Tuesday, March 23, 2010

გიორგი ქათამაძე - 2009 წელი

შემთხვევა ტყეში
ერთხელ როცა ტყეში ვიყავი, დავიკარგე. შემეშინდა, იქიდან რომ გავსულიყავი, ერთი ჯოხით მიწაზე ხაზებით ეს ადგილი მოვნიშნე, რომ მინდოდა იმ ხაზის მეშვეობით იმ მხარეს წავსულიყავი, საიდანაც მოვედი. იცით, ამ ტყეში საიდან აღმოვჩნდი? ერთი ცოფიანი ძაღლი გამომეკიდა, უნდოდა ჩემთვის ეკბინა, მაგრამ მე გავიქეცი. ის ძაღლი სხვა მხარეს გაიქცა. ძალიან მეშინოდა ტყის, იმიტომ რომ ტყეში ბევრი ცხოველი იყო: დათვი, ტურა, მგელი, მელია. ერთს იქვე ბუნაგი ჰქონდა. თურმე იმ ადგილში, სადაც ბუნაგი იყო, დედა მგელს შვილები ორი კვირის წინ მიეტოვებინა. პატარა მგლის ლეკვები კი ერთი თვისანი იყვნენ. როცა ტყიდან გასვლას ვცდილობდი და იმ ადგილს მოვშორდი, მგლის ლეკვებიც გამომყვნენ. პურის ნატეხი მქონდა, ორივეს გავუყავი და ვაჭამე, ისინიც იქ დარჩნენ, მე კი რამდენიმე წუთში ტყიდან გამოვედი და ისევ ბებიაჩემთან მივედი. მან არც კი იცოდა, რომ ტყეში დავიკარგე. ეს ამბავი მერე მოვუყევი. ამის შემდეგ ტყე არ მინახავს და აღარც ძაღლი გამომკიდებია.
კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება მოიგონოს ისეთი სახლები, რომელთაც ვერაფერი დაანგრევს, ვერც ბომბი, ვერც ზარბაზანი. ეს სახლები ადამიანებს ომის დროს დაიცავს, ისინი მათ თავს შეაფარებენ, თუ სახლები ვერცერთი იარაღით ვერ დაინგრევა და ადამიანებიც დაცულნი იქნებიან, მაშინ მტრები უკან დაიხევენ და ჩვენსკენ არასოდეს გაიხედავენ, სულ თავიანთ ქვეყანაში იქნებიან, ომს თავს დაანებებენ. იფიქრებენ, რომ ის ხალხი, რომლებმაც ასეთი სახლები ააგეს, დაუმარცხებელია.
რას ფიქრობს წვიმა
“დავიღალე ამდენი ტრიალით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოვიარე. იმდენი ვიწკაპუნე, რომ უკვე სათვალავი ამერია, ონკანის წყალი ვარ, მაგრამ წვიმას მეძახიან, იმიტომ, რომ მზე ორთქლად მაქცევს, მერე ღრუბლად ვიქცევი და მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში ვმოგზაურობ, ვინ იცის! ყველა მდინარე და ოკეანე ვიცი, იმიტომ, რომ ოკეანეებში ჩავედინები. აი, ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის ამბავი.”
ახალი წლის შესახვედრად
როცა ახალი წელი მოდის, ყველა ემზადება მასთან შესახვედრად. მაგალითად, ჩემი ოჯახი სულ მხიარულად ხვდება მას. დედა სადილს და ნამცხვრებს აკეთებს, ბებო სოფლიდან მოდის, რომ ახალი წლის შემდეგ სოფელში წამიყვანოს, თუ რამეში დავჭირდი, დავეხმარო, მე და მამა ათასნაირ ასაფეთქებლებს ერთად ვყიდულობთ. ჩემი და თავის მეგობრებთან თამაშობს, დედა ნაძვის ხეს რთავს, მამა ხილეულს ყიდულობს, მე და დალი ბებო სახლს ვალაგებთ და მარიც გვეხმარება, მე კი მეორე დღეს, სკოლაში კარგად რომ ვისწავლო, ბევრს ვმეცადინეობ და რაც დავალება მაქვს, ყურადღებით ვწერ. ბევრ წიგნს ვკითხულობ, ყოველდღე ძალიან, ძალიან ბევრს ვხატავ.ველოდები, როდის მოვა მხიარული ახალი წელი, წინა წელი თაგვის წელი იყო, იმის წინ _ ღორის წელი, ნეტავ ამ წელს რისი წელი იქნება?
ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან კეთილი, ჭკვიანი, მოსაზრებული, გულკეთილი, ყველაფრის მცოდნე, მონდომებული, ზრდილობიანი, არც თუ ისე მკაცრი, ბავშვებთან გულთბილი, ჩვენ სულ კარგად გვიხსნის გაკვეთილს და ძალიან კარგად გვამახსოვრდება, ჩვენ ძალიან გვიყვარს მანანა მასწავლებელი. რამე რომ დაგვავიწყდეს, მკაცრად არ გვექცევა, გაკვეთილზე სულ იღიმის და ყველაფერს ძალიან კარგად და ადვილად გვაგებინებს.
პეპელა
მე პეპელა ვარ, რომელიც სამ დღეს ცოცხლობს. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სამ დღეს მაინც ვცოცხლობ. ვცდილობ ამ სამი დღის განმავლობაში არაფერი დამემართოს, მინდა მთელი მსოფლიო შემოვიფრინო, ჭუპრიდან ვიბადები, და ყვავილის ნექტარს ვჭამ, მიყვარს მარტო ფრენა. მე ამ სამი დღის განმავლობაში ხან სად ვიძინებ და ხან სად. პეპლებს ბევრი მტერი გვყავს, ზოგი ბოროტი ადამიანი გვიჭერს და გვკლავს, პეპლებს ფუტკრები ძალიან შეგვძულდა, ყველგან გვასწრებენ ყვავილის ნექტრის ჭამას და ადამიანებიც, რომლებიც ყვავილებს კრეფენ და საჭმელს არ გვიტოვებენ. ამიტომ ზოგი ჩვენგანი ერთ ან ორ დღეს ცოცხლობს. პეპლები ძალიან ცოტანი ვართ.
დაკარგული ნივთი
ერთხელ ჩემი საყვარელი კაცუნა სათამაშოები დავკარგე. ძალიან გავნერვიულდი, როცა ვერსად ვიპოვე, თუმცა მთელი სახლი გადავატრიალე. შევწუხდი, ერთი მაინც ვიპოვო-მეთქი, და ისევ ძებნას შევუდექი. ერთი კაცუნა ვიპოვე. ეს ვიფიქრე: ერთი თუ არის, დანარჩენებიც ახლომახლო იქნებიან-მეთქი და ძებნა განვაგრძე. საწოლის ქვეშ ხელი დავინახე, რომელიც ჩემი კაცუნას ხელს ძალიან ჰგავდა. გამოვწიე და ჩემი კაცუნა ყოფილა! მაგრამ მაინც მოწყენილი ვიყავი, იმიტომ რომ სულ ექვსი ცალი იყო. ვიფიქრე, მშობლებს რა უნდა ვუთხრა, როცა გაიგებენ, კაცუნები რომ დავკარე-მეთქი. რამდენიმე ხანში დანარჩენებიც ვიპოვე, ძალიან გამეხარდა და ისინი თავიანთ სათამაშო მანქანებში ჩავსვი.
ერთხელ პატარა სათამაშო დინოზავრი დავკარგე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ბავშვობიდან ვთამაშობდი იმით და თითქმის ორი თვე ვეძებდი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვე. ბოლოს კინაღამ ტირილი დავიწყე, გული მომიკვდა, ვერსად რომ ვერ ვნახე და იმედიც ამომეწურა. ერთი კვირის შემდეგ საერთოდ აღარ მახსოვდა. ერთხელ გამახსენდა, რომ ერთ ადგილას არ მომიძებნია და იმ ადგილისკენ გავეშურე. მართლაც, იქ დამხვდა ჩემი პატარა სამრქიანი დინოზავრი, რომელსაც დღემდე ვინახავ.
ჩემს დაიკოს
ჩემო დაიკო, გთხოვ მაპატიო, სამი წლის რომ იყავი, შენი კვერცხი გავტეხე, არ ვიცოდი კრუხის დადებული კვერცხი თუ იყო და წიწილის გამოსაჩეკად გინდოდა, ლაყე მეგონა და ნაგავში გადავაგდე. ის კი იქ გატყდა. მაპატიე, ბოდიში, ვნანობ, რომ შენი კრუხისთვის უნდა დაგედო იმ საღამოს, არ ვიცოდი, კრუხს რომ სამ კვირაში უნდა გამოეჩეკა პატარა წიწილა, შენ კი მითხარი, არა უშავს, გიოო! მაგრამ მაინც ვწუხდი, რომ ის შენი ყველაზე ლამაზი კვერცხი იყო. ეს მოხდა სოფელში. ვიცი მეტყვი, არა უშავს, არაფერიაო. იმ დღეს ბევრი კვერცხი დადეს ქათმებმა და კიდევ კარგი, სხვა კვერცხი მოგეწონა!
დედას!
დედა, გილოცავ დედის დღეს, სულ ჯანმრთელად, ბედნიერად, მხნედ და ყოჩაღად იყავი! ნუ მოიწყენ. დედა, ძალიან მიყვარხარ. დაგეხმარები ყველაფერში. ყველამ იცოდეს, რომ გავიზრდები, ვიქნები დედ-მამის პატრონი და მათზე მზრუნველი. დედას შვილზე მეტად არავინ უყვარს, დედა შვილს იმისათვის კი არ ზრდის, რომ ის გალოთდეს, მკვლელი გამოვიდეს, არამედ იმისათვის, რომ მან დედას მოუაროს, გაახაროს, შეინახოს და დედამ თქვას: “აი, შვილი ამას ჰქვია!” დედა, კიდევ გილოცავ დედის დღეს, 3 მარტს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
შენი გიორგი
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენ ქართველები ვართ და ქართულად ვლაპარაკობთ. ზოგი ქართველი ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს, ამიტომ ჩვენი ენა მახინჯდება. როცა ზოგი ქართველი რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად და სხვა ბევრ ენაზე ლაპარაკობს. ზოგს ეს იმიტომ ემართება, რომ საზღვარგარეთ რამდენიმე წელი ცხოვრობს და ქართული არც თუ ისე კარგად ახსოვს. ვინმეს რომ შეხვდეს და უთხრას, “ვოთ იზორ ნეიმო,” იმან რა უპასუხოს, თუ ქართულის მეტი ენა არ იცის, როგორ მოისაზროს, რომ ის ეუბნება, რა გქვიაო და თავისი სახელი უთხრას. ეს შაჰ-აბასის ბრალიცაა, მან საქართველოდან ბევრი ქართველი წაიყვანა ფერეიდანში და გაათათრა. ქართველები დღესაც არიან ფერეიდანში, ვინც იქიდან წამოსვლა შეძლო, ქართულად ლაპარაკი უჭირს. თითქმის მთელი საქართველო სხვა ენაზე ლაპარაკობს, ერთი ადამიანი არ იქნება ისეთი, რომ სხვა ენაზე ერთი სიტყვა არა თქვას. სჯობს, ქართველები ჩვენს ენას გავუფრთხილდეთ, სანამ სულ არ დაგვავიწყდა მშობლიური ენა, რომელსაც ქართული ჰქვია, თაობიდან თაობას გადაეცემა და გრძელდება.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .