქმის ყველაფრის ნებას აძლევენ. ზოგიერთი ბავშვი ამით სარგებლობს და თვითონ უბრძანებს უფროსს რამეს. ისიც უსრულებს. თუ ისეთ რამეს სთხოვს შვილი, რისი შესრულებაც დედას არ შეუძლია, დედა ეუბნება: „შვილო, გეყოფა, ასეთი აზრები ჩემს დასაქანცავად მოგდისო.“
ისე დაბერდები, ვერ გაიგებ, როგორ ჩაირბინა დრომ. დიდობაში ბავშვობა გახსენდება, შენს თავზე გეცინება და ამბობ: „ეჰ, როგორი ცელქი ვყოფილვარ, ახლა კი ჩემს შვილებს ვეჩიჩინები, არ იცელქოთო.“
მაინც რა არის ბავშვობა?
იქნებ არავინ იცის! მე კი მგონია, რომ ბავშვობა დიდი რამაა, რაც ყოველთვის კარგად გახსენდება და ნატრობ, ნეტავ ისევ ბავშვი ვიყოო.

მხიარული ისტორია
ერთხელ მე და ჩემი მეგობრები სოფელში ტყის პირას ვთამაშობდით. სულ სამნი ვიყავით. თამაში მალევე მოგვწყინდა. მოვიფიქრეთ ასეთი რამ: ვინც უფრო მაღალ ხეზე ავიდოდა, ის გადაწყვეტდა, რა გვეთამაშა. ჰოდა, დაიწყო შეჯიბრი.
იქვე ახლოს ისეთი პატარა ხეები იდგა, მხრებამდე ძლივს მოგწვდებოდა. ცოტა მოშორებით მაღალი ხე იდგა და ერთი ბიჭი იმ ხეზე აძვრა. იმ ხის ფუღუროში თურმე კოდალა ცხოვრობდა, რომელიც ხეს ჭიებისაგან და მატლებისაგან ათავისუფლებდა. ბიჭმა კაკუნი გაიგონა, მაგრამ კოდალა ვერ დაინახა. უცებ კოდალამ რამდენჯერმე ჩაუკაკუნა ჩემს მეგობარს. მან ტირილი მორთო, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ხიდან ჩამოვარდა. ჯერ ერთ ტოტს რეძგვა თავი, მერე - მეორეს და ძირს ისე დაეცა, რომ ცოცხალი თუ გადარჩებოდა, არ მეგონა. ის ტირილ-ტირილით გაიქცა სახლისაკენ. იქვე ძაღლი იწვა. ვერ დაინახა და ფეხი კუდზე დააბიჯა. ძაღლი გაეკიდა, მაგრამ ვერ დაეწია. ბიჭი დაიღალა. საწყალმა ძლივს მოიშორა ძაღლი. დაქანცული ძირს დაჯდა. გველი ზედ ააცოცდა. მას ისე შეეშინდა, რომ სახეზე მკვდრის ფერი დაედო. ისეთი შეშინებული იყო, რომ თავი ვერ გააკონტროლა და ფუტკრების სკას შეასკდა. ფუტკრებმა მთელი სახე დაუკბინეს.
ახლა ჩემი მეგობარი ამ ისტორიას რომ იხსენებს, სიცილით კვდება.

ჩიტები ზამთარში
ერთ ამწვანებულ ტყეში გულყვითელა ჩიტები ცხოვრობდნენ. ერთ ოჯახში ჩიტებს ბევრი ბარტყი ეყოლათ. სამწუხაროდ, იმ დროს ძალიან ციოდა. ყოველდღე უფრო და უფრო ემატებოდა სუსხი. ერთ დღეს მოთოვა. ბებერ ხეებს თეთრი ქურქი ჩააცვა, ჩიტებს ბუდეები სულ თოვლით დაუფარა. შეშინებული ჩიტები ბარტყებს რიგრიგობით ათბობდნენ. მათ ძალიან შეეშინდათ, ბარტყები არ დაგვეხოცოსო.
მამა გულყვითელა გაფრინდა. ბევრი იფრინა და თავის ბარტყებსა და დედა გულყვითელას საკვები მოუტანა. დედამ თავისი წილი საკვები შვილებს გამოუზოგა.
მალე გაზაფხული მოვიდა. ბარტყებმა ფრენა ისწავლეს, ჭია-ღუებით აავსეს ბუდე და დედას მიართვეს.

ჩემი სოფელი
ჩემს სოფელში ჩავალ თუ არა, ბებო გამომეგებება ხოლმე, შემიპატიჟებს და გამიმასპინძლდება. მერე გავალ ბაღჩაში, მოვინახულებ ჩემს ძაღლს, ცოტას წავეთამაშები. გადავხედავ კურდღლებსაც. საჭმელს დავუყრი, მივეფერები. ვიშრომებ კიდეც: მოვრწყავ ხეებს, ბოსტნეულს, პომიდორს, გოგრას, კიტრს, სტაფილოს. ბებიაჩემს იმდენი რამ უთესია, რა ჩამოთვლის!
გადის დრო. ვნახულობ მეგობრებს, ვკითხულობ საბავშვო წიგნებს, ტკბილი თუთით პირს ვიტკბარუნებ, ტყის პირას ვკრეფ მაყვალს მურაბისათვის, ხანდახან ტელევიზორს ვუყურებ.
ხშირად დავდივართ პაპას საფლავზე და ვასუფთავებთ ბალახისაგან, ვლოცულობთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და გამოვუყვებით გზას შინისაკენ. ასე გრძელდება ზაფხულის არდადეგები.

სიმართლის ქვეყანა
იყო ერთი ქვეყანა, სადაც სიმართლეზე მეტად არაფერი უყვარდათ. იქ ტყუილის მთქმელს ვერ ნახავდით. რაც არ უნდა ცუდი რამ ჩაედინა ადამიანს, ყველაფერს ნანობდა.
ერთ დღეს სიმართლის ქვეყანაში დიდი აურზაური ატყდა. თურმე ტყუილების ქვეყნიდან ტყუილი ჩამობრძანებულა. ხალხს გული სიძულვილით აევსო ტყუილის დანახვაზე: „რა გინდა აქ, შე არამზადა, შე ბოროტოო“.
ტყუილმა ერთი-ორი დაუსტვინა და დახეთ საოცრებას! ტყუილების წვიმა წამოვიდა. ისინი ადამიანებს ჯიბეებში ჩაუსხდნენ, მატყუარებად აქციეს. ზოგიერთ ადამიანს კი ვერ მოერივნენ. ამის შემდეგ მსოფლიოში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს საერთოდ აღარ ამბობენ.

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, ახლობლები, მაგრამ ყველაზე ძალიან ღმერთი მიყვარს. მე გიამბობთ ისტორიას ადამიანზე, რომელსაც ღმერთის არ სწამდა.
იყო ერთი უცოლშვილო კაცი. ეს კაცი ძალიან უგულო და ძალიან ბოროტი იყო. მის ბოროტებას საზღვარი არ ჰქონდა. თანაც ხალხს ამცირებდა. ღმერთმა იფიქრა: მოდი, ამ კაცს საცოლეს ვოპოვნი, იქნებ იმან მაინც შეაგნებინოს რამეო. ღმერთმა მართლაც მისცა ცოლი, მაგრამ იმანაც ვერაფერი მოუხერხა თავის მეუღლეს. კაცმა ქალიც გადააგვარა.
ერთ ღამეს კაცს სატანა გამოეცხადა და უთხრა: ჩემთან წამოდი და ბოროტება ერთად ვაკეთოთო. კაცს მართლა შეეშინდა და გაეღვიძა. ცოტა ხანს იფხიზლა და ისევ დაეძინა. ახლა კი ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: იქნება გონს მოხვიდე და მიხვდე, რამდენ ბოროტებას სჩადიხარ. თუ სიკეთეს არ გააკეთებ, ჯოჯოხეთში მოხვდები და იქ ისე გაგაწამებენ, თავბედს დაიწყევლი. თუ პირობას მომცემ, რომ გამოსწორდები და ბოროტებას აღარ ჩაიდენ, სამოთხეში მოხვდები და დიდებულად იცხოვრებო.
კაცი დაეთანხმა. ამის შემდეგ ბოროტება აღარ ჩაუდენია და სამოთხეშიც მოხვდა. გირჩევთ, ვინც ჯერ კიდევ ბოროტებას ემსახურებით, დაუჯერეთ თქვენს მფარველ ანგელოზს, ის სულ კეთილ საქმეებს ჩაგადენინებთ!

შავ კორტოხზე შავი მუხა
ჩემს სოფელში, ტყის მახლობლად, გაშლილ მინდორზე ათიოდე მუხა დგას. ყველა ამწვანებულია ერთი მაღალი მუხის გარდა. ეს მუხა სულ მოწყენილია, ზაფხულშიც კი.
ერთხელ ზაფხულის ცხელ დღეებში ვესტუმრე სოფელს. სოფლის ამბები მოვიკითხე, ძაღლი და კურდღლები მოვინახულე და უკვე ძილის დროც მოვიდა. ბებომ საძინებელში გამაცილა, გულში ჩამიკრა, მაკოცა და თავისი საძინებლისაკენ გაეშურა. იმ ღამეს ძალიან ტკბილად მეძინა.
გავიღვიძე თუ არა, ბებო შემომეგება, ჩაი შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი: „ჩაისთვის სად მცალია, ამდენი საქმეა გასაკეთებელი-მეთქი“. კურდღლებს საზრდო ვუპოვე, ბაღჩა მოვრწყე. იქვე პატარა მუხის ნერგი შევამჩნიე, რომელიც სულ შავი იყო, როგორც ის მუხა, მინდორში რომ დგას.
მუხის ნერგს წყალი დავუსხი, შემდეგ დიდ ვედროში ავზიდან წყალი ავავსე და მინდვრისაკენ გავემართე. მაშინვე ვიპოვე დიდი მუხა, სულაც არ შეცვლილიყო. დავუსხი წყალი. ისე სწყურებია, რომ დალია თუ არა, მაშინვე განათდა.
კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და დავიძინე. მეორე დღეს ისევ მოვრწყე მუხები. ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ მუხები აყვავილდნენ. მივხვდი, რომ მასზე არ ზრუნავდნენ და ამიტომაც იყვნენ ასეთი მოღუშულები.

გიორგი არევაძე - 2010

ოცნება
ნეტავ, იმ მაღალ გორაკზე
ტაძარი ამაგებინა
და ჩემი ხელით ბავშვები
ღვთიურად გამაზრდევინა.

ნეტავ, მოძღვარი გამხადა,
ღვთის ნება გამაგებინა,
ხალხისთვის მემცნო მისი ხმა,
ეშმაკი დამაგმობინა.
ხატის წინ მუხლის მოდრეკით
უფალი მახსენებინა.

ცისარტყელა

ცისარტყელა წვიმის შემდეგ გადაიშლება. როგორც კი წვიმა შეწყდება, მაშინვე გამოვრბივარ აივანზე და მის გამოსვლას ველოდები ერთი წუთი, ორი, სამი... და უკვე ცაზე ლამაზი ცისარტყელა გადაიშლება. შევცქერი ამ საოცრებას და გული სინაზით მევსება. დავჯდები სკამზე და ვუყურებ, სანამ არ გაქრება. ამის შემდეგ ნასიამოვნები ვარ, სულ ვნატრობ, რომ კიდევ მოვიდეს წვიმა გადაიშალოს, ლამაზი ცისარტყელა.

საპირველაპრილო ხუმრობა

გათენდა პირველი აპრილი. ჩავიცვი, მაგრამ ის კი აღარ მახსოვდა, რომ პირველი აპრილი იყო. გადავწყვიტე, რომ ქალაქში გავსულიყავი. ეზოში ჩავედი და მეზობელმა დამიძახა: ამხელაზე შარვალი როგორ გაიხიეო. შემეშინდა სახლში ავვარდი. ვნახე, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ მქონდა. ისევ ეზოში ჩავედი და გზას გავუყევი. დავინახე, რომ ერთი მოხუცი კაცი მზესუმზირას ჰყიდდა. ყიდვა მინდოდა, მაგრამ კაცმა მითხრა, საკმარისი არ არისო. მე ძალიან გამიკვირდა, სახლში წამოვედი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ 1 აპრილი იყო და ჩემს თავზე გამეცინა, თურმე რა გულუბრყვილო ვყოფილვარ!

შავ კორტოხზე შავი მუხა

ჩემს სოფელში შავ კორტოხზე შავი მუხა ხარობდა. მე ის მუხა ძალიან მიყვარდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ეს მუხა რომ ნერგი იყო. მე ყოველთვის ვუსხამდი წყალს და მიხაროდა, რომ ვუვლიდი. ჩამოვჯდებოდი მის ქვეშ და ვთამაშობდი დანასობიას ან კენჭაობას. ამ ხეს არავის ვაჭრევინებდი. მასზე საქანელა დავკიდე და ვერთობოდი. ახლა კი ეს ხე დაბერდა. მეცოდება და კვლავ ვიცავ.

დავით თავაძე - 2010

„სჯობს სახელისა მოხვეჭა“
ადამიანი იმისათვის დაიბადა, რომ კარგი საქმეები აკეთოს. წმინდანებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მაგრამ იმდენი სიკეთე დათესეს, რომ ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას, მე ბევრი სიკეთე გავაკეთე და რაღა საჭიროაო. ეს მოსაზრება არ არის სწორი. თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ კარგ საქმეს გააკეთებ, რომ გარდაიცვლები, სამოთხეში მოხვდები. იქ ძალიან კარგია, ხოლო ჯოჯოხეთში წამებაა. ცუდი ის არის, რომ ახლობლებს ვერ ნახავ. ამიტომაა საჭირო, იყო კეთილი და თავმდაბალი.
ოცი წლის შემდეგ
მე რომ ოცდაცხრა წლის ვიქნები, ცოლიც მეყოლება და შვილებიც. შვილებს საუკეთესო საბავშვო ბაღსა და სკოლაში ვატარებ. ჩემი ოცნებაა, რომ სამი ბიჭი მყავდეს, მათი სახელები უკვე მოფიქრებული მაქვს. მე და ჩემმა ცოლმა აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, ბავშვებს კი ძიძას დავუნიშნავ. ჩემი შვილები რომ დავაჟკაცდებიან, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარებინებ, უფასოზე. მერე სამივეს მანქანას ვუყიდი, ცოლებს მოვაყვანინებ და შვილიშვილებიც მეყოლება. ჩემს მშობლებს კი ძალიან გავუფრთხილდები.
მხიარული ისტორია
ერთხელ საშინაო დავალებას ვასრულებდი, რაღაც შემეშალა და საშლელი დამჭირდა. სახლში არავინ იყო, ფული რომ გამომერთმია. ხან სად შევძვერი, ხან - სად, ფული რომ მეპოვა და როგორც იქნა, ოცი თეთრი ვიპოვე. დავფიქრდი, სახლი როგორ დავტოვო მარტო-მეთქი და კართან ძაღლი დავაბი.
გავიქეცი მაღაზიაში. გამყიდველმა მითხრა, საშლელი არ მაქვსო. ახლა მეორე მაღაზიაში გავიქეცი. გამყიდველმა კი მითხრა: გვაქვს საშლელი, მაგრამ ძვირიაო. მე ვუთხარი, ცოტა დააკელი-მეთქი. მას გაეცინა და საშლელი 15 თეთრად მომცა.
ძალიან გამეხარდა. გამოვიქეცი და თან სახლზე ვნერვიულობდი. მივუახლოვდი სახლს და რას ვხედავ: ჩემი ძაღლი მეზობელს მისდევს. გავეკიდე, ხომ უნდა წამომეყვანა! ფეხები კინაღამ მომტყდა. როგორც იქნა, ძაღლი სახლში მივიყვანე. შევედი ჩემს ოთახში და დავიძინე. როცა გამეღვიძა, დედ-მამა სახლში დამხვდა. მე ყველაფერი მოვუყევი. მეგონა, მეჩხუბებოდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამთ.

ჩემი სოფელი
როცა ჩემს სოფელში მივდივარ, იქ მხვდებიან ბებია და ბაბუა. როცა წასვლას დავაპირებთ ხოლმე, ბაბუას ვატყობინებთ და ის გვახვედრებს დაკლულ ქათმებს, ღორს და ძალიან ბევრ ნუგბარს. რომ დაღამდება, დაღლილები ტკბილად ვიძინებთ.
ყველაზე ადრე ბაბუა იღვიძებს და ძროხისათვის ბალახი მოაქვს. წასვლის წინ ბაბუა სულ მეუბნება, რამე ხომ არ გინდა, რომ მოგიტანოო. მე არაფერს ვავალებმაგრამ მაყვალი, ვაშლი და ტყის ხილი მაინც მოაქვს ჩემთვის.
ხანდახან მეც თან მივყვები. გზაზე რაც გვხვდება, ბაბუა მიხსნის. სახლში ძალიან დაღლილები მოვდივართ, ხოლო ბებია გემრიელ სადილს გვახვედრებს. მერე ბებია და ბაბუა ისევ შრომობენ ეზოში. მე კი წიგნებს ვკითხულობ, ზოგჯერ ვეხმარები. სკოლის დრო რომ მოდის, წამოსვლა აღარ მინდა, მაგრამ რას ვიზამ?

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, სამსახურში ჭკვიან მასწავლებლებს ავიყვანდი. ჩემი სკოლა აუცილებლად უფასო იქნებოდა. ვინც კარგად არ ისწავლიდა, სკოლიდან გავრიცხავდი. ამის მიხედვით სკოლას „ნიჭიერს“ დავარქმევდი.
„ნიჭიერი“ ძალიან ლამაზი იქნებოდა. ყველა საკლასო ოთახში კონდიციონერებს დავამონტაჟებდი. გამოვავლენდი საუკეთესო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. საჩუქრად კი ლეპტოპებს გადავცემდი.
სკოლაში იქნებოდნენ ბოქსის, ცეკვის, კარატეს, ხატვის, ქანდაკებისა და კომპიუტერის მასწავლებლები. ყველა იქნებოდა პროფესიონალი. მეყოლებოდა უამრავი ძიძა, რომ ბავშვებს კარგად მიხედონ. ბუფეტში გაიყიდებოდა ყველანაირი საჭმელი. სკოლის გარეთ გავაკეთებდი გასართობ კარუსელებს, ატრაქციონს, საქანელას, ფეხბურთის სტადიონს. დავნიშნავდი ავტობუსსაც.
აი, ასეთი იქნებოდა ჩემი სკოლა „ნიჭიერი“.

ცისარტყელა
მე ცისარტყელა ძალიან მომწონს, რადგან იგი ძალიან ლამაზია. როცა მას ვუყურებ, გული სიხარულით მევსება და ვამბობ: ნახეთ, რა ლამაზია ცისარტყელა, თვალს ვერ მოაშორებ! წარმოგიდგენიათ, რა ლამაზია, ცას რომ ახედავ და შვიდი ულამაზესი ფერი გიდგას თვალწინ. იგი ყველაფერზე ლამაზია ამ ქვეყნად, მის დანახვაზე ადამიანებს სახე უნათდებათ.

შავ კორტოხზე შავი მუხა
მშვენიერი სანახავია, შავ კორტოხზე შავი მუხა როგორ მწვანდება. გინდა, რომ სულ იქ იყო და უყურო, როგორ ყვავილობს, იშლება და იზრდება. ვისაც არ გინახავთ, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ: შენს წინ შავი მუხა დგას და ნელ-ნელა სიმწვანე ემატება.
პირველად მუხა სოფელში ვნახე, როცა მაყვლის საკრეფად ვიყავი წასული. ძალიან ლამაზი სანახავი იყო, იმდენი რკო ესხა. იგი მძლავრი ხეა. საქართველოც მას ჰგავს.

ბელა გაბელაია - 2010

შვიდი ხმის საიდუმლო
ერთხელ ჩემი სოფლის ტყეში წავედი. ლამაზ ბუნებას თვალი ვერ მოვწყვიტე. იმ იმედით წავედი, რომ შვიდი ხმის საიდუმლოს ამოვხსნიდი. წუთები საათებად მეჩვენებოდა. უეცრად ბულბულის გალობა შემომესმა. მე აღტაცებით ვუსმენდი ამ გალობას. ცოტა ხანში ანკარა ნაკადულის ჩხრიალი გაისმა. მე შევყვირე: უკვე ბუნების ორი საიდუმლო ამოვხსენი-მეთქი. ახლა დარჩენილი ხმების ამოხსნას ველოდებოდი. მესამე ხმა კოდალას კაკუნი აღმოჩნდა. თანდათან სიხარული მიძლიერდებოდა. მეოთხე საიდუმლოს დროც დადგა. ეს თეთრი გედების ფრთქიალი აღმოჩნდა. მეხუთე ხმა საყვარელი ციყვების ცმაცუნი იყო. მალე ამწვანებული ფოთლების შრიალიც მოისმა. მეშვიდე ხმა კი ჩიტუნიების ჟღურტული იყო. მე ბედნიერებისაგან ვბრწყინავდი, როცა ბუნების შვიდი ხმის მესაიდუმლე გავხდი.
ბავშვობა
ბავშვობა - ეს არის დიდი ბედნიერება დიდობასთან შედარებით. ოდესღაც ყველა ბავშვი იყო. გავიდა დრო, ისინი გაიზარდნენ, ახლა კი ნანობენ, რომ ბავშვები აღარ არიან და ტკბილად იხსენებენ წარსულს, ბავშვობაში ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც მშობლები პატიობდნენ. უფროსებს ახსენდებათ პირველი მასწავლებლის მომღიმარე სახე, სურვილი უჩნდებათ, რომ კიდევ ერთხელ შეხვდნენ კეთილსა და თბილ მასწავლებელს, რომლისაც მადლიერნი არიან.
ბავშვები რატომღაც სხვანაირად ვფიქრობთ: გვინდა, მალე გავიზარდოთ და ჩვენი მომავალი შევქმნათ.

ოცი წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ გათხოვილი, ზრდასრული ქალი ვიქნები. მეყოლება ორი შვილი, მექნება სამსახური, ხელფასი, რომლითაც ჩემს შვილებს გავახარებ. გამოვალ ცნობილი ჟურნალისტი და ყოველდღე მიხილავთ ტელევიზიაში. ალბათ როგორც ყველა ჟურნალისტზე, ჩემზეც იქნება მითქმა-მოთქმა, ჭორები.
ჩემს გოგონას დავარქმევ თიკას, ბიჭს კი-ლუკას. ვისწავლი უგემრიელესი კერძების დამზადებას. გავხსნი საკუთარ სავაჭრო ცენტრს, სამოდელო სააგენტოს. შვილებს სრულფასოვნად გავზრდი, ვასწავლი საუკეთესო სასწავლებლებში. იმედი მაქვს, ისინი ჩემს შრომას დააფასებენ და ჩემს ბედს გაიზიარებენ. ასახელებენ ოჯახსა და საყვარელ სამშობლოს.
ჩიტები ზამთარში
ზამთრის ყინვიან ამინდში ფრინველებს ძალიან შესცივდათ. ბევრი ითმინეს, მაგრამ სიცივეს ვეღარ გაუძლეს. ყველა გაფრინდა თბილ ქვეყანაში. მხოლოდ ბეღურები დარჩნენ ადამიანებთან. იფიქრეს, ცოდონი არიან ამ სასტიკ ზამთარში, მარტოებს ხომ არ დავტოვებთო.
რადგანაც ბეღურებმა ადამიანები შეიცოდეს და გაამხნევეს, ისინი ადამიანებმაც შეიყვარეს. აი, სხვა ფრინველები კი ნანობენ: რომ დავრჩენილიყავით ჩვენს სამშობლოში, ჩვენც ხომ ვიქნებოდით ადამიანის მეგობრებიო.
ჩემი სოფელი
ერთხელ, როდესაც პირველად ჩავედი სოფელში, ასეთი რამ შემემთხვა: შევედი სახლში და ყველას მივესალმე. ისინი გახარებულნი გამოეშურნენ ჩემსკენ და გადამკოცნეს. მე ყველაზე მეტად ჩემი დეიდაშვილის შვილი მაინტერესებდა, მაგრამ ბავშვი არსად ჩანდა. მოვათვალიერე ოთახები და რომ ვერსად ვნახე, გადავწყვიტე, უფროსებისათვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი საუბრობდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი: ამხელა გზა რისთვის გამოვიარე, რომ ოთახებში მერბინა და ის ბავშვი მეძებნა-მეთქი! უცებ თვალი მოვკარი, თოჯინებით თამაშობდა. მე მივუახლოვდი, მან კი ამომხედა და მითხრა: დაუკაკუნებლად შემოსვლა არ შეიძლებაო. გავიფიქრე, ეს ბავშვი არც ისე პატარა ყოფილა, მე რომ მეგონა-მეთქი.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა მოვშინაურდი, სათამაშო ავიღე, რომ მეთამაშა. უცებ ბავშვი მომვარდა და თმები მომწიწკნა. გავიქეცი, სხვა რამეც არ დამიშავოს-მეთქი. რამდენიმე დღე ასე უბედურად გავატარე. ბოლოს კი ისე გავმწარდი, ვთქვი: ყურები გამეზარდოს, თუ მეორედ აქ ჩამოვიდე!
მეორე დილას დავტოვე სოფელი. არ ვიცი, იქნებ დაჭკვიანდა კიდეც ჩემი დეიდაშვილის ბავშვი, დიდი ხანია, აღარ მინახავს.
მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო
„სკოლის დამთავრების შემდეგ მილანში გადავსახლდი. ერთ მშვენიერ დღესაც ვისვენებ, ერთკვირიანი შვებულება მაქვს (სულ დამავიწყდა, მეთქვა: ქართული ენის მასწავლებელი ვარ), მესმის ზარის ხმა. კარი გავაღე და რას ვხედავ: ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი, ესმერალდა, მობრძანდა. ის უცნაური თავნება ქალია. გაოგნებულს სულ დამავიწყდა, ესმერალდა შინ შემომეპატიჟებინა. მაგრამ მას ნებართვა არც უთხოვია, ისე შემოიჭრა სახლში. მან მითხრა: ვიცი, რომ გიკვირს ჩემი სტუმრობა, ისიც ვიცი, რომ კარგი ურთიერთობა არ მაქვს შენთან, მაგრამ ახალი ამბავი რომ არ გითხრა, არ შემიძლია! ამ დღეებში სკოლის დირექტორად უნდა დამნიშნონ და გახარებული ვარ. არ ვიცოდი, ვისთვის მეთქვა ჩემი ბედნიერების შესახებ და გადავწყვიტე, ისევ შენთან მოვსულიყავიო.
„ვაიმე, ეს რა გავიგე, - ვფიქრობ მე, - ეს თუ დირექტორი გახდა, სამსახურის დატოვება მომიწევს,“ - გავიფიქრე, მაგრამ მაინც მივულოცე და მეორე დღეს შიშით მივედი სამსახურში. კლასში შემოიჭრნენ ჩემი კოლეგები, მილოცავენ დირექტორად დანიშვნას. მე კი მიკვირს: აბა, გუშინ ესმერალდამ რომ მითხრა, დირექტორად უნდა დამნიშნონო? შეუთხზავს! იცოდა, რომ არავინ დანიშნავდა და ჩემი გამწარება მოისურვა.
ჩემი, ანუ დირექტორის პირველი სიტყვა ის იყო, რომ ყველა მატყუარა მასწავლებელი გაეძევებინათ სკოლიდან.
ესმერალდა სულ ცოფებს ყრიდა, მაგრამ დირექტორის ნებას ხომ უნდა დამორჩილებოდა!“
შავ კორტოხზე შავი მუხა
გაზაფხულდა. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, კლდეზე ავსულიყავით. ძალიან რისკიანები ვართ, მშობლები გულამოგლეჯილები დავტოვეთ შინ. გზაში ვართ. ყურებში დედების განწირული ხმები გვესმის. ვნანობთ, უსამართლოდ რომ მოვექეცით მშობლებს. ნატალიმ თქვა:
- მეგობრებო, ჩვენ შევცდით, ასე არ უნდა მოვქცეულიყავით. ალბათ როგორ ნერვიულობენ ჩვენზე მშობლები, რომლებმაც გაგვზარდეს. ჩვენ კი სიკეთე ასე გადავუხადეთ!
- ნატალი მართალია, - დაამატა ნინომ, - უსამართლოდ მოვიქეცით.
- მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ კლდეზე ასვლა გულით გვინდოდა! - დასძინა მარიმ.
ამ საუბარში ერთ მუხას გადავეყარეთ, რომელიც კორტოხზე იდგა დანაღვლიანებული და მოწყენილი. გულში თითქოს ისარი მომხვდა ამ ხის საცოდაობით. ყველასაგან გარიყული, ისე იდგა თავჩაქინდრული, თითქოს დიდი ლოდი აწევს გულზეო და უცბად გამახსენდა, რომ მშობელი შინ ასეთივე დანაღვლიანებული დავტოვე. ჩემს მეგობრებსაც ეს გრძნობა დაეუფლათ. ავიკარით გუდა-ნაბადი და შინისაკენ გამოვეშურეთ. დედას მოვეხვიე და ვაკოცე:
-დედა, მაპატიე, ასე ნაღვლიანი რომ დაგტოვე. ასე არასოდეს მოვიქცევი!
დედაც მომეხვია. ამ წუთს მე ვიგრძენი, რომ ის მუხაც გამხიარულდა. ალბათ ის დედაჩემი იყო...

საპირველაპრილო ხუმრობა
გათენდა. ნანატრი 1 აპრილიც დადგა. ამ დღეს მთელი გულით ველოდი, რადგან ვიცოდი, რომ უამრავი ხუმრობა გადამხდებოდა თავს.
ავდექი, ვისაუზმე და ეზოში ჩავედი. იქ ჩემს მეგობარ ნიას შევხვდი და ვუთხარი:
- ნია, გთხოვ, გამეცალე, ეს ავტომანქანა ჩემი ხელით უნდა გადავდგა იქითა ეზოში, თორემ ხელს მიშლის, ეზოში ვერ ვეტევი!
- რას ამბობ, ამხელა ძალა შენ ვინ მოგცა! ან ამხელა ხარ, რომ ვერ ეტევი? - გაუკვირდა ნიას.
- დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! - და სიცილით გავეშურე სხვის გასაბრიყვებლად.
ეს არ ვიკმარე, ჩემი კვიმატობა აქ არ დასრულებულა. ახლა თენგო პაპასთან მივირბინე.
- თენგო პაპა, როგორ ხართ?
- კარგად, შვილო, მოკითხვისათვის დიდი მადლობელი ვარ, - მიპასუხა მან.
დავაპირე, რომ თენგო პაპა გამეცურებინა, მაგრამ მან დამასწრო:
- შვილო, წეღან ბაღის ყარაული მორბოდა და იძახდა, ის ვერაგი ბელა ამ ცოცხით უნდა გავცოცხოო.
- ვაი, დავიღუპე, მაგრამ რა დავაშავე?
- არ ვიცი, შვილო, თავს უშველე!
- გმადლობთ, რომ გამაფრთხილეთ, ნახვამდის!
გავრბივარ გამწარებული და ყარაული არ შემომხვდა? მართლაც დიდი ცოცხი ეჭირა ხელში. „ახლა კი ვეღარ გადავრჩები-მეთქი“ - ვიფიქრე, მაგრამ ყარაული მომესალმა, გამიღიმა და მითხრა, კარგი გოგო ხარო.
ახლაღა მივხვდი, რომ თენგო პაპამ მომატყუა, იმ დღეს ხომ 1 აპრილი იყო!

Monday, March 29, 2010

ლიკა გიორგაძე - 2010 წელი

შვიდი ხმის საიდუმლო
ტყეში რომ ფეხი შევდგი, მეშინოდა, მაგრამ ისეთი ხმები შემომესმა, რომ გამეხარდა გულის სიღრმეში. მომესმა ჩანჩქერის ხმა. ის ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. ჩიტებიც საამურად ჭიკჭიკებდნენ. დედა ჩიტი ბუდეში იჯდა და ბარტყებს უვლიდა. შემდეგ მე და გუგულმა „დამალობანა“ ვითამაშეთ. როცა ვიმალებოდი, გველს მოვკარი თვალი და ავკანკალდი. ის ჩემთან მოახლოებას აპირებდა, მაგრამ კეთილმა გუგულმა გადამარჩინა.
ამასობაში ჩემი ძაღლის ყეფაც გაისმა. სიხარულისაგან ვხტოდი. უცებ პატარა ციყვის წუწუნი შემომესმა, რომელიც დაკარგულიყო და გზას ვერ პოულობდა. მას უკან ერთი კოჭლი კურდღელი მოსდევდა. ყველანი გავიცანი და შინისაკენ კმაყოფილი წამოვედი.

„ სჯობს სახელისა მოხვეჭა“
მე ჩემი სიკეთით ყველა ქართველ ადამიანს გავაბედნიერებდი, უნივერსიტეტს ავაშენებდი და ახალგაზრდები განათლებას მიიღებდნენ. მეზობლები, მშობლები, ბებია, ბაბუა და ნათესავები ჩემით იამაყებდნენ.
გავა დრო და ჩემი შვილებიც განათლებულები იქნებიან, რადგან ზუსტად იმ უნივერსიტეტში ისწავლიან, რომელსაც მე ავაშენებ.

ჩემი ძილისპირული
ძილის წინ ბევრ ზღაპარსა და მოთხრობას მიკითხავდნენ და ყველა ძალიან მომწონდა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა „ცეროდენა“ და დედაც ხშირად მიკითხავდა ხოლმე. ამ ზღაპარში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, რომ დედამ შვილი ინატრა და ოცნება აუსრულდა.
ახლა ძილის წინ ზღაპარს არავინ მიყვება, მაგრამ მაინც ტკბილად ვიძინებ, რადგან ვიცი, რომ დედა აუცილებლად დამესიზმრება.

20 წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ მე 30 წლის ვიქნები. ახალი ცხოვრება მექნება. შვილები მეყოლება, რომელთაც კარგად მოვუვლი. ძილის წინ „ნანას“ ვუმღერებ და ტკბილად დაეძინებათ.
გავა დრო და ისინი წამოიზრდებიან, ნიჭიერთა სკოლაში ივლიან და მერე უმაღლეს განათლებასაც მიიღებენ. ჩემს შვილებს ასეთ დარიგებას მივცემდი: „თქვენ რომ შვილები გეყოლებათ, მოუფრთხილდით, არასოდეს იყოთ მკაცრები, იყავით კეთილნი. მე არასოდეს არ გეჩხუბებოდით და თქვენც ასეთები უნდა იყოთ!“
იმედია, ისინი ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ და თუ მართლა ასე მოხდა, მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი ამ ქვეყანაზე!

ჩემი სოფელი
მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. იქ ყოველ ზაფხულს ჩავდივარ და მიხარია, რომ მეგობრები მელოდებიან. ბებია და ბაბუა ძალიან კეთილები არიან. გაშლიან ხოლმე სუფრას და ვქეიფობთ. სულ მეფერებიან. როცა რამეს დავაშავებ, კი არ მეჩხუბებიან, პირიქით, კარგ დარიგებას მაძლევენ, ყოველთვის სიმართლე თქვიო.
ჩემი ერთგული მეგობარი ყველას მირჩევნია. მას 4 წელია, რაც ვიცნობ. როცა მოწყენილი ვარ, მეფერება და მაწყნარებს ხოლმე.
მომწონს ჩემი სოფლის ბუნება. ჩანჩქერი მოჩუხჩუხებს, ხეზე კვასკვასა წითელი ვაშლები ასხია, ლამაზი ვარდები გაშლილა და თვალს ახარებს.
როცა რუსთავში ვბრუნდები, გზადაგზა ვტირი ხოლმე...

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო
მე რომ სკოლის დირექტორი გავხდე, კარგად უნდა ვისწავლო, ჭკვიანი და აზრიანი ვიყო. დირექტორობა ძალიან ძნელი რამ არის. მაგალითად, უნდა იჯდე კაბინეტში და საქმეებს არიგებდე, მოსწავლეებს ყურადღებას აქცევდე, მაგრამ რომ არ ვსწავლობ ისე კარგად, როგორც საჭიროა? საქმეც მაგაშია.
ბავშვებს არ მოვექცეოდი უჟმურად. თუ ბევრს გააცდენდნენ, საყვედურს გამოვუცხადებდი. ისე მასწავლებლობაც არ არის ცუდი. მე ძალიან მიყვარს ჩემი მანანა მასწავლებელი, რადგან ის გვახალისებს, კეთილად გვექცევა და ვუყვარვართ.


რაც ყველაზე ძალიან მიყვარს
რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ეს დედაჩემის მოფერებაა. მისი სითბო დღემდე მენატრება. უფლის მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი მშობლები ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვლენ. ყველანაირად ვეცდები, რომ კარგად ვისწავლო და დედაჩემი და მამაჩემი გავახარო.
დედის სითბოს არაფერი სჯობს. ალბათ ყველას გიგრძვნიათ დედის სითბო! თუმცა სკოლაში ყველა მეხმარება, მეფერება და კეთილად მექცევა.

Saturday, March 27, 2010

გიორგი არევაძე - 2009 წელი

კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება მოიგონოს ელექტრონული ქურთუკი. ეს დასჭირდება გასათბობად. მას ექნება სპეციალური ჩასართავი და გამოსართავი. როგორც კი ჩამრთველს შეუერთებ, მაშინვე ქურთუკში სითბო წამოვა და ადამიანი გათბება. კიდევ შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს ისეთი ნივთიერება, რომელსაც როგორც კი მიწაზე დააგდებ, მაშინვე დიდი და უზარმაზარი ხე ამოვა. ადამიანი მას დაარქმევდა “ხეთკალიტსს”. ადამიანმა შეიძლება კიდევ გამოიგონოს დინოზავრი, რომელიც ვეფხვის, ქათმის ანდა სხვა ცხოველის დნმ-სგან შედგება.
ღიმილის ფასი
ღიმილს დიდი ფასი აქვს. წარმოადგინე ადამიანი, რომელიც იღიმება, მხიარულად არის. აბა, ამას რა სჯობია? აბა ის არის კარგი, ადამიანი სულ რომ მოღუშულია? სულ რომ გაბრაზებულია? სულ შუბლი აქვს შეკრული? როცა ადამიანი გიღიმის, შენც გაუღიმებ. აი, მაგალითად, მე სულ მხიარული ვარ, მოღუშული კი - არასდროს. ადამიანი კარგ ხასიათზე რომ არის, ისიც კარგია. ამიტომ ადამიანი არასდროს არ უნდა გავაბრაზოთ. აბა, კიდევ წარმოიდგინე მომღიმარი დედა: სულ გეალერსება, ამიტომაც არც დედა არ უნდა გავაბრაზოთ. ღიმილს ძალიან, ძალიან დიდი ფასი აქვს.
ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ლამაზი, ჭკვიანი, მოსიყვარულე და გულთბილი. ბევრ რამეს გვასწავლის. მაგალითად, მათემატიკაში ორნიშნა რიცხვის გამრავლება და გაყოფა უკვე გვასწავლა, განტოლებებიც ვიცით, გვასწავლა გამრავლება, გაყოფა, მიმატება და გამოკლება. 11 დეკემბერს მისი დაბადების დღეა, ეს დღე მას ძალიან ახარებს. ასევე მეც, ის ძალიან გახარებულია. რაც მთავარია, ამ დღეს ყველა მხიარულია. არა, ყოველდღე მხიარულია, მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებით. მე ის ძალიან მიყვარს.
მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებს ვასწავლიდი ქიმიას, მოვუყვებოდი, თუ რისგან შედგება პლასტმასი და რა ნივთიერებებია მასში გამოყენებული, კიდევ ვასწავლიდი მათემატიკას, მაგალითებს ამოვახსნევინებდი და ამოცანებს შევადგენინებდი, თუ გამაბრაზებდნენ, ვეტყოდი, ასე მეორეჯერ აღარ მოიქცე-მეთქი და თავის ადგილზე დავსვამდი. ასე მოვიქცეოდი, მასწავლებელი რომ ვიყო.
მე მგონია, რომ მოსწავლეებს ძალიან ვეყვარებოდი. მეც ჩემს სიყვარულს გავუზიარებდი და ერთ დიდ ოჯახს შევქმნიდით.
პეპელა
მე პეპელა ვარ. მე მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში მოვდივარ, მხოლოდ სამი დღე ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე და სიცოცხლით ვტკბები. აქეთ-იქით დავფარფატებ, ხან ერთ ყვავილზე დავჯდები, ხან მეორეზე. ყვავილების ნექტრით ვიკვებები და ჭუპრიდან ვიბადები. ზაფხულობით ბავშვები გამორბიან სახლებიდან და ჩემს დაჭერას ცდილობენ. მე კი მოხერხებულად დავუძვრები ხოლმე. გთხოვ, ნუ მომკლავთ, მე ისედაც სამი დღე ვცოცხლობ და ნუ გამიმწარებთ სიცოცხლეს.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენთვის ნათელია, რომ ზოგიერთ ქართველს უჭირს ქართულად ლაპარაკი. ისინი ამახინჯებენ სიტყვებს და ზოგიერთ სიტყვას რუსულად წარმოთქვამენ. მაგალითად, “იაშიკი”, “პესოკი”, “პრავიზონკა” და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ენა. ამაში კი ვერავინ დაგვეხმარება. ეს ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ. აი, ჩემი კლასელი დანიელი სულ რუსულად ლაპარაკობს. მე კი ვუსწორებ, მე შემიძლია გითხრათ მისი ნათქვამი რამდენიმე სიტყვა: “ჩემი და საშლელი გადმომაგდო!” აი, სულ ასეთი სიტყვებით ლაპარაკობს. რას არ გავიღებდი, რომ ყველა ქართველმა ქართული სიტყვებით ილაპარაკოს.
ჩემს მეგობარს!
- ჩემო მეგობარო, ბოდიშს გიხდი, რომ იმ დღეს სათამაშო წაგართვი, სახურავზე შეგიგდე და გაგიტეხე, ძალიან ვნანობ. შეგიძლია, რომ მაპატიო? ყოველდღე ვფიქრობდი, მაპატიებს თუ არა, რაც მოხდა-მეთქი, ახლა კი მომეცა იმის შანსი, რომ დავრწმუნდე, მაპატიე თუ არა. ვიცი, მეტყვი: “გაპატიე უკვე, რაც მოხდა, მაგრამ მეორედ აღარ გაპატიებ, ასე რომ, გაითვალისწინე ჩემი ნათქვამი!”
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი არ არის ჭკვიანი, ის ზარმაცია, წიგნი არ უყვარს და რაც მთავარია, არაფერში არ გამოიყენება. ის ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ არც სამსახურში აიყვანენ და ამის გამო ღარიბი იქნება. შეიძლება მხოლოდ დაბალი დონის სამსახურში აიყვანონ, როგორიცაა: მენაგვეობა ანდა მტვირთავობა, თუ არც ამაში აიყვანენ, უნდა ისწავლოს და ასე იქნება რამეში მაინც გამოადგეს ოჯახს. მაღალი დონის სამსახურში დასვამენ განათლებულებს, რომლებსაც კარგი კაბინეტი ექნებათ და კარგ პირობებსაც შეუქმნიან. მოკლედ, ის მდიდარი იქნება, სახლს გაარემონტებს და გაჭირვებულსაც დაეხმარება, შეიძლება პრეზიდენტიც გახდეს და ქვეყანა მართოს, სახლები, დიდი თეატრები და სკოლები ააშენოს.
დაკარგული ნივთი
ერთ დღეს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მე სიხარულით ცას ვეწიე. მაშინვე ავიღე ქურთუკი, ჩავიცვი ბოტები, ქუდი დავიხურე და გარეთ გავვარდი. ცოტა ხანი ვიგუნდავე მეგობრებთან ერთად. შემდეგ ვიფიქრე: ავალ სახლში და ჩემს მეგობრებს ჩემს ახალ სათამაშო მანქანას ვანახებ-მეთქი. მართლაც ასე მოვიქეცი, მაგრამ სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი მეგობრები იქ აღარ დამხვდნენ, სადაც ვგუნდაობდით. ყველა სახლში წასულიყო. დავიწყე მარტოდმარტო თამაში. უცებ გიამ დამიძახა. მეც ჩემი სათამაშო მანქანა სულ დამავიწყდა. გავვარდი გიასთან. ჩემი მანქანა კი თოვლით დაიფარა. ის გვიან მომაგონდა. “ჩემი მანქანა!” _ შევძახე მე. დავიწყე თოვლის ქექვა, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენი. სახლში ტირილით მივედი, ძალიან ვინერვიულე.
გავიდა ზამთარი, მოვიდა ზაფხული. ერთხელ გამოვედი სახლიდან. უცებ ჩემი მეგობარი გია მოვიდა ჩემთან და მანქანა მომაწოდა. “მანქანა, ჩემი მანქანა!” - შევყვირე სიხარულით. თურმე გიას უპოვნია ჩემი მანქანა და შეუნახავს. აი, ასე ვიპოვე ჩემი მანქანა.
მოდი, გაზაფხულო!
მალე გაზაფხული მოვა. ცხრათვალა მზე ამოკაშკაშდება და ყველას გაგვათბობს. ცხოველები თავიანთი სოროებიდან და ბუნაგებიდან გამოვლენ, მერცხლები საამურად დაიწყებენ ჭიკჭიკს, სხვა ფრინველებიც მოფრინდებიან თბილი ქვეყნებიდან. ქარიც ჩადგება. ხშირად გვეწვევა წვიმა და სოკოებიც მალე გაიზრდებიან. ხეები კვირტებს გამოიბამენ, ჭრელი პეპლებიც გამოჩნდებიან, ბზუილა ფუტკრებიც თაფლის გაკეთებას შეუდგებიან, ჭიანჭველები უფრო კარგად იმუშავებენ, ჭიამაიები ბალახებზე დასკუპდებიან. რა სილამაზე იქნება ირგვლივ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია!

ბელა გაბელაია - 2009 წელი

ღიმილის ფასი
მე ძველად სკოლა “ბალავარში” ვსწავლობდი. იქ ერთი მასწავლებელი გამუდმებით შენიშვნას მაძლევდა, “გაიღიმე, ისე უფრო ლამაზი იქნებიო.” ერთხელ მართლაც გავიღიმე, და ეს მასწავლებელმა შენიშნა. ასე მითხრა: როგორც იქნა, მაინც გაიღიმეო. მეც გამიხარდა, რომ მასწავლებელი გავახარე. ასე გავიგე, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ღიმილით ვინმე გაახარო და იმის შემდეგ სულ ვიღიმი. მე მივხვდი ღიმილის ფასს.
ტყის იდუმალი გამოძახილი
ტყეში პიკნიკზე ჩემს მეგობრებთან ერთად წავედით. იქ ბევრი ვიმხიარულე და ვითამაშე. მოულოდნელად ერთი უცნაური ხე შევნიშნე, რომელიც გამუდმებით ფორმას იცვლიდა.
მას დავუწყეთ ცქერა. ხის იქით უფსკრული მოჩანდა, რომელიც ფოთლებით იყო დაფარული. უცებ უფსკრულიდან ყმუილი მოგვესმა. ძალიან შევშფოთდით. რომ გაგვეგო, თუ რა ბინადრობდა უფსკრულში, დიდი მორი ჩავაგდეთ და აი, უცებ სიჩუმეც ჩამოვარდა. სულ გადაგვავიწყდა დაწყნარებულებს ის იდუმალი ხე და თამაში განვაგრძეთ. მოახლოვდა შინ დაბრუნების ჟამიც.
სახლში მოსული დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა, მაგრამ ძილშიც კი იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ეს ხე ასეთი იდუმალებით მოცული და რატომ იცვლიდა გამუდმებით ფორმას.
დაკარგული ნივთი
ერთხელ ჩემს დეიდასთან თელავში ჩავედი. იქ ჩემმა ბებიამ ჩამიყვანა. ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთი დავკარგე, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა. შეიძლება თქვენთვის უბრალო ნივთი ყოფილიყო, მაგრამ მე კი ძალიან მიყვარდა. ეს ნივთი გახლდათ დიდი თმის საჭერი, რომელიც ცისფერი იყო, თეთრი გვირილებით მორთული.
ძალიან ვინერვიულე, მაგრამ რას ვიზამდი. მეორედაც ჩავედი თელავში და იქ სათამაშოების ყუთში ვიპოვე ჩემი თმის საჭერი, მაგრამ ის უკვე დამტვრეულიყო. ვიფიქრე, მაინც ავიღებ-მეთქი, მაგრამ შემრცხვა, თურმე ჩემი თმის საჭერი ვის სახლშიც ვიმყოფებოდი, იმ ბავშვის საუკეთესო სათამაშო ყოფილა და აღარ ავიღე, რადგან ვიცოდი, რომ იმ თმის საჭერით ვინმე მაინც თამაშობდა. ამ იმედით დავტოვე ის თელავში.
ჩემი პირველი მასწავლებელი
ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩემმა მასწავლებელმა, მთვარისამ, სიურპრიზი გაგვიკეთა და ეკლესიაში წაგვიყვანა. იქ სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ კიდეც. მთავარი სიურპრიზი კი ხატი იყო ჩემთვის, რომელიც ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა მაჩუქა.
იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მაგრამ მე ჩემს მასწავლებლის მიერ მოძღვნილი საჩუქარი არ დამვიწყებია.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ზოგი ქართველი ირანში ცხოვრობს. ისინი ძველად გადაასახლეს იქ.
მათ წესიერად ქართული ენა არ ახსოვთ.
მე მათ მივმართავ, რომ როცა გავიზრდები, აუცილებლად მოვინახულებ. თითოეულს ჩავუტან ქართულ წიგნებს, მივეხმარები ქართული ანბანის შესწავლაში და თუ რომელიმეს სურვილი ექნება, ჩვენს პატარა საქართველოში დავაბრუნებ.
იცით, მე რამდენი ამბის თხრობა მინდა ჩვენს საქართველოზე, აგვისტოს მოვლენებზე? მალე გავა რამდენიმე წელი და მე თქვენ გეახლებით.
სიყვარულით თქვენი ბელა.
თეთრი პეპლისა და თეთრი გვირილის ამბავი
იყო ერთი პეპელა, რომელიც მთლიანად თეთრი იყო. ბევრი იფრინა თუ ცოტა, წააწყდა გვირილას, ისიც პეპელასავით ნაზი და თეთრი გახლდათ. პეპელამ უთხრა გვირილას: ვითომ შენც პეპელა ხარ და მოდი, ერთად ვიფრინოთო. კარგი, - უთხრა გვირილამ, - მაგრამ მე გვირილა ვარ და არა პეპელაო. პეპელას გაეცინა და უთხრა: კარგი, თუ ჩემთან თამაში არ გინდა, მაშინ მე გავფრინდებიო და ისე გაფრინდა, რომ გვირილასაც მოანდომა გაფრენა და თამაში. გვირილამაც დააპირა ცაში აჭრა, თამაში, მაგრამ წელი მოსწყდა. პეპელა მიფრინდა საჩქაროდ ექიმ კალიასთან და გვირილას ამბავი უამბო. ექიმმა კალიამ მოარჩინა გვირილა და შინისკენ გაეშურა. იმ დღის შემდეგ პეპელა და გვირილა სულ ერთად იყვნენ და წუთითაც არ შორდებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ჩემი აზრით, ადამიანებს ერთმანეთი იმიტომ უყვართ, რომ ისინი ერთმანეთს უზიარებენ სიყვარულს.
სიყვარული ულამაზესი გრძნობაა.
უსიყვარულოდ სამყარო ერთფეროვანი იქნება და უხალისოც კი.
სამყარო იმიტომ არსებობს, რომ ადამიანის გული სითბოთი და სიყვარულით იყოს სავსე. ამაში ყველა დამეთანხმება, რადგან ეს სრული სიმართლეა.
გზა
“გზა ყველა ადამიანმა უნდა გაიაროსო”, - ამბობდა ბებია.
ადამიანის ცხოვრება დიდი გზაა, სადაც ხან გასაჭირია, ხან ლხინი. მე არ მესმის, ზოგ ადამიანს უსამართლო გზა რატომ ხვდება.
ხომ შეიძლება ყველას კეთილი და სამართლიანი გზა შეხვდეს? მაგრამ ასე არ ხდება.
მე მინდა, ცოტა კეთილი გზა სხვასაც ვაჩუქოთ. ამით ჩვენს გზასაც განვამტკიცებთ, სხვას კი სიხარულს მოვგვრით. იქნებ, ერთი დიდი ყუთი გავავსოთ კეთილი გზებით და მოსახლეობას მივართვათ?
ჩემი ნატვრა
მე მინდა, რომ ჩვენს საქართველოში სიმშვიდე სუფევდეს, არ მინდა იყოს არეულობა.
ჩემი ნატვრა არის გაჭირვებულებისა და ობლების დახმარება.
რომ მქონდეს საშუალება, მთელ ჩემს ქონებას ომის გამო უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობაზე განვაგებდი.
მინდა, მალე გავიზარდო. მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და საქართველოს ღირსეული მამულიშვილი მოვუძებნო წინამძღოლად.
რას ფიქრობს წვიმა
ალბათ წვიმა იმიტომ მოდის, რომ მას ვარსკვლავებმა აწყენინეს, იქნებ მზემ, ანდა მთვარემ, გამორიცხული არაფერია.
წვიმის წყენინებას უნდა მოვერიდოთ, რადგანაც ის ხელს შეუშლის ყანაში მომუშავე ხალხს. ის ხომ ბუნების წევრად ითვლება. რას ფიქრობს ნეტავ, წვიმა ამ დროს?
მართლაც გაუგებარია სრულიად უმიზეზოდ წყენინება. აბა, თქვენ წარმოიდგინეთ თავი წვიმის ადგილას. რას იზამდით? წვიმა ხომ ჩვენზე ფიქრობს - რწყავს მცენარეებს, აგრილებს ბაღებს, ავსებს მდინარეებს, ასუფთავებს ჰაერს. ამას ხომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებს!

რომა გიორგაძე - 2009 წელი

მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებს ვასწავლიდი მათემატიკას, ქართულს, რელიგიასა და ბუნებას. ვასწავლიდი კულტურასა და ჭკვიანად მოქცევას. საშინაო დავალებას მივცემდი, რომ სახლში გაეკეთებინათ. ბევრ მაგალითს ამოვახსნევინებდი, რომ ჩემი მოსწავლეები ჭკვიანები ყოფილიყვნენ. მათ კი ძალიან ვეყვარებოდი და ყველანი ერთად ბედნიერები ვიქნებოდით.
იქნებ მართლა მასწავლებელი გამოვიდე? რა ვიცი . . .
ტყეში
მე რომ ტყეში დავკარგულიყავი, დავფიქრდებოდი, საით წავსულიყავი, მაგალითად, სულ პირდაპირ ვივლიდი. მე იმის იმედი მაქვს, რომ თუ სულ პირდაპირ ვივლი, ტყიდან გამოვალ. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე ცხოველების მეშინია. თითქოს მართლა დავიკარგე: მივდივარ და თან ვფიქრობ: რა გავაკეთო, იქნებ ქოხი ავაშენო-მეთქი. ასეც მოვიქეცი. იქ კი უსაფრთხოდ ვიყავი, ცოტა ხანიც გავიდა, გამოვედი ქოხიდან და გზას გავუდექი და რომ მივდიოდი, ხეებზე ჯვარედინებს ვტოვებდი, რომ წრეზე არ მევლო და გასასვლელი მეპოვა.
როგორც იქნა, ტყიდან გამოვაღწიე. მეორედ მარტო აღარ წავალ!
ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან ჭკვიანი, გულთბილი, კეთილი. მათემატიკაში კარგად გვიხსნის და ამიტომაც კარგად ვიგებთ. მასწავლებელი არის კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გვეჩხუბება, ის მხოლოდ ცდილობს, რომ გაგვაგებინოს. ჩვენ მასწავლებელს აქვს თერთმეტ დეკემბერს დაბადების დღე. ჩვენ ბავშვები ხანდახან მასწავლებელს მისალოც კონვერტებს ვუკეთებთ. ჩვენი მასწავლებელი ახალ მასალას კარგად რომ გვიხსნის, მერე უკვე ადვილად შეგვიძლია ჩავაბაროთ გაკვეთილი. მე მასწავლებელი ძალიან მიყვარს.
პეპელა
მე ვარ პეპელა და ძალიან მიყვარს ფრენა. მე მაქვს სამი დღის სიცოცხლე და ამით ძალიან ვამაყობ. მიხარია, პეპელა რომ ვარ, ყველგან აფრენა შემიძლია, ისეთ სიმაღლეზე ავალ, რომ ვერავინ აფრინდება ამხელა სიმაღლეზე. მე ვიკვებები ყვავილების ნექტრით. ჩემს თავს ვუვლი, ვიჩეკები ჭუპრიდან. მე ძალიან მიყვარს და-ძმა და მშობლები. კიდევ მაქვს ერთი დღე. კარგად!
დაკარგული ნივთი
ერთხელ, როცა ვიყავი ექვსი წლისა, ეზოში ჩავედი და მანქანა გავიყოლე. იმიტომ ამოვარჩიე ის მანქანა, რომ ჩემი მეგობარივით იყო. ჯიბეში ჩავიდე და წავედი. ეზოში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და მეც მომინდა მათთან თამაში. უცბად მანქანა ჯიბიდან გადმომივარდა, მე ვერ ვიგრძენი, ის თითქოს მიწაში ჩავარდა. დავამთავრე ფეხბურთის თამაში და სადღაა მანქანა! ძალიან დამწყდა გული. ავედი სახლში აქვითინებული და დედაჩემმა მითხრა: რა მოგივიდაო? ჩემი საყვარელი მანქანა დავკარგე-მეთქი, - ვუპასუხე. გავიდა კიდევ ორი დღე, ჩემი მანქანა არსად ჩანდა. ვიყავი დაღონებული.
ერთხელ აივანზე გავედი და იქ ჩემი მეგობრები იყვნენ შეკრებილნი. მე გამიკვირდა, რას აკეთებენ-მეთქი. ისინი ყვიროდნენ: “დაკარგულია მანქანა, წითელი ფერის, გონჩი!” რომ დავინახე, ჩემი მანქანა ეჭირათ, სიხარულისაგან კინაღამ მოვკვდი. კიბეებზე ჩავირბინე და გამოვართვი. სიმართლე გითხრათ, მე ის მანქანა ძალიან მიყვარდა და ამის შემდეგ არაფერი დამიკარგავს.
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
კაცმა თუ წიგნი არ წაიკითხა, არაფერი არ ეცოდინება. უსწავლელი კაცი თუ ვინმე არის, ესე იგი, მას წიგნი არ უყვარს. ადამიანი პატარაობაში თუ სკოლაში არ ივლის, არაფერი არ ეცოდინება: არც მათემატიკა, არც ქართული და ასე შემდეგ. ადამიანს თუ წერა-კითხვა არ უყვარს, მაშინ მას ზარმაცს უწოდებენ. ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, რომ მომავალში რამეს მიაღწიოს. უსწავლელი კაცი თავის ცოლ-შვილს როგორღა გადაარჩენს? თუ არ იმუშავებს და ხელფასს არ აიღებს, დაიღუპება. უსწავლელი კაცი ცხოვრებაში არ გამოდგება, ღმერთიც არ დაეხმარება და ყოველთვის მარტო იქნება.
ღიმილის ფასი
ვინც იღიმის, მასთან ურთიერთობა შეიძლება. მე მგონია, ვისაც ღიმილი არ შეუძლია, შეხედავ და შეგზიზღდება, სულ შუბლშეკრულმა არ უნდა იარო. თუ სტუმრად წახვალ და შუბლშეკრული იქნები, ხალხს ეს არ ესიამოვნება. ბრაზიანი არ უნდა იყო, სწორედ ეგ გიშლის ღიმილში. უნდა იყო მხიარული. არასოდეს არ უნდა გააკეთო ისეთი რამე, რომ მერე შეგრცხვეს. მე ვარ ძალიან მხიარული, სულ ვიღიმი, ვარ სასაცილო. შეიძლება შენ ძალიან ლამაზი კბილები გქონდეს და ადამიანი მოხიბლო შენი ღიმილით. მე მგონია, ვინც იცინის, ის ბედნიერია.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ქართველმა ქართულად უნდა ილაპარაკოს. ამისათვის საჭიროა ბევრი წიგნის წაკითხვა. თუ ბევრ წიგნს წაიკითხავ, ენაც მიეჩვევა სწორ ლაპარაკს. ეს ყველა ადამიანისთვისაა საჭირო. მართალია, ქართველი ხარ და ქართულად უნდა ილაპარაკო, მაგრამ უცხო ენებიც უნდა იცოდე. თუ ქართული იცით და სიტყვებს ვერ ალაგებთ, სირცხვილია. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველამ ქართულად ილაპარაკოთ. ქართველებმა ზოგიერთი ხალხის ენა არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის სირცხვილი. ჩვენ არ გვესმის მათი ენა, ისინიც ვერ იგებენ ჩვენს ენას. საქართველოში უნდა ვილაპარაკოთ გამოთქმით და ქართულად.
გზა
გზა არის ყველანაირი: ზოგი ვიწრო, ზოგიც ფართო, ზოგი ორმოებიანი, ზოგი კი - ძალიან, ძალიან გრძელი. გზა ყველა ადამიანისთვისაა შექმნილი. ის იმისთვისაა, რომ ყველამ იაროს თავის საქმეზე. გზა აუარებელია. თუ იცი, საით უნდა წახვიდე, გზა აუცილებლად მოგეხმარება მისვლაში. ძალიან ვიწრო გზას ჰქვია ბილიკი, ბილიკი კი უამრავია ტყეში.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ჩვენ პატარა ადამიანები ვართ და ჩვენი საქმე სწავლაა. სკოლაში, ოჯახში გვასწავლიან ერთმანეთის სიყვარულსაც, რადგან ეს ერთადერთი გზაა უფლისაკენ. თუ პატივისცემას პატარაობიდანვე მივეჩვევით, დიდობაშიც მოსიყვარულენი და მზრუნველნი ვიქნებით.
მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლობლები, კლასელები, მასწავლებლები. მოწიწებით ვეპყრობი მათ და ისინიც ყოველთვის გულში მიკრავენ. ამიტომ სჯობს, რომ ერთმანეთს გულები გავუთბოთ და ქვეყანაზეც მშვიდობა იქნება.

დავით თავაძე - 2009 წელი

ჩემს ძმას!
ჩემო ძამიკო, გახსოვს, რომ გინდოდა, ჩემს ველოსიპედზე დაჯდომა და მე არ დაგსვი! ძალიან ვნანობ ამ ამბავზე, გთხოვ, მაპატიე! ვიცი, რომ შენ მაპატიებ. კიდევ გახსოვს, მე და შენ რომ მაღაზიაში ვიყავით და შენ მანქანები რომ გინდოდა? ძალიან ვნანობ, რომ არ გიყიდე. გახსოვს, ერთხელ შენი მეგობრები რომ ველოსიპედით სეირნობდნენ, შენ რომ გინდოდა სახლიდან ველოსიპედის გამოყვანა და მათთან ერთად გინდოდა სეირნობა! მე კი უფლება არ მოგეცი. ძალიან განვიცდი ამ შეცდომას, გთხოვ, მაპატიე. არასოდეს ასეთ რამეს არ ჩავიდენ!

მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
მე რომ ქართულის მასწავლებელი ვიქნები, ბავშვებს კარგად ვასწავლიდი ყველაფერს. ჭკვიანსა და სასახელო ბავშვებს გავზრდიდი. თუ ზოგიერთი გამაბრაზებდა, იმათ ცოტას მოვჩეჩავდი, დანარჩენს კიდევ მოვეფერებოდი. რაც შემეძლება, ყველაფერს გავუკეთებდი. როგორც ჩვენი მასწავლებელი გვასწავლის, მეც იმგვარად ვამეცადინებდი მოსწავლეებს.

თეთრი ფანტელების ქვეშ ...
პირველად მოვიდა თოვლი. კარები გავაღე და რას ვხედავ, - თოვლი მოსულა! ერთი სული მაქვს, ეზოში ჩავიდე და ვიგუნდაო ჩემს ძმებთან და მეგობრებთან ერთად, მაგრამ რა ვქნა, ჯერ სკოლაში ვარ წასასვლელი. ტყუილ-უბრალოდ ხომ არ გავაცდენ. ამიტომ ჯერ სკოლაში უნდა წავიდე. სახლში რომ მოვალ, მაშინ ვიგუნდავებ, მე ორივე მიყვარს - თოვლიც და სწავლაც, უფრო მეტად, რა თქმა უნდა, სწავლა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. რადგან როცა გავიზრდები, ყველაზე მეტად სწავლა გამომადგება. პატარა ვარ და თოვლი იმიტომ მიყვარს, დიდი რომ ვიქნები, მაშინ კი აღარ გამეხარდება. კიდევ იმიტომ მიყვარს თოვლი, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუა მომიტანს საჩუქრებს ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და მხიარულად გავაცილებთ. მე ძალიან მიყვარს, დედაჩემი ნაძვის ხეს რომ რთავს, მეც ვეხმარები, რადგან მსიამოვნებს. რომ ღამდება, მე ძილი არ მინდა. დედაჩემი და მამაჩემი მეუბნებიან, დაიძინე, თორემ ხვალ სკოლაში მიდიხარ, თუ არ დაიძინებ, დააგვიანებო. მე ლოგინში ვწვები, მაგრამ არ ვიძინებ და ყველას ჰგონია, რომ მძინავს. როცა ყველა დაიძინებს, მე ავდგები, საათს შევხედავ და ტელევიზორს ჩავრთავ, სანამ ძილი არ მომერევა.

ტყეში
უჰ, ტყეში დავიკარგე. კაციშვილი არ არის, ღამე სად გავათენო? ცხოველები მოვლენ. რას მიზამენ, არ ვიცი. შეიძლება მთელი ცხოვრება ტყეში გავატარო. იქ ყველაფერი დამავიწყდება. შეიძლება სულ ბოლოს 60 წლის ასაკში მიპოვონ ტანსაცმელი დახეული და დაპატარავებული მექნება. იქ ციცქნა სახლს ავაშენებ, შეიძლება სულაც ვერ მიპოვონ. იქ დავჯდები და ტირილს დავიწყებ, რადგან არც საჭმელი, არც სასმელი არ მექნება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნები. წარსულში გავიხედავ, ვიოცნებებ, თითქოს ჩემმა მშობლებმა მიპოვეს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, ვითომ არის სიმართლე? რა უნდა ვქნა მეტი, რაღა დამრჩენია, ვიცნობ იქაურობას, ცხოველებს მოვკლავ, ძველებურად ცეცხლს ავანთებ, გამოვკვებავ ჩემს თავს და ასე წავა ჩემი ცხოვრება. . .

უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელ კაცს არაფერის გაკეთება არ უნდა ამ ქვეყანაზე, - არც კითხვა, არც სწავლა. წიგნის გადაშლისა და დათვალიერების სურვილიც არ აქვს. დიდობაში გაახსენდება დედის, მამის დარიგება და იტყვის: რატომ არ დავუჯერე მათ, რა ცუდად მოვიქეციო და თავში დაიწყებს ხელების ცემას. დიდობაში იქნება მოჯამაგირე, მენაგვე. თუ კარგად არ ისწავლე, ვერც პრეზიდენტი, ვერც სახელოვანი ვერ გახდები. მერე ასეთ ადამიანს ოჯახი რომ ექნება, რა უნდა აჭამოს ცოლ-შვილს? სახლი კი ცარიელი იქნება. მერე ქუჩაში გავა და იმათხოვრებს, ხალხს თავს შეაცოდებს. შეიძლება ინანოს: რა მინდოდა, შიმშილით მოვკალი ჩემი შვილებიო!

ღიმილის ფასი
ჩვენ ყველას გვიყვარს, თითქმის ყველას, რომ ვიღიმებით. ჩვენ მხიარული, მოსიყვარულე მეგობრები გვიყვარს. აბა, ასეთი ხომ არ გვეყვარება, რომელიც შურიანია. ასეთ ადამიანთან არ უნდა იმეგობრო. შუბლშეკრული ადამიანი მოჯღუნულია. მე მაგალითად, ცუდი მეგობრები სულ არ მყავს, არც სკოლაში, არც მეზობლობაში, არც ნათესავებში. აბა, შუბლშეკრული ადამიანი რაში გამოგადგება, პირიქით, მტერს იჩენ. ღიმილიან ადამიანთან ურთიერთობა ადვილია, მასთან ერთად მხიარულობ. რა თქმა უნდა, ყველას უყვარს კარგი და ღიმილიანი ადამიანი. რაც შეგიძლია, სიკეთე უნდა გააკეთო. ღიმილიანი ადამიანი ამას გააკეთებს, შუბლშეკრული ადამიანი კი მარტო თავის თავზე ფიქრობს.

პეპელა
მე ვარ პეპელა, მე ძალიან მინდა, რომ დიდი ხანი ვიცხოვრო, მაგრამ ასე არ არის. სულ სამ დღეს ვცხოვრობ, მაგრამ რას ვიზამ, ასეთია ეს ცხოვრება. ყვავილების ნექტრით ვიკვებები. ამ სამ დღეში თითქმის ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ მინდა, რომ უფრო დიდხანს ვიცხოვრო. რადგან ხალხთან მინდა ურთიერთობა, მაგრამ ზოგი ადამიანი ბოროტია - ჩვენ გვკლავს, ან გვიჭერს და ჩვენით ერთობა. მე ძალიან მწყინს, ასე რომ გვექცევიან.

ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენ ქართველები ვართ, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად და საუბარში არ უნდა გავურიოთ რუსული, ინგლისური სიტყვები. ქართველი კაცი ქართულად უნდა ლაპარაკობდეს! ქართველ კაცს ქართული სიმამაცე, ქართული ვაჟკაცობა აქვს. ქართველ კაცს ყველაფერი ქართული უნდა ჰქონდეს. საქართველოს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. ამიტომ უნდა ვისაუბროთ ქართულად და არ შევარცხვინოთ საქართველო. ჩვენი ქვეყანა ენით აუწერელი რამ არის, მისი ბადალი მსოფლიოში არ მეგულება.

დაკარგული ნივთი
ერთხელ, როცა პატარა ვიყავი და თოვლი იყო, გარეთ მინდოდა გასვლა. დედას ვთხოვე და გარეთ გამიშვა. ჩემი პულტიანი მანქანაც წავიყვანე. ეს მანქანა ჩემი საყვარელი სათამაშო იყო. მანქანა რომ მიმყავდა, ძირს დავდე. მანქანა მიდიოდა, მაგრამ უცებ გაქრა. მე სახეზე ფერი არ მედო. რომ ვერ ვიპოვე, ტირილი დავიწყე. შიშისგან სახლში ვერ მივდიოდი. მაგრამ ბოლოს რაღას ვიზამდი! დედას მოვუყევი ეს ამბავი. დედამ მითხრა: ნუ ნერვიულობ, ახალს გიყიდიო. მე დედის იმედი მქონდა. მართლაც დედამ მეორე დღეს მიყიდა მანქანა. მე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. იმის შემდეგ, ხან მარტო გავდივარ გარეთ, ხან ვინმე მომყვება. მანქანები კი აღარ მიმაქვს. აღარ მინდა, კიდევ დამეკარგოს.

ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან კეთილი, ძალიან მოსიყვარულე, რასაც ვეტყვი, ყველაფერს მისრულებს. ჩემი მასწავლებელი ყველაფერს გვასწავლის, თანაც ძალიან კარგად. იგი ჭკვიანია, ხანდახან - მხიარულია, ხანდახან კი - არა. ბავშვებს როცა საჭიროა, მოგვეფერება, როცა რამეს გვიხსნის, მაშინ კი არ გვეფერება. ის დინჯია ძალიან. იგი გულისხმიერია. პატივს ვცემ მას, არ მინდა მისი სახელი შევარცხვინო. იგი როცა რამეს გვპირდება, ყველაფერს გვისრულებს. როცა გვეუბნება, დღეს საკონტროლო უნდა დავწეროთო, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ, რადგან ის გვიხარია, რომ ათიანებს ვიღებთ, აბა ორიანის მიღება ხომ სირცხვილია? ამიტომ მიყვარს იგი და იმიტომ ვამბობ, რომ კარგი მასწავლებელია და ჭკვიანი არის ძალიან, ჩემი მასწავლებელი ჭკვიანი რომ არ იყოს, სულ არაფერი არ გვეცოდინებოდა, არც წერა და კითხვა, ახლა კი ვიცით წერაც, კითხვაც, ჩვენი ტვინი კარგად აზროვნებს. ჩვენი მასწავლებელი მარტო საგნებს კი არ გვასწავლის, არამედ როგორ უნდა მოვიქცეთ, მოხუცებს როგორ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ, ბავშვები, ფულით ვერ დავეხმარებით. სამაგიეროდ, თუ მოხუცს ავტობუსში ამოსვლა უჭირს, მოვკიდებთ ხელს და დავეხმარებით. სიკეთეს რომ ვაკეთებ, ძალიან მსიამოვნებს. ასეთი არის ჩემი მასწავლებელი.

Tuesday, March 23, 2010

დანიელ თუნგია - 2009 წელი

უნაზესი ფანტელების ქვეშ
მე როცა დილით ვიღვიძებ, ცუდ ხასიათზე ვარ და მეზარება ადგომა. ყოველ დილით ფანჯარაში ვიხედები. მაგრამ დღეს დილით როცა ფანჯარაში გავიხედე, რას ვხედავ, თოვლი მოსულა! ისე გამეხარდა, რომ ერთი სურვილი მქონდა, სკოლაში წავსულიყავი და ცუდი ხასიათიც მოვიშორე, უკვე არაფერი არ მეზარებოდა. ვარჯიში გავაკეთე, შემდეგ ხელ-პირი დავიბანე, ვისაუზმე. ბოლოს კი სასკოლო ნივთები ჩავალაგე ჩანთაში, ჩავიცვი და სკოლისაკენ გავეშურე. გზაში ვფიქრობდი, ნეტა ათიანები მივიღო, მერე დავბრუნდე, გაკვეთილები ვისწავლო და შემდეგ გარეთ ვიგუნდაო-მეთქი.
თოვს ზამთრის ლამაზი ფიფქებით, ადამიანები შეშას იმარაგებენ. თოვს... თოვს. მზე არ ჩანს, თოვლმა დაფარა ნაძვის ხე, შიშველი ბუჩქები და ხეები. მხიარულად ირთვება ნაძვის ხე სხვადასხვა ფერებით. ბავშვები მღერიან და აკეთებენ თოვლის ბაბუას. რა მხიარული ზამთარია! ბავშვები თხილამურებით სეირნობენ, სრიალებენ, ბუხართან ბაბუა ყალიონს აბოლებს, ბებია კი წინდებს ქსოვს, ღამე კი ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუა საჩუქრებს აწყობს. დილით ბავშვები საჩუქრებს ხსნიან. ბებია-ბაბუას შვილიშვილები ჩურჩხელებს აბარებენ, სოფლიდან რომ ჩამოიტანონ.


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი ვერაფერი გამოვა. თუ არ ისწავლა, იქნება უბედური, უზრდელი, ზარმაცი კაცი. თავის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს, არც ცოლი ეყოლება და არც ბავშვები. ღმერთი იმ ადამიანებს უსრულებს სურვილებს, რომელიც მართლა შრომობს, წვალობს, რომელსაც უყვარს წიგნი, თავისი სამუშაო და არ არის ზარმაცი. მას ეყოლება კარგი მეუღლე, ზრდილობიანი შვილები და არ იქნება მათხოვარი.


ჩემს დაიკოს
ჩემო საყვარელო დაიკო, გახსოვს, რომ შენი საყვარელი სათამაშო გავტეხე! რა უბედურება ჩავიდინე, ძალიან გთხოვ, ჩემო დაიკო, მაპატიე. მე ძალიან ვდარდობ, მაშინ რომ ეს საშინელი დანაშაული ჩავიდინე. გპირდები, ასე აღარ მოვიქცევი, ჩემო საყვარელო დაიკო. მე გპირდები, რომ ამ სათამაშოს გიყიდი. მე ვიცი, რომ შენ მაპატიებ, შენ ხომ ძალიან კეთილი და გულმოწყალე ხარ. მე ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყანაზე.


ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი კეთილია, ჭკვიანია, ლამაზია, გულკეთილია, მოსიყვარულეა. ძალიან, უყვარს თავისი ენა და ქვეყანა, მას უყვარს ყვავილები. ის საუკეთესო მასწავლებელია. არავინ სჯობნის მას. მანანა მასწავლებელს ძალიან უყვარს თავისი მოსწავლეები. ნინო მეტრეველს ეძახის “წრუწუნას”, ნატალის ეძახის “თაგვს”, გიო ქათამაძეს კი - “დიდ ბუზღუნა დათვს.” საწყენად კი არ ამბობს, არამედ უყვარს მოსწავლეები, მათ კი მოსწონთ მასწავლებლის შერქმეული სახელები და მხიარულად იცინიან.


პეპელა
მე პეპელა ვარ. სამ დღეს ვცოცხლობ. ამ დღეებში სხვადასხვა ადგილებში დავფრინავ და სხვადასხვა პეპლებს ვუმეგობრდები. მე ვიკვებები ყვავილების ნექტრით, ვიჩეკები ჭუპრიდან. ვერ ვასწრებ, რომ ბევრი ვიფრინო, მხიარული დრო გავატარო, იმიტომ, რომ 3 დღის სიცოცხლე მაქვს. მე შექმნილი ვარ ღმერთის მიერ. თუმცა მომწონს, რომ ცოტა ხანს ვცოცხლობ, ვმხიარულობ და ხალისიანად ვატარებ დროს.


დაკარგული ნივთი
ერთხელ მე ჩემმა მდიდარმა ბაბუამ გამაგზავნა პურის საყიდლად. მე არ ვიცოდი, რომ ფული იმ ჯიბეში ჩავდე, რომელიც გახეული იყო. მალევე შევამჩნიე, რომ ფული ჯიბეში აღარ მედო. არ დავბრუნდი სახლში. მთელ მაღაზიაში ყველას ვკითხე, “ორლარიანი ხომ არ გიპოვიათ-მეთქი?” არავის უნახავს. მაშინ მე ჩამოვჯექი მიწაზე და ჯიბიდან გადმომივარდა 2-ლარიანი. მაშინ ისეთი გახარებული ვიყავი!.. პური ვიყიდე, მაშინვე სახლში ავედი და ბაბუას ყველაფერი მოვუყევი. ბაბუამ მაპატია, არ დამსაჯა.


გზა
გზა არის ის ადგილი, სადაც შენ დადიხარ, რომ მიზანს მიაღწიო. მდიდარი ადამიანი ადვილი ცხოვრებით ცხოვრობს და სულ სწორი გზით დადის მთელი ცხოვრება. ზოგი მდიდარი არ არის და აღმართ-დაღმართ გზაზე უწევს სიარული. ასეთებია გაჭირვებული ადამიანები. ყველას კი არ შეუძლია ადვილი ცხოვრებით ცხოვრება! სულ სწორ გზაზე სიარული რატომ არ შეუძლია? არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ ყველას იოლი გზა ჰქონდეს და რაც შეიძლება, ნაკლები პრობლემები ჰქონდეს.


ტყეში
ბევრი ადამიანი დადის ტყეში ექსკურსიაზე ოჯახთან ერთად და ხანდახან მეგობრებთან ერთადაც, იმიტომ, რომ დაისვენონ, ისიამოვნონ ბუნების სილამაზით. ხშირად წავსულვარ ტყეში და მომსურვებია, რაც შეიძლება, ღრმად შევიდე, დავათვალიერო ჩემთვის უცხო გარემო. ხან შემშინებია, რადგან ადამიანის კვალი არ ჩანს და მეგობრებს ვეძახი. ისინი აუცილებლად გამომეხმაურებიან და ტყიდან უვნებლად გამოვალ. ოღონდ ყველაფერი პანიკის გარეშე უნდა გავაკეთო.


ღიმილის ფასი
ღიმილს უდიდესი ძალა აქვს. როცა ადამიანი იცინის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბედნიერია, ლაღია და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. შუბლშეკრულ ადამიანს კი არასოდეს ეცინება, ალბათ გაჭირვებულს არ ეხმარება, გვერდში არ უდგას მეგობარს. ღმერთი ასეთ ადამიანს არ დააფასებს.
მე ხშირად ვიღიმი, ჩემი მეგობრებიც მხიარულები არიან. ამას რა სჯობს. ხშირად გავუღიმოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი!


ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
მე და ჩემი მეგობრები უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. სულ ერთად ყოფნა გვინდა. ვთამაშობთ, ვერთობით, გაკვეთილებსაც ერთად ვსწავლობთ. ხანდახან ვკინკლაობთ კიდეც, მაგრამ მალე ვრიგდებით.
მე ვგრძნობ, რომ მათაც ძალიან ვუყვარვარ. მე მალე ვბრაზდები ხოლმე, ისინი კი მამშვიდებენ და იცინიან. მეც მალე გამივლის წყენა და მერე მხიარულად ვარ.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, რადგან ღმერთი წყალობას არ გვაკლებს და ხელს გვიწყობს, ნამდვილი ადამიანები ვიყოთ!

ნატალი მანდარია - 2009 წელი

ჩემს ძამიკოს
“ძალიან მიყვარხარ, გახსოვს, გუშინ რომ გაგაბრაზე? მიყვარხარ და არ მინდა, რომ სულელობის გამო ვიჩხუბოთ. მაპატიე, არ უნდა მეჩხუბა შენთვის. მაპატიებ, ჩემო ძამიკო? ჩემო ძმაო, მიყვარხარ!”
ის კი მეტყვის: ”კარგი, გეყო, წამოდი, ვითამაშოთ!”


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელობა უბედურებაა, რადგან ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, სამსახური ხომ გინდა, სახლ-კარი ხომ გინდა, შვილების რჩენა ხომ გინდა! მაგრამ თუ ისწავლე, თუ იშრომე, ფულიც გექნება, სარჩო-საბადებელიცა და ყველაზე დიდი სიმდიდრეც, მე იმ სიმდიდრეზე არ ვლაპარაკობ, - ფულზე და მარგალიტებზე, არამედ სიბრძნესა და ჭკუაზე. უსწავლელი კაცი ქუჩაში დარბის, დაწანწალებს და სარჩოს ეძებს. ნაგავსაც კი არ ერიდება, რომ დანაყრდეს. ღამით, როცა ყველას სძინავს, გარეთ სიცივეში სძინავს და არა ლოგინში, ამიტომაც უნდა იშრომო, ისწავლო, იატაკიც კი რეცხო. რომ სულ ცოტა სარჩო მაინც გქონდეს; ასე უნდა გაისარჯო, შვილები დაზარდო, მოუარო, ასწავლო, და მაშინ იქნები კაცი, მაშინ დაგაფასებს ყველა. რა საქმეც უნდა გააკეთო, ყველა საქმე საქმეა, თუნდაც დაგცინონ, არ მოუსმინო, რაც არ უნდა გითხრან, მაინც საქმე გააკეთე და მერე იქნები კაცი. ასე უნდა მოიქცეს ყველა ადამიანი!


შემთხვევა ტყეში
მე ტყეში ვარ, დავიკარგე, აღარავინაა ჩემი მშველელი, ვზივარ ამ ხეებთან და სახლში მიმავალ გზას ვუცქერ, მაგრამ ამაოდ. მგონია, ვიღაცა მოვა და წამიყვანს სახლში. მაგრამ ვინ მოვა, დავდივარ მარტო.
წყეული იყოს ის დღე, როცა მე დავიკარგე. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამ სოკოზე წამიყვანა. მე ძალიან მწყუროდა, ვუთხარი: დედი, წყალს დავლევ-მეთქი. დედამ მითხრა, ცოტა მოითმინე და დაგალევინებო. არ დაუჯერე, ანკარა წყაროს გავყევი და დავიკარგე. წყალი კი აღარ მაკლია, მაგრამ ახლა დედა გვერდით არ მყავს და მეშინია. ტყეში ხომ უამრავი ცხოველია. ვზივარ და ვერც ვიძინებ. იმედი რომ დავკარგე, ისევ დედამ მიპოვა. თვალცრემლიანი ჩემსკენ გამორბოდა და მეც გახარებული დედას მთელი ძალით ჩავეხუტე. ასე დამთავრდა ეს ამბავი.


ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ჭკვიანია. მან მასწავლა კითხვა, წერა. ახლა უკვე იცით, როგორ მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი მასწავლებელი? მიყვარს ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით, ჩემი მასწავლებელი. წმინდა, როგორც წყალი, როგორ არ უნდა მიყვარდეს ჩემი მასწავლებელი, ის რომ არა, მე როგორ ვისწავლიდი წერას? მშვენიერი, გულთბილი, საყვარელი... ის გაიცინებს და მთელი კლასი იცინის, მიყვარს, მიყვარს და მინდა ყველამ გაიგოს, როგორ, როგორ, როგორ მიყვარს ჩემი მასწავლებელი.
ახლა უკვე არაფერი არ მიჭირს იმიტომ, რომ გვერდით მყავს ჩემი მასწავლებელი, ასე ტკბილად, ასე კარგად არასოდეს არ ვყოფილვარ, მიყვარს ჩემი სიყვარულით სავსე საყვარელი მასწავლებელი.


პეპელა
დადგა გაზაფხული, თვალი გავახილე და არემარეს ზემოდან გადმოვხედე, დავინახე ყვავილებით მორთული მინდორ-ველი, საყვარელი დედ-მამა და ჩემსავით ჭრელი პეპლები. მინდოდა ყველაფერი დამეთვალიერებინა, რადგან დღეგრძელი არა ვარ. აი, ენძელა, ია, ყოჩივარდა, მე დავუმეგობრდი მათ, ისინი ხომ ჩემს საზრდოდ არიან შექმნილნი, როგორ მინდა დიდხანს სიცოცხლე, მოვუსმენდი ბულბულის გალობას, ჩიტების ჟღურტულს, ხეების შრიალს, ვილხენდი გაზაფხულის შემობრძანებას, ვეთამაშებოდი ბავშვებს და სიცოცხლით დავტკბებოდი. მაგრამ ეს ხომ აუხდენელი ოცნებაა! თუმცა მაინც მადლობელი ვარ, მე ხომ ღვთის მიერ ვარ შექმნილი!


დაკარგული ნივთი
ერთხელ მეგობარმა სათამაშო მაჩუქა, მეც გამიხარდა, დიდი მადლობა გადავუხადე და წამოვედი. იმ დროს მეგობარმა დამიძახა: წამოდი, ეზოში ვითამაშოთო! მეც წავყევი და სათამაშოც წამოვიყოლე, ხან ვხტუნაობდით, ხანაც ვბზრიალებდით. ბოლოს სახლში წავედი და დავისვენე.
გავიდა რამდენიმე დღე. მერე მომაგონდა სათამაშო, მაგრამ სადღა იყო! მთელი დღე და ღამე მას ვეძებდი, ვისთან არ მივედი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. თურმე მარის გაჰყოლია და მეც ბედმა მარისთან მიმიყვანა. როგორც კი დავინახე ჩემი სათამაშო, სიხარულით ცას ვეწიე. სახლში წავიღე და იმის მერე არაფერი დამიკარგავს.


ფიქრები ბუხრის პირას
მოვიდა ზამთარი, თოვს, ყინავს, ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, ჩვენ მოგვენატრება მათი ჭიკჭიკი, მაგრამ ზამთარი სულ უფრო და უფრო მოიჩქარის, მოდის. და აი, უკვე გადმოგვიგდო თავისი თეთრი საბანი! ბავშვები გამოდიან სახლებიდან და ტკბილ კანფეტებს მიირთმევენ, გუნდაობენ, სრიალებენ. ნახეთ, რა მშვენიერი თოვლის პაპა გაუკეთებიათ! ქუჩაში კი ყოველდღე შეძახილებია: თოვლი მოდის, თოვლიო, აი, მოვიდა ბავშვების საყვარელი ზამთარიო. დიდები კი ბუხართან სხედან და მხიარულად უყურებენ ამ მშვენიერ ზამთარს. წითელი ზარები რეკენ და რეკენ. ნახეთ, ყველა სუფრსთან ზის და სადილობს. დიდსა თუ პატარას - ყველას ძალიან უხარია ზამთრის მოსვლა.


ჩემი ნატვრა
მე ვინატრებდი, რომ ყველა ბედნიერი იყოს, ყველა სიხარულით შეხვდეს ზამთარს, მის სუსხიან ამინდს. ნეტავ ფრთები მქონდეს, ნეტავ ათოსანი ვიყო, ნეტავ ყველა ოჯახი ბარაქით აივსოს, ნეტავ ოცნებები ყველას უსრულდებოდეს. ნეტავ ამ ქვეყანაზე სიკეთის გარდა არაფერი ცუდი არ იყოს, ნეტავ ჩემს მშობლებს არაფერი უჭირდეთ. ნეტავ სულ თოვლი იყოს და ყველას სასიამოვნო წელი გაუთენდეს!


მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვასწავლიდი ცეკვას. და თუ მართლა მასწავლებელი გამოვალ, ვინატრებდი, რომ კარგი მასწავლებელი ვყოფილიყავი და ბავშვები სიხარულით წამოსულიყვნენ უცხოური ცეკვების გაკვეთილებზე, გახარებოდათ ჩემი დანახვა და ვყვარებოდი, იმიტომ რომ თუ ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს, ის არაფერს არ გააკეთებს და არ ისწავლის, თუკი უყვარს მასწავლებელი, ის შეეცდება, რომ მასწავლებლის მითითებები შეასრულოს.
მე მინდა ვიყო ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი.


გზა
ადამიანი თვითონ ირჩევს თავის გზას, უგზოდ ადამიანი ვერსად წავა და თუკი ვერსად წავა, არც მეგობარი ეყოლება, ვერც სკოლაში მიიღებს ცოდნას, დარჩება უსწავლელი. ან თუ მიაღწევს დიდობამდე, ის ხომ უბედური იქნება! ამიტომ გზა საჭიროა ჩვენთვის და გვახსოვდეს, რომ გზასაც სჭირდება გაფრთხილება.
მინდა, რომ ჩემი გზა აღმართიანიც იყოს და ხანდახან სწორიც.
 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .