Tuesday, March 23, 2010

მარიამ ქურხაშვილი - 2009 წელი

ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის კეთილი, ლამაზი, განათლებული, ჭკვიანი, გულკეთილი და შრომისმოყვარე. მას უყვარს ბავშვები. მათთვის ზრუნავს, ასწავლის ანუ ამეცადინებს ქართულში, მათემატიკაში და ასე შემდეგ. მანანა მასწავლებელი გულით გამოვიდა მასწავლებელი. მან იცის, როგორ უნდა მოეპყრას ბავშვებს, როგორ უნდა ასწავლოს იქამდე, სანამ მეოთხე კლასში არ გადავლენ. მან იცის, რომ წყნარად უნდა აუხსნას გაკვეთილი. ჩემი მასწავლებელი არ არის მკაცრი, არც ცუდად ექცევა ბავშვებს. მას ბავშვობაშიც ჰქონდა სურვილი მასწავლებელი გამოსულიყო და როცა გაიზარდა, ეს სურვილი აუხდა, აიყვანა კლასი და ახლა ჩვენ გვასწავლის. მერე ჩვენ გადავალთ მე-4 კლასში, სხვა მასწავლებელი შემოვა და ის გვასწავლის, ქართულში კი მანანა მასწავლებელი დარჩება.



უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი არის ზარმაცი, უქნარა, უზრდელი, უკულტურო. უსწავლელ კაცს ვერაფერში ვერ გამოიყენებ, რაც არ უნდა დაგჭირდეს. ადამიანი უნდა იყოს ცოცხალი და არა ზანტი, გამოთქმა რომ არის, მკვდარი ხარ თუ ცოცხალიო? ადამიანი უნდა იყოს ყველაფრით კარგი, სიცოცხლით სავსე! უნდა უყვარდეს მუშაობა, იყოს წიგნის მოყვარული. ხელი უნდა გაანძრიოს, მერე როგორ დაგიძახებს ყველა მშრომელ კაცს! როგორ იტყვიან: ეს არის ნამდვილი ზრდილობიანი, მშრომელი ადამიანიო და შენც გაუღიმებ და ეტყვი: გმადლობთო. ამას არაფერი სჯობია. ციდან კი არ იყრება ყველაფერი. რასაც მოისურვებ, უნდა შესთხოვო ღმერთს და მაშინ ნატვრა აგიხდება. განა იმას შეგისრულებს, რომ სთხოვო, სიმდიდრე მომეციო. ღმერთი იფიქრებს, ეს ვინ ყოფილაო. ადამიანი თუ სიკეთეს გააკეთებს, თუ გაჭირვებულებს დაეხმარება, მაშინ შეგისრულებს ღმერთი ყველაფერს. ეს ნაღდი კაცის გაკეთებული საქმეა.



მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებს კარგად მოვექცეოდი, არ ვუყვირებდი, თუ ვერ გაიგებდნენ, წყნარად ავუხსნიდი. რომელი საგანიც კარგად მეცოდინება, იმის მასწავლებელი გამოვალ.
მე მიყვარს, სხვას რაღაცას რომ ვასწავლი, ისინიც ყურადღებით რომ მისმენენ.
მე კარგი მასწავლებელი გამოვალ, ასე მაქვს ჩაფიქრებული, თუ არაფერი შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში. ამისი დიდი იმედი მაქვს. ჩემს კლასში ბავშვებს იმის ნებას არ მივცემ, თავდაყირა დადგნენ, ირბინონ, სკოლაში სათამაშოები მოიტანონ და გაკვეთილზე თამაში დაიწყონ. მობილური ვინმემ რომ მოიტანოს, არ მივცემ, სანამ გაკვეთილი არ დამთავრდება.



შემთხვევა ტყეში
მე ტყეში დავიკარგე. რა ვქნა, ვიტირო? ტირილით რამე ხომ არ გაკეთდება და ხომ არ შეიცვლება! ამიტომ პატარა სახლი ავიშენე. კარავი მქონდა წაღებული, ბალიში და გადასაფარებელიც ზურგჩანთაში მეწყო. ძალიან მეშინია. კარავში ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, როგორ წავიდე აქედან, როგორ გავაღწიო ამ უდაბური ტყიდან თავი ისე, რომ არაფერი მომივიდეს და სახლში მშვიდობიანად მივიდე. საღამოობით ძალიან ცივა. მერე რა, რომ კარავში ვზივარ, კარავი რას მიშველის. დილაობით, ასე 7 საათისთვის, სოკოზე გავდივარ. მიმაქვს პატარა კალათი. აბა დიდი ან საშუალო ზომის არჩევანი მე არ მაქვს. ცოტ-ცოტა სოკოს ვკრეფ, ბევრი რომ მოვიტანო, მაინც ვერ შევჭამ, ტყუილად უნდა მეწყოს. ადამიანური საჭმელები მე არ მაქვს, ფული მე არ მაქვს, რომც მქონდეს, რად მინდა. ფული ქალაქში დაგჭირდება. მაღაზიაც არ არის.
როგორც იქნა, დედამ და მამამ მომაგნეს, წამიყვანეს სახლში. ამის შემდეგ კარგად ვცხოვრობთ.



პეპელა
მე პეპელა ვარ. პეპელა მხიარული მწერია. მე შხამიანი პეპლებისგან განვსხვავდები სილამაზით. თუმცა ისინიც ლამაზები არიან. მე მხოლოდ სამ დღეს ვცოცხლობ. ყველანაირად ვცდილობ, თავი უბედურებისგან დავიცვა. სამ დღეში ვერაფერს ვასწრებ. რვა დღე მაინც ვცოცხლობდე. მე ბავშვები კი მიყვარს, მაგრამ ზაფხულში ისინი დიდის ამბით პეპლის საჭერით მიჭერენ, სათითაოდ ორივე ფრთას მაძრობენ. ეს ხომ დიდი უბედურებაა ჩემთვის! ერთი თხოვნა მაქვს, ბავშვებო, გათამაშებთ, გაგართობთ, ოღონდ ნუ დამიჭერთ, სამი დღის სიცოცხლე შემარგეთ!



ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენ ქართველები ვართ და ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ნუ დავამახინჯებთ სიტყვებს, ნუ ვილაპარაკებთ უცხოურ ენებზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ენა, სარწმუნოება და უკვდავება. ღმერთმა იმისთვის გაგვაჩინა ქართველები, რომ ქართულად ვილაპარაკოთ, გავაკეთოთ სიკეთე...
თავიდან მეც რუსულად ვლაპარაკობდი, “ჭაღის” მაგივრად “ლუსტრას” ვამბობდი. მერე თანდათან ვასწორებდი მე ამ სიტყვებს. ახლა კი ქართულად ვლაპარაკობ. ჩემი სურვილია, ყველამ ერთად შევისწავლოთ ქართული ენა და შევიყვაროთ დედასავით.




დაკარგული ნივთი
ერთხელ საბავშვო ბაღში დავკარგე ბარბი, ჩემი საყვარელი თოჯინა. ბევრი ვეძებე ხან იქით, ხან აქეთ, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე. ჩემი ბაღი ახლოს იყო და ხშირად მარტო დავდიოდი. რომ ვერ ვიპოვე, ძალიან გავბრაზდი და დავიწყე ტირილი. მასწავლებელმა დამაწყნარა და მითხრა, დედამ დაგირეკა, სახლში წადიო. მივდივარ გამწარებული, გაბრაზებული, ლამისაა, ცეცხლი მომეკიდოს! მივედი სახლში გაწითლებული და დედას ვუთხარი: თოჯინა დამეკარგა-მეთქი. დედამ მითხრა: შენ ნუ ინერვიულებ, ახალს გიყიდიო. ანდაც ხვალ იპოვიან, ერთი ეს მითხარი, როგორ დაგეკარგაო? - როგორ და ჭრელად! - როგორ გაქრა? -არა, ვთამაშობდი, მერე სადილის დროც მოვიდა. ძიძამ მითხრა, თოჯინა მომეცი და ჭამეო. მეც მივეცი, ავდექი, რომ ვჭამე და იქ აღარ დამხვდა-მეთქი.
გათენდა მეორე დილა. წავედი ბაღში, მომცეს ჩემი თოჯინა. მე სიხარულისგან ცას ვეწიე და მასწავლებელს ვკითხე, სად იყო-მეთქი? აი, იმ ბავშვმა აიღო, თამაშობდა და სახლში გაჰყვაო. სად იყო და სად არა, უნდა მეცემა ეს ბავშვი, მაგრამ შემაჩერეს. წავედი სახლში ბედნიერი და გახარებული.



ღიმილის ფასი
ღიმილი ადამიანს ძალიან ამშვენებს. რაც არ უნდა ლამაზი იყო, უფრო ლამაზი გამოჩნდება, რომ გაიღიმებს. შევადაროთ ახლა მომცინარი და ნაღვლიანი ადამიანი. ნაღვლიანი ადამიანი სულ მოწყენილია, წარბებშეკრული, არაფერზე ეღიმება და ეშმაკს ჰგავს. მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, როცა იღიმება, უხარია და კარგ განწყობაზეა. ზოგიც კი ასეთია: არაფერი სასაცილო არ არის, მაინც სიცილისგან იგუდება. მაგალითად, მე ერთხელ მაღლა ვიყურებოდი და ირაკლი სიცილისგან კვდებოდა. ვერ გამიგია, აქ რა არის სასაცილო, ასეთი ჩვევა შეიძლება მრავალ ადამიანს ჰქონდეს.




ჩემს ძამიკოს
ჩემო ძამიკო, ხომ გახსოვს, პატარა რომ იყავი, დედამ სახლში რომ მოგიყვანა, მაშინ ყველა იქ იყო: დეიდა, მამიდა, ბებია, ბიძა, მამა. რომ მოგიყვანეს, ძალიან ვინერვიულე, დედას ეჭირე, მეც მინდოდა დედასთან, ამიტომაც წავედი ფეხსაცმლის მოსატანად. ყველას ეგონა, რომ მამაჩემთან წავიდოდი და ვითამაშებდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ფეხსაცმელი მოვიტანე, დედამ იფიქრა ალბათ, ჩაცმა უნდაო და მითხრა: მოდიო. მეც მოგიახლოვდი და ფეხსაცმელი თავში ჩაგარტყი. შენ კი ტირილი დაიწყე. ხომ მაპატიებ? მეგონა, რომ დედა მარტო შენი იყო და ამიტომაც გავაკეთე ეს. შენი მოშორება მინდოდა, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ დედა ორივესი ყოფილა. შენ კი გაიძახი: დედა ჩემია, მამა შენიო! ბებო ახლა დარდობს, მაგ დროს რატომ არ წაგიყვანე და არ გათამაშეო. დედას განა ახლაც დაგითმობ!




კეთილი ოჯახი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, მოხუცი. მას ჰყავდა ერთი შვილი და ცოლი. ეს შვილი რომ გაიზარდა, კარგი ვაჟკაცი დადგა, ოჯახს ეხმარებოდა. მშობლები სულ ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, ოღონდ მეორე შვილი გაგვიჩინე და შენ როგორც გსურს, ისე მოვუვლითო. დღეში მარტო ერთხელ შევჭამთ მე და ჩემი ქმარი კარაქიან პურსო და აი, მოხდა ეს საწაული და ოჯახს შვილი შეეძინა. მშობლებმა ღმერთს დიდი მადლობა გადაუხადეს. ეს შვილი გაიზარდა, დადგა ვაჟკაცი 18-19 წლის, მივიდა მამასთან და უთხრა, რაც მე მეკუთვნის, ჩქარა მომეცი, თორემ ორმოში დაგამწყვდევ და სიკვდილამდე იქ იქნებიო. გაიგონა თუ არა ბიჭის ხმა, დედამ მაშინვე შვილი ოთახში შეიყვანა და დაარიგა: შვილო, ეს ხომ შენი მშობელი მამაა, მამას როგორ გაუბედე ასე საუბარი! ვაჟმა უპასუხა: აღარ მინდა თქვენი გაზრდა, უკვე დიდი ვარ, უნდა წავიდე და ბედი ვნახო, შემდეგ ლამაზ გოგონას გავიცნობ, თუ მომეწონება, ცოლად შევირთავ და ბედნიერად ვიქნებიო. დედამ ისევ შეახსენა, წადი ახლავე მამაშენთან და ბოდიში მოუხადეო. მაშინ ბიჭი წავიდა მამასთან და ბოდიში მოუხადა. მამამ შვილი გულში ჩაიკრა და შერიგდნენ.
ბიჭმა კი საცოლე იპოვა, დიდი ქორწილი გადაიხადეს და ამის შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .