Tuesday, March 23, 2010

ნინო უსენაშვილი - 2009 წელი

გზა
ადამიანები სხვადასხვა გზით მიდიან. ზოგს უზრუნველი ცხოვრება აქვს, ზოგს რთული: პრობლემები არ ელევა, მაგრამ ეს გზაც ხომ თვითონ აირჩია. ზოგი გზიდან გადაუხვევს და რადგანაც პრობლემა აქვს, ცუდ რაღაცას ჩაიდენს: შეიძლება ვიღაცა გაძარცვოს, მაშინ კი დაიჭერენ. ჩემი აზრით, ღმერთს უნდა ენდო, ხელი გაანძრიო და ყველაფერი მოგვარდება. თითქოს არც არსებობდა ეს პრობლემა. შენს ბედს უნდა ენდო. პირველი საწყისი ეტაპია, როცა ბავშვი ხარ, შემდეგ სკოლაში მიდიხარ, სკოლას ამთავრებ, მერე _ უნივერსიტეტსაც და უკვე კაცი ხარ. გინდა კარგად ცხოვრობდე? პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო? მართალია, მილიონერი არ იქნები, მაგრამ ოჯახი გექნება. სიყვარულიც გექნება. ამაზე დიდი განძი რაღა გინდა? ასე რომ, თქვენი ასარჩევია, სწორი გზით წახვალთ, თუ უფრო მიხვეულ-მოხვეული გზით.


შემთხვევა ტყეში
ტყეში დავიკარგე. ახლა რაღა უნდა ვქნა, უნდა მოვიფიქრო, თუ როგორ გავაღწიო ტყიდან, ვფიქრობ, ვფიქრობ, - თავში არაფერი მომდის. დავდივარ ტყეში და დედაზე ვფიქრობ. ერთი დიდი მუხის ძირში დავჯექი და ტირილი დავიწყე. უცებ ჩემთან მოვიდა მწვანეთვალებიანი შველი და თვალები დამიბრიალა. როცა შევხედე, გაიქცა. მეც უკან დავედევნე და უცებ ველზე აღმოვჩნდი. ვფიქრობ, ნეტა რატომ არ დავუჯერე დედას, ის ხომ სულ მეუბნებოდა, მაფრთხილებდა, შორს ნუ წახვალ, დაიკარგებიო. რატომ არ მოვუსმინე მაშინ! მისი სიტყვებისთვის ყური რომ დამეგდო, ასე არ მოხდებოდა.
რაღაც მომესმა, მივიხედე და დედა დავინახე. გამეხარდა და დედას ჩავეხუტე. ამის შემდეგ დედას ვუჯერებ და მის ყველა დარიგებას ვიმახსოვრებ.



კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება კიდევ გამოიგონოს კალამი, რომელიც ვიდეოს იღებს, ეს ადამიანს იმიტომ დასჭირდება, რომ თავისი ცხოვრების ბედნიერი წუთები გაიხსენოს, ადამიანს შეუძლია გამოიგონოს ისეთი ხომალდი, რომლითაც სხვადასხვა პლანეტაზე ანუ შორეულ პლანეტაზე იმოგზაურებს. რა საინტერესო იქნება მოგზაურობა! რამდენ რამეს ნახავს ადამიანის თვალი. მე მჯერა, რომ ჯადოსნური დღეებიც დადგება ჩემს ცხოვრებაში, მე მსოფლიოს მოვივლი და ყოვლისმცოდნე ვიქნები.



მალე, გაზაფხულო, მალე!
როცა ზამთარი დგება, ბუნება იცვლება. არცერთი სულიერი აღარ ჭიკჭიკებს და არც ღრიალებს. მოვა თუ არა თეთრი ზამთარი, გადაგვაფარებს თეთრ საბანს. ყუჩდება ბუნება, რადგან ყველას ეშინია სიცივისა, ცხოველები დაეხეტებიან ტყეში, გაფაციცებით ეძებენ საკვებს. საწყალი ქორბუდები კი სიცივისგან იღუპებიან. ვის აქვს დრო მხიარულებისათვის, როცა ცხვირწინ ცივი და შეუბრალებელი ზამთარია. ყველა ელოდება გაზაფხულის დადგომას, მაგრამ ეჰ, ის ჯერ ძალიან შორია. მეც მინდა, რომ ზამთარი მალე წავიდეს, მაგრამ ის თავს არ გვანებებს. განა მარტო ცხოველებს უჭირთ ასე ცხოვრება? ადამიანებისთვისაც ძნელია. მალე, საყვარელო გაზაფხულო, მალე მოდი, როდის მოგვადგები კარზედა?



მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
ჩემო პატარებო, მე ახლა თქვენი მასწავლებელი ვარ. მე ნინო მქვია, უნდა შეგასწავლოთ კითხვა, წერა, მათემატიკა და სხვა. ბავშვებო, მე რომ თქვენი ტოლი ვიყავი, იცით, სწავლა როგორ მინდოდა? იმიტომ, რომ სწავლა ნატვრისთვალია, თუ ისწავლი, ყველა ნატვრა აგისრულდება, თუ არა, - სიბნელეში დარჩები, ამიტომ უნდა ისწავლოთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. მე თქვენ უსაზღვროდ მიყვარხართ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია. ბედნიერებაა, როცა მოსწავლეებს უყვარხარ, პატივს გცემენ. იშრომეთ, ისწავლეთ და გაისარჯეთ!


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უმაქნის კაცს არაფერი არ შეუძლია. ის მხოლოდ ოცნებობს, სულ ოცნებებშია გართული და ხელს არ ანძრევს, საქმე არ უყვარს, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ ჭამოს მუქთად. მთელი დღე ზის, ბრძანებებს გასცემს, ჰგონია, კარგ რამეს ვაკეთებო. იცით, ის როგორ ცდება! ხელს თუ არ გაანძრევს, რას მიაღწევს! მას იმდენი განათლება არ აქვს, რომ არ იცის, რომ ღმერთს შრომისმოყვარე ადამიანები უყვარს, უსაქმურები კი საშინლად სძულს. იმიტომ, რომ მათ არ იციან შრომის ფასი, შრომის სიყვარული. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მათ გული არ აქვთ, ხელის განძრევაც არ უნდათ, რომ საქმე გააკეთონ. ერთხელაც იქნება, ისინი გაკოტრდებიან, ხოლო კეთილი და მშრომელი ადამიანები გამდიდრდებიან, ავლენ იმ საფეხურზე, სადაც ბედნიერება და სიყვარულია.



ღიმილის ფასი
ღიმილი ადამიანს სულ თან დაჰყვება, თითქოს პატარა, ნაზი სიო იყოს. წარმოიდგინეთ: დედა რაღაცაზე წუხს, თითქოს მის თვალებში შავი ღრუბლები მოსჩანს და უცბად ხედავს, რომ თავის შვილს თვალები უბრწყინავს. თვითონაც იღიმის და ყველაფერი ავიწყდება. როცა მშობელი მღერის “იავნანას” ტკბილ ჰანგებს და როცა მისი პატარა იღიმება, დედას სიამოვნებს. მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ასეთი რამის თქმა იცის: რას იკრიჭები, პირი მოკუმეო! ამას მხოლოდ პირქუში ადამიანი თუ იტყვის, სულ წარბი რომ აქვს შეკრული, არავის არ ელაპარაკება, არც ურთიერთობს ვინმესთან . ის ალბათ ფიქრობს, რა საჭიროა ღიმილიო. მაგრამ ასე არ არის. ღიმილს დიდი ფასი აქვს. თითქოს პირში ტკბილი კანფეტი გიდევს. ეს სასიამოვნო და თბილი შეგრძნებაა. მე ძალიან მიადვილდება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი მეგობრები და მასწავლებლები ზუსტად ასეთები არიან.



ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ძალიან, ძალიან მიყვარს. რადგან ის თბილი, მხიარული და ჭკვიანია. ის ყოველთვის ყველაფერს კარგად მიხსნის. მან ყოველთვის იცის, როგორ იქნება ჩვენთვის ადვილი და როცა ასე გვიხსნის ყველაფერს, ძალიან ძნელი - იოლი ხდება. ის საინტერესო ამბებს გვიყვება ქართველ მეფეებზე. ჩვენ გვიყვარს მანანა მასწავლებელი, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე კარგი მასწავლებელია. მე ვამაყობ ასეთი სამაგალითო მასწავლებელი რომ მყავს. მე ვიცი, რომ სხვა მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ და აბა სხვა რა უნდა იფიქრონ! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ კარგ სკოლაში თუ ვისწავლიდი და ასეთი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მეყოლებოდა. ახლა კი იმდენი ვიცი, რომ ხანდახან ვფიქრობ, ამდენი როგორ ვისწავლე-მეთქი და მაშინვე პასუხს ვცემ საკუთარ თავს: აი, ამდენი ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა.



პეპელა
პეპელა ნაზი, ჰაეროვანი არსებაა. ცაში ლაღად დაფარფატებს, ხანდახან ვფიქრობ, პეპელა სამი დღე რატომ ცოცხლობს? მე რომ პეპელა ვიყო, ძალიან გამეხარდებოდა, ცაში ლაღად ავიჭრებოდი, იქიდან გადმოვხედავდი წკრიალა ანკარა წყაროს, რომელიც ნაზად მიღიღინებს მთებზე და ველებზე. რა დასანანია, რომ პეპელა სამ დღეს ცოცხლობს, მე ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობს პეპელა, როცა ის ნაზად ზის ყვავილზე.
ერთხელ მინდორზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენს წინ ყვავილებზე პეპლები ისხდნენ. რომ აფრინდნენ, თითქოს ცისარტყელა გაიშალა. ნაირნაირი პეპლები აქეთ-იქით დაფარფატებდნენ. ზოგი პეპელა მწვანე იყო, ზოგი თეთრი, ზოგიც კი ჭრელი. ბოროტი ადამიანები ამ ჰაეროვან არსებას ქვას ესვრიან, ეს ხომ არ შეიძლება! ის ჩემს დედას მაგონებს, მასავით ნაზია, და სწორედ ამიტომ გირჩევთ, პეპელას ქვას ნუ ესვრით, ბავშვებო, თქვენ მაშინ გერქმევათ კარგი ადამიანები. არ დაგავიწყდეთ ჩემი ნათქვამი! ნახვამდის.



ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
სიყვარული ეს არის წრფელი გრძნობა, რომლის გარეშე ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია. იმიტომ, რომ სიყვარული გულს აცოცხლებს და ეს გრძნობა რომ ადამიანს არ ჰქონდეს, გული ჩაუქრება, სიცოცხლეს ვეღარ განაგრძობს, ნელ-ნელა გაქრება ადამიანი. ხოლო სიყვარულით გარშემორტყმული ადამიანისათვის ყოველი დღე დღესასწაულია. მის თვალებში სინათლე, ბედნიერება და სიყვარული მოჩანს, რომელსაც ვერავინ წაშლის. სიყვარულის გარეშე ყველა ადამიანი დაიღუპება. მაგრამ ზოგი ადამიანი ამბობს: რაში მჭირდება ეს სიყვარული, უიმისოდაც კარგად ვიცხოვრებო. მაგრამ არა, არა! ადამიანმა სიყვარულის გარეშე რომ იცხოვროს, ის ადამიანი არ არის! მან არ იცის სიყვარულის ფასი! ის ყველაფერზე ძვირფასია, მე რომ ჩემი ოჯახის წევრები მიყვარს, ისინი რომ არ მყავდნენ, დავიღუპებოდი, ამიტომ ნუ იცხოვრებთ უსიყვარულოდ!

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .