Sunday, March 21, 2010

დანიელ თუნგია - 2008 წელი

ეს მე ვარ
მე მქვია დანიელ თუნგია, ვარ 8 წლის. ვსწავლობ სკოლა "მილენიუმში" და ვარ მეორე კლასის მოსწავლე. ჩემს მასწავლებელს ჰქვია მანანა ნოზაძე. ის გვასწავლის ქართულს, მათემატიკასა და კიდევ ბუნებას. მე ბევრს ვკითხულობ და ვსწავლობ, მაქვს ბევრი მოთხრობები წაკითხული. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჭკვიანი ვიყო. ასევე ჭადრაკსა და უშუზეც დავდივარ. ჭადრაკი მშვიდი თამაშია და ანვითარებს გონებას, უშუზე კი იმიტომ დავდივარ, რომ ვსწავლობ თავის დაცვას.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ დაბადების დღეს. შენ ხომ სასმელსა და საჭმელს გვაძლევ, სინათლესა და სითბოს, ჰაერსა და წყალს. მადლობა იმისათვის, რომ საკვებს გვაწვდი და გვასაზრდოებ. შენ ძალიან კეთილი და ლამაზი ხარ. რადგან გვეფერები, გვზრდი, სიცოცხლეს გვჩუქნი, ამიტომ ძალიან მიყვარხარ. გილოცავ იუბილეს. მუდამ ახალგაზრდა ყოფილიყავი!
წკაპ-წკუპ...
წვიმა მიწას ატალახიანებს, ადამიანებსაც ასველებს, მაგრამ მაინც კარგია, რადგან გამხმარ ხეებს აცოცხლებს. თან ახალ ხეებს არ აძლევს გახმობის საშუალებას. წვიმისაგან ფოთლები უფრო მწვანე ხდება. მიწიდან პატარა ბალახები ამოიწვერებიან. წვიმა სუფთა ჰაერს გვაძლევს, ადამიანები კი ამ კამკამა ჰაერით სუნთქავენ. ცეცხლი რომ წაეკიდება სახლს, წვიმა ჩააქრობს. წვიმა ბუნებას ალამაზებს, წვიმა ბუნების მშველელია.
ოცი წლის შემდეგ
მე კარგი ოჯახი და კარგი სამუშაო მაქვს. კარგი მეგობრები მყავს. ჩემი პროფესიაა იურისტი. ეს არის ადამიანი, რომელიც იჭერს ქურდს და ციხეში სვამს. ის იგივე ჯარისკაცია, რადგან სამშობლოს ემსახურება. მე 28 წლის ვარ. ჩემი ოჯახი ამაყობს ჩემით. ჩემი პროფესია არ არის ცუდი, უბრალოდ კარგია, რადგან ქალაქს ვიცავ ბოროტებისაგან.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
ფოთლები მწვანდება გაზაფხულზე. ისინი ხეზე იზრდებიან და ლამაზდებიან. ფოთლებს წყალი და ჰაერი სჭირდებათ, თორემ მზე თავისი სხივებით გაახმობს. ფოთლები სწრაფად კი არ მწვანდება, არამედ ნელ-ნელა ფერს იძენს. ყვავილებსაც აქვთ მშვენიერი ფოთლები, უხარიათ, როცა ზოგი ადამიანი მათ უვლით, ზოგ ფოთლებს კი სწყინთ, რომ არავინ უვლის და მცენარეებს ფოთლებს აგლეჯს.
მალე დადგება არდადეგები
მე არდადეგებზე მანგლისში წავალ და იქ დავისვენებ მეგობრებთან ერთად, ვითამაშებ წრეში ბურთს, მერე კი წყაროზე წავალთ, თევზებს დავიჭერთ. მწვადებს შევწვავთ ცეცხლზე და მივირთმევთ. ასე გამეორდება ხშირად. ამასობაში არდადეგებიც მიილევა, დავბრუნდები რუსთავში და სკოლისთვის მოვემზადები.
ღრუბლები
ღრუბლები ბამბასავი თეთრია და ისეთი ფუმფულა, გეგონება, რომ მასზე დაწვები და დავიძინებო. ღრუბლები წყლისგან და ჰაერისგან შედგება. როდესაც ღრუბლები მუქდება, მისგან წვიმა მოდის და ცუდი ამინდი დგება.
ღრუბლები სხვადასხვა ფორმას იღებს და რაღაცას მოგვაგონებს ხოლმე: ხან ცხოველებს ჰგვანან, ხან - ადამიანებს, ხან კიდევ - რას. მზიანი ამინდის დროს ღრუბლები ისეთი სანახავია, რომ თვალს ვერ მოწყვეტ.
ჩვენი ეზო
ჩვენი ეზო ლამაზია, მაგრამ ძალიან ხმაურიანია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს. ისინი ველოსიპედებით და როლიკებით სეირნობენ. ზოგი თამაშობს წრეში ბურთს, ზოგი - დახუჭობანას. ჩვენს ეზოში მამაკაცები შაშს თამაშობენ. ეზოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ხანდახან ბავშვები ცუდ სიტყვებს ამბობენ. მე ეს არ მომწონს.
აი, ასეთია ჩვენი ეზო.
რად მიყვარს ჩემი სამშობლო
ჩემი სამშობლო მიყვარს იმიტომ, რომ ის ლამაზია, აქ ავიდგი ფეხი და ვისწავლე ლაპარაკი. ბუნება ჩვენს სამშობლოში მრავალფეროვანია: მთები, მდინარეები, ზღვა მშვენიერებაა. აგრეთვე ის მზიანი და თბილი ქვეყანაა, რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს და ძალიან ბევრ სარჩოს გვაძლევს.სამშობლო, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, ჩვენ არ გაგვიჩენია. იგი უფალმა შექმნა, ისევე, როგორც ჩვენ, და მოგვცა ეს მშვენიერი ქვეყანა, რათა მოვუაროთ და დავიცვათ იგი.
ჩემი ქალაქი ღამით
ჩემი ქალაქი ღამით ძალიან ლამაზია. ცაში ვარსკვლავები ციმციმებენ, ხოლო ოქროსფერი მთვარე ნაზად ანათებს. ძველ დროში ქუჩებში სპეციალური ლამპები იყო, რომელსაც ადამიანები დადიოდნენ და გზას ინათებდნენ, დილით კი ჩააქრობდნენ ხოლმე. ღამის განათება იმიტომ არის საჭირო, რომ ადამიანებმა დაინახონ გზა. ამიტომ, თუ სინათლე არ იქნება, ძალიან ცუდია.
ახლა კი ქალაქის ქუჩები განათებულია სპეციალური ნათურებით. მაღაზიები მორთულია სხვადასხვა ფერების ნათურებით და ისინი უფრო ალამაზებენ ქალაქის ქუჩებს. ასეთია ჩემი ქალაქი ყოველ ღამეს.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .