Tuesday, March 23, 2010

ნიკოლოზ ჭაბაშვილი - 2009 წელი

ჩემს ძამიკოს
ჩემო ძამიკო, ხშირად გეჩხუბები ხოლმე, გთხოვ, მაპატიო, რომ ზოგჯერ შენს მიმართ დიდი გული მაქვს და ვიცი, რომ ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ პატარებს შეცდომები ზოგჯერ მოგვდის. მე ძალიან მიყვარხარ და ასეც უნდა იყოს, თუ რამე მიწყენინებია შენთვის, გთხოვ, მაპატიო! ვიცი, რომ მეტყვი: “გაპატიებ, ოღონდ მეორედ ასე აღარ მოიქცე, მეც ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ, რომ ასეთი ძმები ვართ, მიყვარხარო!”
გმადლობ მიტევებისათვის. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ!
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. მას წიგნი და საქმე თუ არ ეყვარება, ან და სულ ეძინება, შეიძლება ქუჩაში დარჩეს და პურის ფული არ ჰქონდეს, ან ნაგვის მანქანაზე იმუშაოს, ან კიბეზე დაჯდეს და მათხოვრობა დაიწყოს, ან ნაგავში იქექებოდეს. ამიტომ წიგნები უნდა გიყვარდეს, სკოლაში კარგად ისწავლო. რაც მთავარია, არ უნდა იზარმაცო და დედ-მამას უნდა დაუჯერო, რასაც გარიგებენ. წიგნი უნდა გიყვარდეს, რასაც გასწავლიან, უნდა აითვისო, თორემ უკვე დიდი რომ იქნები, დაჯდები, თავში ხელს წამოირტყამ და იტყვი: ნეტა, ეს მესწავლა და მასწავლებლისთვის დამეჯერებინაო.

დაკარგული ნივთი
ერთხელ როცა პატარა ვიყავი, კარადიდან საფულე გადმოვაგდე. მე მეგონა, რომ ის გარდერობის უკან იყო, მაგრამ რომ შევიხედე, იქ არ ჩანდა და ძალიან შემეშინდა. დედა რომ გაიგებს, ხომ მეჩხუბება-მეთქი. გული შიშისგან ძალიან მიძგერდა. შემოვიდა დედა ოთახში, რაღაც უნდა ეყიდა. ეძება საფულე ყველგან, მეც შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი, რომ დავკარგე-მეთქი. დედა გავიდა ოთახიდან, მე შევძვერი საწოლებს ქვეშ და თურმე საფულე იქ ყოფილა! გავურბენინე დედას, მან ხელი გადამისვა თავზე, მაკოცა და გადაუხადა გამყიდველს ფული. მეც გახარებული დავრჩი. მერე ვუთხარი, რომ ეგ საფულე მე დავკარგე-მეთქი. დედამ ერთი კარგად მომცხო და გამიშვა. მე მამას ვუთხარი, რომ დედამ მომცხო-მეთქი. მამას კი გაეცინა.
კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება გამოიგონოს მანქანა, რომელიც იფრენს სინათლის სიჩქარით. ასევე ავტომატური სახლი, ტაშს რომ დაუკრავ, - გაიშლება. კიდევ ხელოვნური გული, რობოტი, რომელიც ადამიანის ბრძანებას ემორჩილება, ისეთი თვითმფრინავი, რომელიც არ გამოჩნდება. ისეთ აპარატსაც გამოიგონებენ, მუნჯს რომ აალაპარაკებს. ეს ხომ სასწაული იქნება, ღმერთის სასწაული!
რას ფიქრობს წვიმა
მე წვიმა ვარ, მე იმიტომ მოვდივარ, რომ მინდა ზაფხულში ქვეყანა გავაგრილო. ხალხს ზაფხულში სცხელა. როცა მოვდივარ, ხან ცხელა, ხან ცივა. მაგრამ ბუნებაში ასეა და ჩვენ რას ვიზამთ! ღმერთმა ასე ინება და შექმნა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ზამთარში რომ მოვდივარ, ცივა. მე ძალიან მეცოდება ხალხი. ზოგს უჭირს, ზოგი მათხოვარია და ამიტომ მეცოდება, მათხოვრებს რომ სახლ-კარი არ აქვთ, ეს არ მიყვარს. ზამთარში რომ მოვდივარ, მათ ძალიან სცივათ, რადგან თავზე ვაწვიმებ. არ მინდა, ჩემზე ცუდი რამე იფიქროთ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. ვიცი, რომ გჭირდებით კიდეც.
პეპელა
მე ვარ პეპელა და მხოლოდ სამ დღეს ვცოცხლობ. მე ძალიან მიყვარს ფრენა და მიყვარს ჩემი სამშობლო, სადაც დავფრინავ. ასევე ძალიან მიყვარს ყვავილები, მათი სურნელი და მათი გემო. თავიდან, როცა ფრენას ვსწავლობდი, ძალიან ბევრჯერ ჩამოვვარდი და დავშავდი. მე ვიჩეკები ჭუპრიდან. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები და ჩემი და-ძმა. ჩვენს ოჯახში მხოლოდ ორი დღე დაგვრჩა სიცოცხლისა. ამ დროს სიკეთისათვის გამოვიყენებ.
გზა
ზოგი გზა აღმართია, ზოგი - დაღმართი, ზოგი - ფართო, ზოგიც - ვიწრო. ადამიანებიც დადიან ამ გზებზე. ზოგს გზაზე სიარული უჭირს, ზოგისთთვის კი ადვილი გასავლელია.გზები სხვადასხვა ადგილას მიდის: ზოგი რუსთავში, ზოგი თბილისში და ასე შემდეგ. ასე რომ, გზა უნდა არსებობდეს და არსებობს კიდეც.მე მინდა, რომ ჩემი გზა ხან სწორი იყოს, ხან აღმართი.

ტყეში
მივდივარ ტყეში... ჩიტების ჟღურტული ყურთასმენას ატკბობს. ჩანთა სავსე მაქვს ნუგბარით. ჩამოვჯექი მინდორში. ჩიტებსაც ვუყრი ნამცეცებს და ვუყურებ, როგორ კენკავენ აფრთხიალებულნი. დიდხანს ვზივარ და სილამაზით ვტკბები. ბოლოს სახლისკენ მივდივარ. გზად შოშიები, კოდალები და ბევრი ფრინველი მხვდება. მაქებენ ჩემი სიკეთისთვის და ფრთების ქნევით მემშვიდობებიან.

ღიმილის ფასი
როცა ადამიანი მეორეს ხვდება, უღიმის, ესალმებიან ერთმანეთს და მიდიან. ღიმილს დიდი ფასი აქვს. მაგალითად, მანქანიდან შენს ნაცნობს რომ დაინახავ და გაუღიმებ, ან ფანჯრიდან ახლობელს ღიმილით მიესალმები, ეს ხომ კარგია, ეს ხომ პატივისცემად ითვლება! მე ასე მგონია და ასე ვიქცევი ყოველთვის - ვუღიმი ახლობლებს, მეგობრებს, ჩემთვის საყვარელ ხალხს და მიხარია, რომ ჩემს ღიმილს ძალა აქვს.

მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, პირველ რიგში, ბავშვებს გულიანად ვასწავლიდი საგნებს, როგორც ყველა კარგი მასწავლებელი იქცევა. მოსწავლეებს სანიმუშოდ აღვზრდიდი. ისინი დამჯერენი იქნებოდნენ და ძალიან არ გამაბრაზებდნენ. ზოგს რომ უბრაზდები, მაინც ვერაფერს აგებინებ, მაგრამ თუ ბავშვი დამჯერე და ყურადღებიანია, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ასწავლიან.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .