უნაზესი ფანტელების ქვეშ
მე როცა დილით ვიღვიძებ, ცუდ ხასიათზე ვარ და მეზარება ადგომა. ყოველ დილით ფანჯარაში ვიხედები. მაგრამ დღეს დილით როცა ფანჯარაში გავიხედე, რას ვხედავ, თოვლი მოსულა! ისე გამეხარდა, რომ ერთი სურვილი მქონდა, სკოლაში წავსულიყავი და ცუდი ხასიათიც მოვიშორე, უკვე არაფერი არ მეზარებოდა. ვარჯიში გავაკეთე, შემდეგ ხელ-პირი დავიბანე, ვისაუზმე. ბოლოს კი სასკოლო ნივთები ჩავალაგე ჩანთაში, ჩავიცვი და სკოლისაკენ გავეშურე. გზაში ვფიქრობდი, ნეტა ათიანები მივიღო, მერე დავბრუნდე, გაკვეთილები ვისწავლო და შემდეგ გარეთ ვიგუნდაო-მეთქი.
თოვს ზამთრის ლამაზი ფიფქებით, ადამიანები შეშას იმარაგებენ. თოვს... თოვს. მზე არ ჩანს, თოვლმა დაფარა ნაძვის ხე, შიშველი ბუჩქები და ხეები. მხიარულად ირთვება ნაძვის ხე სხვადასხვა ფერებით. ბავშვები მღერიან და აკეთებენ თოვლის ბაბუას. რა მხიარული ზამთარია! ბავშვები თხილამურებით სეირნობენ, სრიალებენ, ბუხართან ბაბუა ყალიონს აბოლებს, ბებია კი წინდებს ქსოვს, ღამე კი ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუა საჩუქრებს აწყობს. დილით ბავშვები საჩუქრებს ხსნიან. ბებია-ბაბუას შვილიშვილები ჩურჩხელებს აბარებენ, სოფლიდან რომ ჩამოიტანონ.
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი ვერაფერი გამოვა. თუ არ ისწავლა, იქნება უბედური, უზრდელი, ზარმაცი კაცი. თავის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს, არც ცოლი ეყოლება და არც ბავშვები. ღმერთი იმ ადამიანებს უსრულებს სურვილებს, რომელიც მართლა შრომობს, წვალობს, რომელსაც უყვარს წიგნი, თავისი სამუშაო და არ არის ზარმაცი. მას ეყოლება კარგი მეუღლე, ზრდილობიანი შვილები და არ იქნება მათხოვარი.
ჩემს დაიკოს
ჩემო საყვარელო დაიკო, გახსოვს, რომ შენი საყვარელი სათამაშო გავტეხე! რა უბედურება ჩავიდინე, ძალიან გთხოვ, ჩემო დაიკო, მაპატიე. მე ძალიან ვდარდობ, მაშინ რომ ეს საშინელი დანაშაული ჩავიდინე. გპირდები, ასე აღარ მოვიქცევი, ჩემო საყვარელო დაიკო. მე გპირდები, რომ ამ სათამაშოს გიყიდი. მე ვიცი, რომ შენ მაპატიებ, შენ ხომ ძალიან კეთილი და გულმოწყალე ხარ. მე ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყანაზე.
ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი კეთილია, ჭკვიანია, ლამაზია, გულკეთილია, მოსიყვარულეა. ძალიან, უყვარს თავისი ენა და ქვეყანა, მას უყვარს ყვავილები. ის საუკეთესო მასწავლებელია. არავინ სჯობნის მას. მანანა მასწავლებელს ძალიან უყვარს თავისი მოსწავლეები. ნინო მეტრეველს ეძახის “წრუწუნას”, ნატალის ეძახის “თაგვს”, გიო ქათამაძეს კი - “დიდ ბუზღუნა დათვს.” საწყენად კი არ ამბობს, არამედ უყვარს მოსწავლეები, მათ კი მოსწონთ მასწავლებლის შერქმეული სახელები და მხიარულად იცინიან.
პეპელა
მე პეპელა ვარ. სამ დღეს ვცოცხლობ. ამ დღეებში სხვადასხვა ადგილებში დავფრინავ და სხვადასხვა პეპლებს ვუმეგობრდები. მე ვიკვებები ყვავილების ნექტრით, ვიჩეკები ჭუპრიდან. ვერ ვასწრებ, რომ ბევრი ვიფრინო, მხიარული დრო გავატარო, იმიტომ, რომ 3 დღის სიცოცხლე მაქვს. მე შექმნილი ვარ ღმერთის მიერ. თუმცა მომწონს, რომ ცოტა ხანს ვცოცხლობ, ვმხიარულობ და ხალისიანად ვატარებ დროს.
დაკარგული ნივთი
ერთხელ მე ჩემმა მდიდარმა ბაბუამ გამაგზავნა პურის საყიდლად. მე არ ვიცოდი, რომ ფული იმ ჯიბეში ჩავდე, რომელიც გახეული იყო. მალევე შევამჩნიე, რომ ფული ჯიბეში აღარ მედო. არ დავბრუნდი სახლში. მთელ მაღაზიაში ყველას ვკითხე, “ორლარიანი ხომ არ გიპოვიათ-მეთქი?” არავის უნახავს. მაშინ მე ჩამოვჯექი მიწაზე და ჯიბიდან გადმომივარდა 2-ლარიანი. მაშინ ისეთი გახარებული ვიყავი!.. პური ვიყიდე, მაშინვე სახლში ავედი და ბაბუას ყველაფერი მოვუყევი. ბაბუამ მაპატია, არ დამსაჯა.
გზა
გზა არის ის ადგილი, სადაც შენ დადიხარ, რომ მიზანს მიაღწიო. მდიდარი ადამიანი ადვილი ცხოვრებით ცხოვრობს და სულ სწორი გზით დადის მთელი ცხოვრება. ზოგი მდიდარი არ არის და აღმართ-დაღმართ გზაზე უწევს სიარული. ასეთებია გაჭირვებული ადამიანები. ყველას კი არ შეუძლია ადვილი ცხოვრებით ცხოვრება! სულ სწორ გზაზე სიარული რატომ არ შეუძლია? არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ ყველას იოლი გზა ჰქონდეს და რაც შეიძლება, ნაკლები პრობლემები ჰქონდეს.
ტყეში
ბევრი ადამიანი დადის ტყეში ექსკურსიაზე ოჯახთან ერთად და ხანდახან მეგობრებთან ერთადაც, იმიტომ, რომ დაისვენონ, ისიამოვნონ ბუნების სილამაზით. ხშირად წავსულვარ ტყეში და მომსურვებია, რაც შეიძლება, ღრმად შევიდე, დავათვალიერო ჩემთვის უცხო გარემო. ხან შემშინებია, რადგან ადამიანის კვალი არ ჩანს და მეგობრებს ვეძახი. ისინი აუცილებლად გამომეხმაურებიან და ტყიდან უვნებლად გამოვალ. ოღონდ ყველაფერი პანიკის გარეშე უნდა გავაკეთო.
ღიმილის ფასი
ღიმილს უდიდესი ძალა აქვს. როცა ადამიანი იცინის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბედნიერია, ლაღია და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. შუბლშეკრულ ადამიანს კი არასოდეს ეცინება, ალბათ გაჭირვებულს არ ეხმარება, გვერდში არ უდგას მეგობარს. ღმერთი ასეთ ადამიანს არ დააფასებს.
მე ხშირად ვიღიმი, ჩემი მეგობრებიც მხიარულები არიან. ამას რა სჯობს. ხშირად გავუღიმოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი!
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
მე და ჩემი მეგობრები უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. სულ ერთად ყოფნა გვინდა. ვთამაშობთ, ვერთობით, გაკვეთილებსაც ერთად ვსწავლობთ. ხანდახან ვკინკლაობთ კიდეც, მაგრამ მალე ვრიგდებით.
მე ვგრძნობ, რომ მათაც ძალიან ვუყვარვარ. მე მალე ვბრაზდები ხოლმე, ისინი კი მამშვიდებენ და იცინიან. მეც მალე გამივლის წყენა და მერე მხიარულად ვარ.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, რადგან ღმერთი წყალობას არ გვაკლებს და ხელს გვიწყობს, ნამდვილი ადამიანები ვიყოთ!
0 comments:
Post a Comment