Tuesday, March 23, 2010

ნატალი მანდარია - 2009 წელი

ჩემს ძამიკოს
“ძალიან მიყვარხარ, გახსოვს, გუშინ რომ გაგაბრაზე? მიყვარხარ და არ მინდა, რომ სულელობის გამო ვიჩხუბოთ. მაპატიე, არ უნდა მეჩხუბა შენთვის. მაპატიებ, ჩემო ძამიკო? ჩემო ძმაო, მიყვარხარ!”
ის კი მეტყვის: ”კარგი, გეყო, წამოდი, ვითამაშოთ!”


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელობა უბედურებაა, რადგან ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, სამსახური ხომ გინდა, სახლ-კარი ხომ გინდა, შვილების რჩენა ხომ გინდა! მაგრამ თუ ისწავლე, თუ იშრომე, ფულიც გექნება, სარჩო-საბადებელიცა და ყველაზე დიდი სიმდიდრეც, მე იმ სიმდიდრეზე არ ვლაპარაკობ, - ფულზე და მარგალიტებზე, არამედ სიბრძნესა და ჭკუაზე. უსწავლელი კაცი ქუჩაში დარბის, დაწანწალებს და სარჩოს ეძებს. ნაგავსაც კი არ ერიდება, რომ დანაყრდეს. ღამით, როცა ყველას სძინავს, გარეთ სიცივეში სძინავს და არა ლოგინში, ამიტომაც უნდა იშრომო, ისწავლო, იატაკიც კი რეცხო. რომ სულ ცოტა სარჩო მაინც გქონდეს; ასე უნდა გაისარჯო, შვილები დაზარდო, მოუარო, ასწავლო, და მაშინ იქნები კაცი, მაშინ დაგაფასებს ყველა. რა საქმეც უნდა გააკეთო, ყველა საქმე საქმეა, თუნდაც დაგცინონ, არ მოუსმინო, რაც არ უნდა გითხრან, მაინც საქმე გააკეთე და მერე იქნები კაცი. ასე უნდა მოიქცეს ყველა ადამიანი!


შემთხვევა ტყეში
მე ტყეში ვარ, დავიკარგე, აღარავინაა ჩემი მშველელი, ვზივარ ამ ხეებთან და სახლში მიმავალ გზას ვუცქერ, მაგრამ ამაოდ. მგონია, ვიღაცა მოვა და წამიყვანს სახლში. მაგრამ ვინ მოვა, დავდივარ მარტო.
წყეული იყოს ის დღე, როცა მე დავიკარგე. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამ სოკოზე წამიყვანა. მე ძალიან მწყუროდა, ვუთხარი: დედი, წყალს დავლევ-მეთქი. დედამ მითხრა, ცოტა მოითმინე და დაგალევინებო. არ დაუჯერე, ანკარა წყაროს გავყევი და დავიკარგე. წყალი კი აღარ მაკლია, მაგრამ ახლა დედა გვერდით არ მყავს და მეშინია. ტყეში ხომ უამრავი ცხოველია. ვზივარ და ვერც ვიძინებ. იმედი რომ დავკარგე, ისევ დედამ მიპოვა. თვალცრემლიანი ჩემსკენ გამორბოდა და მეც გახარებული დედას მთელი ძალით ჩავეხუტე. ასე დამთავრდა ეს ამბავი.


ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ჭკვიანია. მან მასწავლა კითხვა, წერა. ახლა უკვე იცით, როგორ მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი მასწავლებელი? მიყვარს ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით, ჩემი მასწავლებელი. წმინდა, როგორც წყალი, როგორ არ უნდა მიყვარდეს ჩემი მასწავლებელი, ის რომ არა, მე როგორ ვისწავლიდი წერას? მშვენიერი, გულთბილი, საყვარელი... ის გაიცინებს და მთელი კლასი იცინის, მიყვარს, მიყვარს და მინდა ყველამ გაიგოს, როგორ, როგორ, როგორ მიყვარს ჩემი მასწავლებელი.
ახლა უკვე არაფერი არ მიჭირს იმიტომ, რომ გვერდით მყავს ჩემი მასწავლებელი, ასე ტკბილად, ასე კარგად არასოდეს არ ვყოფილვარ, მიყვარს ჩემი სიყვარულით სავსე საყვარელი მასწავლებელი.


პეპელა
დადგა გაზაფხული, თვალი გავახილე და არემარეს ზემოდან გადმოვხედე, დავინახე ყვავილებით მორთული მინდორ-ველი, საყვარელი დედ-მამა და ჩემსავით ჭრელი პეპლები. მინდოდა ყველაფერი დამეთვალიერებინა, რადგან დღეგრძელი არა ვარ. აი, ენძელა, ია, ყოჩივარდა, მე დავუმეგობრდი მათ, ისინი ხომ ჩემს საზრდოდ არიან შექმნილნი, როგორ მინდა დიდხანს სიცოცხლე, მოვუსმენდი ბულბულის გალობას, ჩიტების ჟღურტულს, ხეების შრიალს, ვილხენდი გაზაფხულის შემობრძანებას, ვეთამაშებოდი ბავშვებს და სიცოცხლით დავტკბებოდი. მაგრამ ეს ხომ აუხდენელი ოცნებაა! თუმცა მაინც მადლობელი ვარ, მე ხომ ღვთის მიერ ვარ შექმნილი!


დაკარგული ნივთი
ერთხელ მეგობარმა სათამაშო მაჩუქა, მეც გამიხარდა, დიდი მადლობა გადავუხადე და წამოვედი. იმ დროს მეგობარმა დამიძახა: წამოდი, ეზოში ვითამაშოთო! მეც წავყევი და სათამაშოც წამოვიყოლე, ხან ვხტუნაობდით, ხანაც ვბზრიალებდით. ბოლოს სახლში წავედი და დავისვენე.
გავიდა რამდენიმე დღე. მერე მომაგონდა სათამაშო, მაგრამ სადღა იყო! მთელი დღე და ღამე მას ვეძებდი, ვისთან არ მივედი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. თურმე მარის გაჰყოლია და მეც ბედმა მარისთან მიმიყვანა. როგორც კი დავინახე ჩემი სათამაშო, სიხარულით ცას ვეწიე. სახლში წავიღე და იმის მერე არაფერი დამიკარგავს.


ფიქრები ბუხრის პირას
მოვიდა ზამთარი, თოვს, ყინავს, ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, ჩვენ მოგვენატრება მათი ჭიკჭიკი, მაგრამ ზამთარი სულ უფრო და უფრო მოიჩქარის, მოდის. და აი, უკვე გადმოგვიგდო თავისი თეთრი საბანი! ბავშვები გამოდიან სახლებიდან და ტკბილ კანფეტებს მიირთმევენ, გუნდაობენ, სრიალებენ. ნახეთ, რა მშვენიერი თოვლის პაპა გაუკეთებიათ! ქუჩაში კი ყოველდღე შეძახილებია: თოვლი მოდის, თოვლიო, აი, მოვიდა ბავშვების საყვარელი ზამთარიო. დიდები კი ბუხართან სხედან და მხიარულად უყურებენ ამ მშვენიერ ზამთარს. წითელი ზარები რეკენ და რეკენ. ნახეთ, ყველა სუფრსთან ზის და სადილობს. დიდსა თუ პატარას - ყველას ძალიან უხარია ზამთრის მოსვლა.


ჩემი ნატვრა
მე ვინატრებდი, რომ ყველა ბედნიერი იყოს, ყველა სიხარულით შეხვდეს ზამთარს, მის სუსხიან ამინდს. ნეტავ ფრთები მქონდეს, ნეტავ ათოსანი ვიყო, ნეტავ ყველა ოჯახი ბარაქით აივსოს, ნეტავ ოცნებები ყველას უსრულდებოდეს. ნეტავ ამ ქვეყანაზე სიკეთის გარდა არაფერი ცუდი არ იყოს, ნეტავ ჩემს მშობლებს არაფერი უჭირდეთ. ნეტავ სულ თოვლი იყოს და ყველას სასიამოვნო წელი გაუთენდეს!


მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვასწავლიდი ცეკვას. და თუ მართლა მასწავლებელი გამოვალ, ვინატრებდი, რომ კარგი მასწავლებელი ვყოფილიყავი და ბავშვები სიხარულით წამოსულიყვნენ უცხოური ცეკვების გაკვეთილებზე, გახარებოდათ ჩემი დანახვა და ვყვარებოდი, იმიტომ რომ თუ ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს, ის არაფერს არ გააკეთებს და არ ისწავლის, თუკი უყვარს მასწავლებელი, ის შეეცდება, რომ მასწავლებლის მითითებები შეასრულოს.
მე მინდა ვიყო ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი.


გზა
ადამიანი თვითონ ირჩევს თავის გზას, უგზოდ ადამიანი ვერსად წავა და თუკი ვერსად წავა, არც მეგობარი ეყოლება, ვერც სკოლაში მიიღებს ცოდნას, დარჩება უსწავლელი. ან თუ მიაღწევს დიდობამდე, ის ხომ უბედური იქნება! ამიტომ გზა საჭიროა ჩვენთვის და გვახსოვდეს, რომ გზასაც სჭირდება გაფრთხილება.
მინდა, რომ ჩემი გზა აღმართიანიც იყოს და ხანდახან სწორიც.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .