Tuesday, March 23, 2010

თორნიკე სიდამონიძე - 2009 წელი

ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს, რადგან ის ლამაზი, ჭკვიანი და მხიარულია. მართლაც ლამაზია, არ ჩხუბობს, არ ყვირის, თანაც 11 დეკემბერს აქვს დაბადების დღე. კლასში ყველა ბავშვს გვიყვარს, როცა შემოდის, ყველა მას ვუღიმით, ისიც გვიღიმის და ჩვენ ბედნიერები ვართ.


ზამთრის სურათი
ახალ წელს დედა სადილს ამზადებს. მამა მუშაობს. მე და ჩემი და ვერთობით, ვთამაშობთ, თან რაღაცას ვმღერით, თან თოვლის პაპას ვხატავთ, ხატვა უყვარს ძალიან ჩემს დას. მე და ჩემს დას გვიყვარს ახალი წელი. ის ისე ლამაზად მოდის, რომ შეხედვაც ესიამოვნება ადამიანს. რა ლამაზად ეშვება თოვლი! შემდეგ თოვლის პაპას აკეთებენ ბავშვები. უფრო ვაქტიურობთ მე და ჩემი და, ჩემი მეგობრები. შემდეგ დნება თოვლი. ზამთარი ყველაზე ძალიან მიყვარს.


დაკარგული ნივთი
ჩემთვის ყველა ნივთი, რომელიც მეკუთვნის, საყვარელია: სათამაშო, კალამი, ფანქარი, წიგნი, რვეული.
მე მათ ვუფრთხილდები, მაგრამ ერთ დღეს სკოლაში დამეკარგა ლურჯი ფერის კალამი, გული დამწყდა, რადგან ძალიან მიყვარდა. დედამ მის ნაცვლად მიყიდა ახალი კალამი. როცა სკოლაში მივედი, ვნახე, რომ ჩემი კალამი ჩემს მერხზე იდო, რამაც ძალიან გამახარა. თურმე ჩემს მეგობარს - ნატალის უპოვია და მერხზე დამიდო. მე მას მადლობა ვუთხარი სიკეთისათვის.


გზა
ერთხელ მე ეზოში ვიყავი, გზაზე გადავედი და გზას გავყევი. მეშინოდა, რომ არ დავკარგულიყავი, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდი, რადგან იმ ადგილს არ ვიცნობდი. სადაა ჩემი სახლი? ბევრი ვირბინე, ხან სად მივედი, ხან - სად. ძლივს მივაგენი ჩემს ეზოს. დედას რომ მოვუყევი ამის შესახებ, თან მეშინოდა, ჩემთვის რამე არ ეთქვა, მაგრამ დედამ დამაწყნარა და ისევ ეზოში გამიშვა, მაგრამ გზაზე აღარ გადავსულვარ. არ მინდა, კიდევ დავიკარგო.


წკაპ-წკუპ
გრუხუნებს და ელავს, შეიყრებიან ღრუბლები, წვიმა წკაპა-წკუპით წამოვა და ფიქრობს: “დავასველებ მიწას, ბაღჩა-ბოსტანს მოვრწყავ - ნათესებს მოუხდება და მოსავალიც კარგი მოვა. გლეხკაცი გაიხარებს, ოჯახს რომ ბარაქით აავსებს”.
წვიმს და წვიმს... არემარე ნისლშია გახვეული.



ტყეში
ტყეში უამრავი ფრინველი და ცხოველი ბინადრობს. იზრდება მრავალი ჭრელქუდიანი სოკო, ველური ყვავილები. სხვადასხვა ჯიშის ხეები ტყეს სილამაზეს მატებენ. ისმის ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი. ირგვლივ სიმყუდროვეა. ამ დროს ტყეში ყოფნას არაფერი სჯობს.


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
ადამიანი ცოდნის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. თუ წიგნი არ გიყვარს, არც წერა გეცოდინება, არც კითხვა და რა თქმა უნდა, ვერც იმუშავებ. აბა, დავფიქრდეთ: თუ ცულს ტარი არ ექნება, გამოვიყენებთ? ასეა ადამიანიც. დაიტანჯება უსწავლელობით და იქნება უცოდინარი.



მოდი გაზაფხულო, მოდი...
მალე გაზაფხული მოვა. დავემშვიდობებით ცივსა და სუსხიან ზამთარს. გაზაფხულზე იებით გადაიპენტება არემარე, აყვავდება ნუში, წამოვა შხაპუნა წვიმა, გადამწვანდება მთა და მდელო, თვალს გაახელენ იასამნები, მოფრინდებიან მერცხლები და გაზაფხულის მოახლოებას გვამცნობენ. ჩუხჩუხა წყაროები გამოაცოცხლებენ ნაზამთრალ მცენარეებს.



ჩემი ნატვრა
ვნატრობ, რომ დედამ ბორჯომში წამიყვანოს, რომ მისი სილამაზით დავტკბე, ვისეირნო პარკში კარუსელზე. ძალიან მინდა, მყავდეს დიდი ყვითელი მანქანა, რადგან ეს ფერი მომწონს. ასევე დიდი სურვილი მაქვს, გავხდე საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ თუ კარგად არ ვისწავლი, ამას ვერ მივაღწევ. ამიტომ ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო ამ მიზნის მისაღწევად.


ღიმილის ფასი
როცა ადამიანი იცინის, მას ყველა დარდი ავიწყდება. გაბრაზებული კაცი უბედურია, გაღიმებული კი - ბედნიერი. მე მინდა, რომ ყველა იღიმებოდეს და თავს ლაღად გრძნობდეს.
მე ხშირად ვიღიმები. ალბათ ბედნიერი ვარ და ამიტომ. ამას რა სჯობს? ხშირად უნდა გავიღიმოთ და ცხოვრებით დავტკბეთ, აბა, ვის ეყვარები გაუღიმარი და მუდმივად მოწყენილი, ძალიან ლამაზიც რომ იყო! სულ გაუღიმარი ვის მოეწონები, თანაც გული დაგიავადდება ამდენი წუხილისგან, ამიტომ უნდა გავიღიმოთ. მაშინ რა სახალისოდ მოგეჩვენება ცხოვრება, ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი. მერე კი იტყვით: რატომ უწინაც არ ვიყავი ღიმილიანი და მგრძნობიარეო.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .