ღიმილის ფასი
მე ძველად სკოლა “ბალავარში” ვსწავლობდი. იქ ერთი მასწავლებელი გამუდმებით შენიშვნას მაძლევდა, “გაიღიმე, ისე უფრო ლამაზი იქნებიო.” ერთხელ მართლაც გავიღიმე, და ეს მასწავლებელმა შენიშნა. ასე მითხრა: როგორც იქნა, მაინც გაიღიმეო. მეც გამიხარდა, რომ მასწავლებელი გავახარე. ასე გავიგე, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ღიმილით ვინმე გაახარო და იმის შემდეგ სულ ვიღიმი. მე მივხვდი ღიმილის ფასს.
ტყის იდუმალი გამოძახილი
ტყეში პიკნიკზე ჩემს მეგობრებთან ერთად წავედით. იქ ბევრი ვიმხიარულე და ვითამაშე. მოულოდნელად ერთი უცნაური ხე შევნიშნე, რომელიც გამუდმებით ფორმას იცვლიდა.
მას დავუწყეთ ცქერა. ხის იქით უფსკრული მოჩანდა, რომელიც ფოთლებით იყო დაფარული. უცებ უფსკრულიდან ყმუილი მოგვესმა. ძალიან შევშფოთდით. რომ გაგვეგო, თუ რა ბინადრობდა უფსკრულში, დიდი მორი ჩავაგდეთ და აი, უცებ სიჩუმეც ჩამოვარდა. სულ გადაგვავიწყდა დაწყნარებულებს ის იდუმალი ხე და თამაში განვაგრძეთ. მოახლოვდა შინ დაბრუნების ჟამიც.
სახლში მოსული დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა, მაგრამ ძილშიც კი იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ეს ხე ასეთი იდუმალებით მოცული და რატომ იცვლიდა გამუდმებით ფორმას.
დაკარგული ნივთი
ერთხელ ჩემს დეიდასთან თელავში ჩავედი. იქ ჩემმა ბებიამ ჩამიყვანა. ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთი დავკარგე, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა. შეიძლება თქვენთვის უბრალო ნივთი ყოფილიყო, მაგრამ მე კი ძალიან მიყვარდა. ეს ნივთი გახლდათ დიდი თმის საჭერი, რომელიც ცისფერი იყო, თეთრი გვირილებით მორთული.
ძალიან ვინერვიულე, მაგრამ რას ვიზამდი. მეორედაც ჩავედი თელავში და იქ სათამაშოების ყუთში ვიპოვე ჩემი თმის საჭერი, მაგრამ ის უკვე დამტვრეულიყო. ვიფიქრე, მაინც ავიღებ-მეთქი, მაგრამ შემრცხვა, თურმე ჩემი თმის საჭერი ვის სახლშიც ვიმყოფებოდი, იმ ბავშვის საუკეთესო სათამაშო ყოფილა და აღარ ავიღე, რადგან ვიცოდი, რომ იმ თმის საჭერით ვინმე მაინც თამაშობდა. ამ იმედით დავტოვე ის თელავში.
ჩემი პირველი მასწავლებელი
ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩემმა მასწავლებელმა, მთვარისამ, სიურპრიზი გაგვიკეთა და ეკლესიაში წაგვიყვანა. იქ სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ კიდეც. მთავარი სიურპრიზი კი ხატი იყო ჩემთვის, რომელიც ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა მაჩუქა.
იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მაგრამ მე ჩემს მასწავლებლის მიერ მოძღვნილი საჩუქარი არ დამვიწყებია.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ზოგი ქართველი ირანში ცხოვრობს. ისინი ძველად გადაასახლეს იქ.
მათ წესიერად ქართული ენა არ ახსოვთ.
მე მათ მივმართავ, რომ როცა გავიზრდები, აუცილებლად მოვინახულებ. თითოეულს ჩავუტან ქართულ წიგნებს, მივეხმარები ქართული ანბანის შესწავლაში და თუ რომელიმეს სურვილი ექნება, ჩვენს პატარა საქართველოში დავაბრუნებ.
იცით, მე რამდენი ამბის თხრობა მინდა ჩვენს საქართველოზე, აგვისტოს მოვლენებზე? მალე გავა რამდენიმე წელი და მე თქვენ გეახლებით.
სიყვარულით თქვენი ბელა.
თეთრი პეპლისა და თეთრი გვირილის ამბავი
იყო ერთი პეპელა, რომელიც მთლიანად თეთრი იყო. ბევრი იფრინა თუ ცოტა, წააწყდა გვირილას, ისიც პეპელასავით ნაზი და თეთრი გახლდათ. პეპელამ უთხრა გვირილას: ვითომ შენც პეპელა ხარ და მოდი, ერთად ვიფრინოთო. კარგი, - უთხრა გვირილამ, - მაგრამ მე გვირილა ვარ და არა პეპელაო. პეპელას გაეცინა და უთხრა: კარგი, თუ ჩემთან თამაში არ გინდა, მაშინ მე გავფრინდებიო და ისე გაფრინდა, რომ გვირილასაც მოანდომა გაფრენა და თამაში. გვირილამაც დააპირა ცაში აჭრა, თამაში, მაგრამ წელი მოსწყდა. პეპელა მიფრინდა საჩქაროდ ექიმ კალიასთან და გვირილას ამბავი უამბო. ექიმმა კალიამ მოარჩინა გვირილა და შინისკენ გაეშურა. იმ დღის შემდეგ პეპელა და გვირილა სულ ერთად იყვნენ და წუთითაც არ შორდებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ჩემი აზრით, ადამიანებს ერთმანეთი იმიტომ უყვართ, რომ ისინი ერთმანეთს უზიარებენ სიყვარულს.
სიყვარული ულამაზესი გრძნობაა.
უსიყვარულოდ სამყარო ერთფეროვანი იქნება და უხალისოც კი.
სამყარო იმიტომ არსებობს, რომ ადამიანის გული სითბოთი და სიყვარულით იყოს სავსე. ამაში ყველა დამეთანხმება, რადგან ეს სრული სიმართლეა.
გზა
“გზა ყველა ადამიანმა უნდა გაიაროსო”, - ამბობდა ბებია.
ადამიანის ცხოვრება დიდი გზაა, სადაც ხან გასაჭირია, ხან ლხინი. მე არ მესმის, ზოგ ადამიანს უსამართლო გზა რატომ ხვდება.
ხომ შეიძლება ყველას კეთილი და სამართლიანი გზა შეხვდეს? მაგრამ ასე არ ხდება.
მე მინდა, ცოტა კეთილი გზა სხვასაც ვაჩუქოთ. ამით ჩვენს გზასაც განვამტკიცებთ, სხვას კი სიხარულს მოვგვრით. იქნებ, ერთი დიდი ყუთი გავავსოთ კეთილი გზებით და მოსახლეობას მივართვათ?
ჩემი ნატვრა
მე მინდა, რომ ჩვენს საქართველოში სიმშვიდე სუფევდეს, არ მინდა იყოს არეულობა.
ჩემი ნატვრა არის გაჭირვებულებისა და ობლების დახმარება.
რომ მქონდეს საშუალება, მთელ ჩემს ქონებას ომის გამო უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობაზე განვაგებდი.
მინდა, მალე გავიზარდო. მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და საქართველოს ღირსეული მამულიშვილი მოვუძებნო წინამძღოლად.
რას ფიქრობს წვიმა
ალბათ წვიმა იმიტომ მოდის, რომ მას ვარსკვლავებმა აწყენინეს, იქნებ მზემ, ანდა მთვარემ, გამორიცხული არაფერია.
წვიმის წყენინებას უნდა მოვერიდოთ, რადგანაც ის ხელს შეუშლის ყანაში მომუშავე ხალხს. ის ხომ ბუნების წევრად ითვლება. რას ფიქრობს ნეტავ, წვიმა ამ დროს?
მართლაც გაუგებარია სრულიად უმიზეზოდ წყენინება. აბა, თქვენ წარმოიდგინეთ თავი წვიმის ადგილას. რას იზამდით? წვიმა ხომ ჩვენზე ფიქრობს - რწყავს მცენარეებს, აგრილებს ბაღებს, ავსებს მდინარეებს, ასუფთავებს ჰაერს. ამას ხომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებს!
0 comments:
Post a Comment