ეს მე ვარ
მე მიხარია, რომ ათიანებს ვიღებ და დედას და მამას ვახარებ. მე კეთილი და ჭკვიანი ვარ. ძალიან მიხარია, ბევრი მეგობარი რომ მყავს და ყველას ვუყვარვარ. ვარ მოსიყვარულე, უფრო დიდი რომ გავიზრდები, ყველას ვაჯობებ და უფრო კარგი გოგონა ვიქნები, ყველა საგანში მაღალ შეფასებას დავიმსახურებ. როცა საშუალება მექნება, მასწავლებელსა და ჩემს მეგობრებს ჩემთან წავიყვან და გავამხიარულებ. მე ძალიან მიყვარს მასწავლებლები და ჩემი მეგობრები. მიხარია, რომ დედამ და მამამ ასეთ კარგ სკოლაში მომიყვანეს.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ დაბადების დღეს. ძალიან მიყვარხარ, სულ მეყვარები. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მეყვარები. რაც არ უნდა გაგიჭირდეს, სულ შენს გვერდით ვიქნები. გისურვებ ყველაფერს კარგს, ძალიან ლამაზი და გამბედავი ხარ, და ეს ძალიან მომწონს, გისურვებ წარმატებებს. ისეთი მშვენიერი და ახალგაზრდა ხარ, რომ შენით ყველანი ამაყობენ. მეც მინდა, რომ შენსავით ყველას ვუყვარდე.
ჩემი მეგობრები
ჩემი მეგობრები არიან კეთილნი, მზრუნველნი, გამბედავნი, ლამაზნი, უმშვენიერესნი. ისეთი კარგი მეგობრები მყავს, მე რომ გამიჭირდეს, დამეხმარებიან. მე ისინი ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ. ისინი არასოდეს არაფერზე დამცინიან და არაფერზე ვებუტები. ჩემი მეგობრები პატივს სცემენ დედაჩემს. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი კარგი მეგობრები მაჩუქა. მათით ძალიან ვამაყობ.
დედის თბილი ხელები
მე ძალიან მიყვარს დედიკო და თვითონაც ძალიან ვუყვარვარ, დედიკო არის ძალიან მოსიყვარულე. ისე ვუყვარვარ, ჩემს გამო ყველაფერს გააკეთებს. მეც პატივს ვცემ ჩემს მშობელს, რასაც მეუბნება, ყველაფერს ვუსრულებ. ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ, რომ დედიკო გავახარო. ის ძალიან კარგი ადამიანია. მეც მინდა, მასავით ჭკვიანი და კეთილი ვიყო. დედას რომ ჩავეხუტები, გული სითბოთი მევსება. ღმერთს მადლობა, ასეთი დედა რომ მაჩუქა, ასეთი მოსიყვარულე, ძვირფასი, სათნო დედა რომ მყავს.
შეცდომა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
მე ხანდახან დედას არ ვუჯერებდი, მინდოდა, რომ კარგი გამეკეთებინა, მაგრამ ცუდი გამომდიოდა და დედიკოც მიბრაზდებოდა. ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ, კიდევ იმას ვნანობ, რომ ხანდახან, როცა მეძახდა, არ ვპასუხობდი, ხმას არ ვცემდი. ასე რატომ ვიქცეოდი, არ ვიცი. მე ვპირდები ჩემს დედიკოს, რომ არასოდეს გავაბრაზებ, მას ხომ ჩემთვის მხოლოდ სიკეთე უნდა, მე კი ამას ვერ ვაფასებდი.
როგორი უნდა იყოს ადამიანი
ადამიანი უნდა იყოს მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი, ზრდილობიანი, სხვათა პატივისმცემელი, სამშობლოს მოყვარული, მეგობარს არ უნდა ეჩხუბოს, გული არ უნდა ატკინოს, თუ რამე აქვს, უნდა გაუნაწილოს, არასოდეს მოიქცეს უზრდელად, არ უნდა იყოს ამპარტავანი, ბოროტი, შურიანი, თორემ ღმერთი დასჯის.
ღამის ზღაპარი
მე ხან კარგი სიზმარი მესიზმრება, ხან ცუდი. პირველ რიგში კარგით დავიწყოთ: ვითომ მე და დედა სასეირნოდ მივდიოდით. ერთი სულ პაწია შვილი მიატოვა დედამ და ჩვენ სახლში წავიყვანეთ. მას ვუვლიდით და ვეფერებოდით. მე სიამოვნების გრძნობით გამეღვიძა. ახლა კი ცუდი სიზმარი: ვითომ მე, დედა და ჩემი მეზობელები მივდიოდით გზაზე. იქვე ახლოს ქურდები ეკამათებოდნენ ერთმანეთს. უცნობი კაცი უცებ დაიჭირეს და მოკლეს. მე ძალიან შემეშინდა და ვიკივლე.
მინდა, რომ მხოლოდ კარგ სიზმარს ვხედავდე და ვტკბებოდე.
წკაპ-წკუპ...
- წვიმავ, როგორ ხარ? ხანდახან ისე მაბრაზებ, რომ... მაგალითად, გუშინ როგორი წვიმა იყო, ძალიან მოწყენილი ვიყავი, თუ კიდევ ასე მოიქცევი, აღარ მეყვარები და ვისაც უყვარხარ, ყველას შესძულდები. ერთი კვირის წინ რამხელა წყალი იდგა, რატომ იწვიმე ამდენი?
- იმიტომ, რომ საჭირო იყო, - მპასუხობს წვიმა.
- მაინც რატომ იწვიმე ამდენი?
- მზემ გამაბრაზა და იმიტომ! - კვლავ ამბობს წვიმა.
ოცი წლის შემდეგ
მე ვმუშაობ და დედას და მამას ფულით ვეხმარები. დედა და მამა ჩემით ამაყობენ და მე ეს ძალიან მიხარია. ნეტავ, კარგი ოჯახი მქონდეს, - სულ ამაზე ვფიქრობ. ცოტა კიდევ რომ გავიზრდები, მერე გავთხოვდები, ოღონდ ძალიან გვიან არა. მე დედას და მამას ვპირდები, რომ სულ მათ გვერდით ვიქნები და რასაც მთხოვენ, ყველაფერს შევუსრულებ. მე მინდა, რომ ყველაფერი კარგად აგვეწყოს და ბედნიერები ვიყოთ. ბავშვობაში მე მიყვარდა სწავლა და ახლაც მიყვარს, ამიტომ მივაღწიე წარმატებებს.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
- გამარჯობათ ფოთლებო, როგორ ხართ? მე კარგად, თქვენ?
- ჩვენც კარგად!
- ერთი რაღაც უნდა გითხრათ: ძალიან ლამაზები ხართ, მე მომწონხართ და სხვისი არ ვიცი!
- გმადლობ, ასეთი თბილი სიტყვები რომ გვითხარი!
- არაფრის... ძალიან მომწონს, რომ ასეთი ლამაზები ხართ... ყველაზე მეტად თქვენში იცით, რა მომწონს? თქვენი სილამაზე, ნაზი შრიალი. ჩემგან რამე ხომ არ გწყინთ?
- არა, არაფერი, შენ ისეთი ლამაზი და თბილი სიტყვები გვითხარი, რატომ უნდა ვიყოთ გაბრაზებულნი?
- არ ვიცი, მეგონა, რომ რამე გაწყენინეთ.
- ჩვენ შენი ნახვა გვიხარია, რომ გვეჩურჩულები, ეს გვიხარია, კიდევ ის, რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ!
0 comments:
Post a Comment