ეს მე ვარ
მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სხვებისაგან გარეგნობითა და ხასიათით გამოვირჩევი. მიზნის მისაღწევად ყველა ძალას ვიყენებ. მეტად კეთილი ვარ, ამას სხვებიც აღიარებენ. არ მიყვარს უწესრიგობა. მე მგონია, მშიშარაც ვარ და ხანაც მოუსვენარი, რაზეც დედა ხშირად შენიშვნებს მაძლევს.
ჩემი მეგობარი
ჩემი მეგობარი არის გულკეთილი, მზრუნველი, გაჭირვებულების დამხმარე. კარგად სწავლობს და მათხოვებს, თუ რამე არ მაქვს. დღეს ერთად მოვედით სკოლაში. დანაშაულს არ სჩადის. ვინმე რომ ეჩხუბება, ვეხმარები ხოლმე, როცა ვეტყვი, დამიხატე რამე-მეთქი, მიხატავს. მე კი არ ვტრაბახობ, რომ ძალზე ძლიერი ვარ. კარგი ბავშვია გიორგი არევაძე, უბრალოდ, მინდა, გვერდით ვყავდე და არასოდეს მივატოვო, რადგან ის ძალიან კარგი მეგობარია.
წკაპ-წკუპ...
წვიმს... წვიმს... რა კარგია წვიმა! სეტყვის მეშინია, მინდა, რომ წვიმამ იჟუჟუნოს. ფანჯრის რაფებზე გაისმის წკაპა-წკუპი... წვიმის ხმა სასიამოვნოა, ბალახი გაჟღენთილია ცვრით. წვიმს... წვიმს... არ ჩერდება... ადამიანიც სველდება... გუბე დგება და ტალახდება ეზო. როგორ ხართ წვიმის წვეთებო? ძალიან გვიყვარხართ, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ხშირად მოდი, თავს ნუ მოგვანატრებ!
ოცი წლის შემდეგ
მე დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და კარგი ოჯახი მაქვს. კეთილი ვიყავი და ახლაც კეთილი ვარ, ჩემს კლასელებს, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეხმარებოდი. ჩემი დედ-მამა ჩემით კმაყოფილნი არიან. მე ჩემს ცხოვრებაში არ ვტრაბახობ. მე უკვე დიდი ვარ და რაღა დროს ჩემი ტრაბახია. გაჭირვებულებს ვეხმარები კიდეც. ჩემი სიკეთე მეგობრებისა და უმწეოთა დახმარებით გამოიხატება.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
- ფოთლებო, როგორ ხართ? რატომ ხართ მოწყენილები?
- იმიტომ, რომ წვიმს და ძირს ვეშვებით!
- რატომ?
- ეჰ, რას იზამ, ჩემო მეგობარო, ღმერთმა ასე ინება ჩვენი ცხოვრება!
- თქვენ ძალიან კეთილები ხართ, ფოთლებო!
- მართლა?
- მართლა! თქვენ ხომ ხილს იცავთ წვიმისაგან და თქვენი სიკეთე ამით გამოიხატება. ჩვენ არ მოგვწონს, რომ ქარი და წვიმაა, ჩვენ მოგვწონს მშვიდი გარემო. ირგვლივ სილამაზეა, წყნარად ჭიკჭიკებენ ჩიტები და ყვავილები საამურ სუნს აფრქვევენ...
- კარგად იყავით, ფოთლებო!
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს! ძალიან გვიხარია, საკვებს რომ გვაწვდი. შენ რომ არ იყო, საჭმელი არ გვექნებოდა და ვერც ვიცხოვრებდით. შენ ძალიან ლამაზი ხარ, ლამაზი ყვავილებით მორთული და მოჩითული. ძალზე ლამაზად გამოიყურება შენი მინდორ-ველები, ამწვანებული ტყე, მთები; ხომ საოცარი სილამაზეა! გილოცავ იუბილეს, ჩემო მშობელო დედამიწავ, ლამაზი ასო ბგერებით იწერება შენი სახელი!
დიდი სიყვარულით დედამიწას: დათა
ღამის ზღაპარი
ადამიანს ლამაზი სიზმარი იმიტომ ესიზმრება, რომ დანაშაულს არ სჩადის და ღმერთი ამიტომ არ სჯის, ვინც ბოროტია, ღმერთი იმას სჯის და ამიტომ ესიზმრება ცუდი სიზმარი. ვინც არ გააკეთებს ცუდ საქმეს, იმას ღმერთი არ დასჯის. სჯობს, იყო კეთილი და გულითადი და იცხოვრო სიმართლით, მაშინ სიზმარიც კარგი დაგესიზმრება და ცხადშიც ბედნიერად იგრძნობ თავს.
გაზაფხულია, გაზაფხული!
გაზაფხული კაშკაშა და ლამაზია. ყვავილებს საამური სურნელი ასდით, ყვავილები იფურჩქნებიან, მზე აცხუნებს. სილამაზეა მთელ საქართველოში, ბალახი ბიბინებს და ქვეყანა ხარობს. ძალიან გვიხარია გაზაფხულის მოსვლა. განსაკუთრებით მიხარია ის, რომ მალე ჩემი დაბადების დღე იქნება, ხილი დამწიფდება და პირს ჩავიტკბარუნებთ. დიდი სიხარულით ვეგებებით გაზაფხულს და ვხალისობთ. ენერგია გვემატება, სამუშაოსაც მხიარულად ვასრულებთ და გაკვეთილებსაც მონდომებით ვსწავლობთ.
მალე დადგება არდადეგები
მე წავალ სოფელში დასასვენებლად, იქ ჩანჩქერში ვიბანავებ, ტბაზე წავალ სათევზაოდ, ბევრ თევზს დავიჭერ და ტყეში მარწყვს დავკრეფ. ალუჩასა და ბევრ ხილს მივირთმევ, ხანდახან ვიმეცადინებ ხოლმე. მე მგონი, კარგ დროს გავატარებ. იმიტომ ვიმეცადინებ, რომ წერა-კითხვა არ დამავიწყდეს. სხვა წიგნებსაც წავიკითხავ. არც ისე მიხარია არდადეგები, იმიტომ, რომ გაკვეთილები აღარ ჩაგვიტარდება. აბა, უსწავლელობა რა საკადრისია!
ღრუბლები
ღრუბლები ძალიან ლამაზი შესახედაობის არის. ცაზე როდესაც ავიხედავთ, ხანდახან დავინახავთ ღრუბლებს, რომლებიც ერთად არის შეკრული. ისინი ჩვენგან საკმაოდ შორს არიან, ხელის შეხება არ შეგვიძლია, თუმცა სურვილი მაქვს, თეთრ ღრუბლებს ხელით შევწვდე და მათთან ერთად ვისეირნო ცის კამარაზე.
0 comments:
Post a Comment